„სასწავლო პროგრამები შემუშავებულია ისე, რომ თეორიულთან ერთად სემინარზევე ახდენ ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას“

natalia1ნატალია ქორჩილავა  ამჟამად ბუდაპეშტის კორვინუსის უნივერსიტეტის გამოყენებითი ეკონომიკის სპეციალობის სტუდენტია.საქართველოში,ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში,ეკონომიკის სამი კურსი დაამთავრა.

საზღვარგარეთ სწავლაზე ბავშვობიდანვე ოცნებობდა.სტიპენდიის შესახებ  უეცრად მეგობრისგან გაიგო და საბუთების შეგროვებაც დაიწყო.

ახსენდება ის წუთები,როდესაც ჩარიცხვის შესახებ  ინფორმაცია მიიღო და სიხარულსაც ვერ მალავდა.

ყველაზე მეტად განათლების სისტემის გამართულობითა და ლექტორების ენთუზიაზმითაა მოხიბლული.

თავისუფალ დროს მეგობრების ერთად მრავალფეროვან გარემოში ატარებს და სხვადასხვა კერძებს აგემოვნებს.

ქართული საჭმელებიდან ბუდაპეშტში განსაკუთრებული პოპულარობით ხაჭაპური ლიდერობს.

აქ სტაჟიორობას მაღალანაზღაურებად სამსახურად მიიჩნევს და ქართულისგან განსხვავებით არ იღქვამს,როგორც“პერსპექტიულ მონას“.

მოკლედ,რა გზა განვლო ბუდაპეშტამდე,რა სირთულეებს შეეჭიდა,როგორი სწავლების და დასაქმების სისტემაა იქ,ამ და სხვა საინტერესო დეტალებს ნატალიას ინტერვიუდან შეიტყობთ.

–გთხოვთ,მოგვიყვეთ თქვენი გზა საქართველოდან–ბუდაპეშტამდე….

– ამჟამად ბუდაპეშტის კორვინუსის უნივერსიტეტში ვსწავლობ,გამოყენებითი ეკონომიკის სპეციალობით. საზღვარგარეთ სწავლაზე ბავშვობიდან ვოცნებობდი. საქართველოში ,ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში,ეკონომიკის მიმართულება დავამთავრე. ვგეგმავდი, რომ საზღვარგარეთ მაგისტრატურაზე სასწავლებლად წავსულიყავი, უკვე შერჩეული მქონდა რამდენიმე უნივერსიტეტი და ვეძებდი სტიპენდიის პროგრამებს დაფინანსების თაობაზე. უნგრეთის მთავრობის სტიპენდიის შესახებ შემთხვევით გავიგე,როდესაც მეგობარმა სოციალურ ქსელში ბმული გააზიარა .გავეცანი ,იმ პერიოდში ჩემი მეგობარიც ამავე სტიპენდიის ფარგლებში უნგრეთში სწავლობდა .გადავწყვიტე,რომ აუცილებლად მეცადა ბედი და დავიწყე საბუთების შეგროვება. ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა,მაშინ ბაკალავარიატის მესამე კურსზე ვიყავი. პროგრამებს ვარჩევდი,მეგონა რომ ერთწლიან პროგრამაზე ვაგზავნიდი, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, სრულ სამწლიან საბაკალავრო პროგრამაზე გავგზავნე საბუთები.

–რა გრძნობა და რეაქცია გქონდათ,როდესაც გაიგეთ შედეგები?

–ძალიან ამაღელვებელი და ერთ–ერთი დაუვიწყარი მომენტი იყო შედეგების გაგება. ზაფხულში, სტატისტიკის ეროვნულ სამსახურში ვმუშაობდი, ვიცოდი რომ ძალიან მალე უნდა გამოეგზავნათ შედეგები და ელექტრონულ ფოსტაზე ყოველი მოსული წერილი განათლების სამინისტროდან მეგონა. სამსახურში ვიყავი, მეილზე,რომ მომივიდა. სანამ წავიკითხავდი, არ ვიცი რატომ, მაგრამ იმ მომენტში გავიფიქრე, რომ ეს ის წერილი იქნებოდა, რომელსაც ამდენი ხანი ველოდებოდი. დაუვიწყარი იყო ის ემოცია, რაც იმ წუთებში განვიცადე. თუმცა, ამავდროულად, არ იყო ადვილი  გადაწყვეტილების მიღება. შედეგები,რომ გავიგე და აღმოვაჩინე სრული დაფინანსება ისევ ბაკალავრიატის დონეზე, ვყოყმანობდი, წავსულიყავი თუ არა. ერთბაშად  ყველა გეგმა შემეცვალა ,3 წლიანი სწავლის შემდეგ, ისევ ხელახლა ბაკალავრიატის საფეხურზე დაწყება გარკვეულ სირთულედ მეჩვენებოდა. უნივერსიტეტის რეიტინგს გადავხედე,ვკითხულობდი ინფორმაციას მის შესახებ და მალევე მივხვდი, რომ ასეთ შანსზე უარი არ უნდა მეთქვა. შეიძლება ითქვას, რომ ბევრი რამის დათმობა მომიხდა, მაგრამ უნივერსიტეტში  შესვლისთანავე მივხვდი, რომ ამ გადაწყვეტილებას არასოდეს ვინანებდი.

