ნათელაშვილი: საპატრიარქოს ნაშოვნი მილიონები თუ ჯიპის ფულები ეს 30 წელი რომ მოეხმარებინა ქართველი მუსლიმების წინაპართა რელიგიაზე მოსაქცევად, აღნიშნული ამბები არ მოხდებოდა

ბუკნარის პროცესებში მე დაზუსტებით ვხედავ ერდოღან-პუტინის სამომავლო გარიგებას აჭარა-გურიაში თურქეთ-რუსეთის ე.წ “სამშვიდობო” ძალების შემოყვანაზე თითქოსდა ერთმანეთს დარეული ქართველების დასაშორიშორებლად და ბათუმის პორტო-ფრანკოდ, ანუ თავისუფალ ქალაქად გამოცხადების სქემებს, რაც სამუდამო დაშორებაც გახდება.

რაც მთავარია, წარმოშობილი არეულობა ტუზივით დაეცემა ვითომ პოლიტიკიდან წასულ ივანიშვილს, რომლის პასუხისმგებლობა აღარავის გაახსენდება. ამიტომ, ვინც ხართ მანდ ჩათრეული საპროვოკაციოდ, ყველა წაეთრიეთ სახლებში, ხალხი კი თვითონ მორიგდება რამენაირად.

ისე ეროვნული სირცხვილია უპირველესად ეს ყველაფერი, ნუ გეწყინებათ და ჩვენი დანარჩენების არ იყოს არც ბუკნარელებია მაინცდამაინც ჯვარწამოკიდებული უფლის გზაზე ზუსტად მიმავალნი და არ იქაურმა მუსლიმებმა იციან სათანადოდ ყურანის სიღრმისეული ფილოსოფია თუ სურადან ციტატები. ამიტომ იმუშავეთ უპირველესად თქვენს თავებზე. ღმერთთან მიახლოებას არ სჭირდება მიტინგები და, მით უფრო, ჭიდაობა.

P.S ყველამ კარგად გაითვალისწინოს, 1921 წლის მარტში ასწლიანი ვადა ეწურება რუსეთ-თურქეთის, ლენინ-ათათურქის მოსკოვის ხელშეკრულებას ამიერკავკასიის და საქართველოს გაყოფაზე. ასე რომ, წინ ისედაც სხვა საფრთხეები გველოდება და ნუ დავასხამთ ანკარა-მოსკოვის წისქვილზე კიდევ მეტ წყალს.

ისე, საპატრიარქოს ნაშოვნი მილიონები თუ ჯიპის ფულები ეს 30 წელი რომ მოეხმარებინა ქართველი მუსლიმების წინაპართა რელიგიაზე მოსაქცევად, აღნიშნული ამბები არ მოხდებოდა. ამ წლებშიც იმდენი ახალგაზრდა აგზავნეს თურქეთის მედრესეებში, კიდევ კარგად ვართ-წერს ლეიბორისტული პარტიის ლიდერი, შალვა ნათელაშვილი ჩოხატაურის რაიონის სოფელ ბუკნარში მომხდარ მოვლენებზე.