ნათელაშვილი – ევროკავშირი აგებს პასუხს იმაზე, რაც ხდება საქართველოში

ის ევროპარლამენტარი დეპუტატები, ვინც აკეთებენ განცხადებებებს და მოგვიწოდებენ შევიდეთ პარლამენტში, მათ ქვეყანაში თუ მოხდებოდა ამგვარი გაყალბების ნახევარი მაინც, ქუჩაში იდგებოდნენ რევოლუციაზე პირდაპირ, – ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა განაცხადა.

„მათ ახლა დიპლომატიური უკავიათ და არ უნდათ, სხვა ქვეყნის საქმეებში ჩაერიონ უხეშად. ალბათ ამის გამოა ასეთი შემარიგებელი განცხადებები გაკეთებული, თორემ ვიმეორებ, ისეთი რამეს, რაც აქ მოხდა, თუ ექნებოდა ადგილი ევროპის ქვეყნებში, მივიღებდით ჩვენ პარიზის კომუნას და სხვა რევოლუციებს. კუბილიუსი ადრე ცოტა სხვა განცხადებებს აკეთებდა და ამხელდა ივანიშვილს ძალიან პრინციპულად იმ საქმეებში, რაც ჩანდა, როგორც ანტიევროპული, ანტიდემოკრატიული და პუტინის გემოვნებაში ჩამჯდარი. ახლა რა შეიცვალა, არ ვიცი. მინდა, მოვუწოდო ევროკავშირის წარმომადგენლებს, მათ საგარეო კომისარს, ევროპარლამენტის საგარეო პოლიტიკური კომიტეტის თავმჯდომარეს, ამგვარ დეპუტატებს, რომ მათ შორის, ევროკავშირი აგებს პასუხს იმაზე, რაც ხდება საქართველოში. ბიძინა ივანიშვილი ევროკავშირის მოქალაქეა, საფრანგეთის მოქალაქეა, სიმდიდრის გადასახადს იხდის ევროკავშირის და საფრანგეთის ბიუჯეტში. მის მიმართ მიდის პროტექციონიზმი, მაშინ როცა საფრანგეთის ექსპრეზიდენტი სარკოზი დაიბარეს და ტყავი გააძრეს, დააკავეს და დაკითხეს, გადაფარებული არიან მოკლედ ევროპული გარკვეული ჯგუფები ბიძინა ივანიშვილს. ეს ძალიან ცუდად დამთავრდება. ცუდად დამთავრდება საერთო ევროპული დემოკრატიისათვის“, – განაცხადა ნათელაშვილმა.

რაც შეეხება ელჩების პარლამენტის სხდომაზე მისვლას, ნათელაშვილი აცხადებს, რომ მათი მისვლა პარლამენტის ლეგიტიმაციას არ ნიშნავს.

„მისვლა პარლამენტში არ ნიშნავს პარლამენტის ლეგიტიმაციას, ისევე როგორც „ქართული ოცნების“ აქტივის გამოცხადება არ ნიშნავს იმას, რომ პარლამენტი შედგა. პარლამენტში უნდა იჯდეს ოპოზიცია, ის რვა პარტია, რომელიც აირჩია ხალხმა, რადგან ეს ასე არ მოხდა, ნიშნავს, რომ საქართველოს პარლამენტი არ ჰყავს. დიპლომატებს თავიანთი პროტოკოლი და წესები აქვთ, ისინი ვერ დაარღვევენ ამას, ვალდებულებიც არიან, რომ დაიცვან და შეასრულონ. ამდენად, ელჩების მისვლა, რაც არ უნდა პატივსაცემი ფიგურები იყვნენ ისინი, არ ნიშნავს, რომ პარლამენტი შედგა“, – განაცხადა ნათელაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიკუკავა – ალეკო ელისაშვილი ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროს ბიძინა ივანიშვილს
შემდეგი სტატიამელია რესპუბლიკელებზე : ნათლად ჩანს, რომ ისინი არ აპირებენ პარლამენტში შესვლას