–რას იტყოდით,სწავლებაზე?

–ჩვენგან განსხვავებით, ბაკალავრიატის დონეზე სწავლება სამწლიანია.სასწავლო პროგრამები ისეა შემუშავებული, რომ თეორიულთან ერთად სემინარზევე ახდენ ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას. ქართულისგან განსხვავებით, ყველაზე მეტად  გამოცდების სისტემა მომწონს. გამოცდებზე, სტუდენტს მოეთხოვება მხოლოდ ის, რაც ნამდვილად პრაქტიკულად გამოყენებადია. მაშინ, როდესაც ქართულ უნივერსიტეტებში ჯერ კიდევ უფრო თეორიული მასალა ისწავლება.ძალიან დიდი განსხვავებაა, ინფრასტრუქტურული და ლიტერატურული კუთხითაც.

ლექტორებს ყველანაირი საშუალება აქვთ მაქსიმალურად ეფექტიანად  გადასცენ სტუდენტებს თავიანთი ცოდნა. უნივერსიტეტს ძალიან დიდი ბიბლიოთეკა აქვს, მდიდარი ლიტერატურით, რაც საშუალებას აძლევს სტდენტებს, სურვილის შემთხვევაში დამოუკიდებლად, უფრო საფუძვლიანად გაეცნონ მათთვის საინტერესო საკითხს.

–როგორია სტუდენტური ცხოვრება?

რაც შეეხება სტუდენტურ ცხოვრებას, ძალიან მრავალფეროვანია. უნივერსიტეტში თითქმის ყოველდღე იმართება სხვადასხვა ღონისძიებები. ყოველდღიურად ხვდები ძალიან ბევრ ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლებს, რომლებიც ბევრ საინტერესო პროექტში ჩართვას სთავაზობენ სტუდენტებს. ასევე, ხშირად იმართება  საინტერესო საჯარო ლექციები.ეწყობა, დასაქმების გამოფენები, სადაც უამრავი, მსოფლიოს წამყვანი კომპანიაა წარმოდგენილი და რეალურად გაქვს დასაქმების შანსი. შეიძლება ითქვას, რომ უნივერსიტეტში მუდმივად არის სასიამოვნო ხმაური, ეს არის ნამდვილი სტუდენტური ცხოვრება, რაც კიდევ უფრო მარწმუნებს საკუთარი გადაწვეტილების სისწორეში.

–ლექტორები,აკმაყოფილებენ თუ არა თქვენს მოთხოვნებს?

რაც შეეხება ლექტორებს, ვიტყოდი რომ ძალიან მაღალი დონის და გამოცდილები არიან. ყველა მათგანი მაქსიმალურად იხარჯება, რომ სტუდენტებამდე რაც შეიძლება გასაგებად მიიტანონ თავიანთი სათქმელი. ითვალისწინებენ იმ ფაქტს, რომ ჩვენთვის არამშობლიურ ენაზე ვსწავლობთ, შესაბამისად ცდილობენ სწავლის პროცესი მაქსიმალურად გაგვიმარტივონ და ყველაფერი ჩვენთვის გასაგები გახადონ. თუ,სასწავლო მასალაში რამე გაუგებარია, შეგვიძლია ლექტორს დავეკონტაქტოთ და დამატებით შეხვედრას დაგვინიშნავს, სადაც დეტალურად განვიხილავთ პრობლემურ საკითხებს.ლექტორებში ყველაზე მეტად რაც მომწონს ,არის ის რომ მათთვის ყველა სტუდენტი თანასწორია. აქვე ისიც მინდა ავღნიშნო, რომ კარგი ლექტორების სიმცირეს საქართველოშიც არ ვუჩიოდი და რამდენიმე მათგანს განსაკუთრებული მადლობა მინდა,რომ  გადავუხადო  თავდაუზოგავი შრომისთვის.

–როგორ და სად ატარებთ თავისუფალ დროს?                                            

თავისუფალ დროს ხშირად ვიკრიბებით მეგობრებთან ერთად. შეიძლება ითქვას, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ძალიან მრავალეროვნული სამეგობრო შევიძინე. ყველანი ძალიან მეგობრულები არიან. საკმარისია, თუნდაც მხოლოდ ერთხელ შეხვდე და გაიცნო, შემდეგ აუცილებლად მოყვება გაგრძელება. ერთმანეთს საკუთარი მეგობრების წრეში ვპატიჟებთ, შემდეგ ისინიც გვაცნობენ თავიანთ მეგობრებს და ასე…თანდათანობით ძალიან ბევრი მეგობარი შევიძინე. ზოგადად, მიყვარს ახალი ხალხის გაცნობა და მიხარია, რომ ასეთ მრავალფეროვან გარემოში ვცხოვრობ. ერთად ყოფნისას ვსაუბრობთ საკუთარი ქვეყნის ისტორიაზე, კულტურაზე და ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას ვუზიარებთ. ხშირად  საერთაშორისო სადილებს ვმართავთ :ყველა თავიანთ ეროვნულ კერძებს ამზადებენ და გვაქვს შესაძლებლობა სხვადასხვა ქვეყნის სამზარეულო დავაგემოვნოთ ( უნდა ავღნიშნო, რომ ქართული ხაჭაპური ძალიან პოპულარულია). ასევე, თავისუფალ დროს ვათვალიერებთ ქალაქს, დავდივართ გასართობად და ა.შ.

–დასაქმების კუთხით,რას გვეტყოდით?                                            

ძალიან დიდი შესაძლებლობები აქვს სტუდენტებს დასაქმებისთვის, თუნდაც სწავლასთან შეთავსებით. აქ თითქმის არ არსებობს სტაჟირება ანაზღაურების გარეშე. ზოგიერთი კომპანია კი საკმაოდ მაღალ ანაზღაურებას უხდის სტაჟიორებს. ამაზე ყურადღება იმიტომ გავამახვილე, რომ აბსოლუტურად საპირისპირო სიტუაციაა საქართველოში, სადაც სტაჟიორი შეიძლება განიმარტოს როგორც „ პერსპექტიული მონა“, რომელსაც ძალიან დიდი ხანი უფასოდ უწევს მუშაობა. ამ პრობლემას აუცილებად უნდა მიექცეს ყურადღება, რადგან ძალიან ბევრ ახალგაზრდას სწორედ ამგვარი მიდგომა უკარგავს მოტივაციას.

–რა განასხვავებს ქართულ სასწავლო სისტემას უცხოურისგან?

–ქართულ საუნივერსიტეტო სისტემაში ყველაზე მეტად არ მომწონს დასაქმების პერსპექტივის არ არსებობა. ყოველწლიურად უნივერსიტეტები უშვებენ ათასობით პოტენციურ უმუშევარს. შედარებისთვის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში როდესაც ჩავაბარე, პროგრამა – ეკონომიკაზე ჩაირიცხა 400 სტუდენტი, მაშინ, როდესაც აქ სულ 2 ჯგუფია ეკონომიკის სპეციალობის: ინგლისურენოვანი და უნგრულენოვანი ,ჯამში დაახლოებით 55-60 ვართ. აქვე დავამატებ, რომ სახელმწიფოსთვის ძალიან პრიორიტეტულია განათლება. უნგრეთის სახელმწიფო დანახარჯების დაახლოებით 10%–ი განათლებაზე მოდის. ქართული საუნივერსიტეტო სივრცე საჭიროებს მნიშვნელოვან რეფორმებს, რომელიც საშუალებას მისცემს ქართველ სტუდენტებს ისწავლონ უმაღლესი დონის სახელმღღვანელოებით, ჰქონდეთ ის ინფრაქსტრუქტურა, რომელიც გაუმარტივებს სასწავლო პროცესს და რომელიც შედეგად მოიტანს იმას, რომ საკუთარ ქვეყანაშივე შეეძლებათ მიიღონ ისეთი განათლება, რომელიც ცხოვრებაში აუცილებლად გამოადგებათ. აქვე მინდა ქართველ სტუდენტებს ვურჩიო,რომ ყოველთვის ეცადონ დამოუკიდებლები იყვნენ და  გაიღრმავონ საკუთარი ცოდნა. ძალიან მიყვარს ერთი გამოთქმა- „ ცხოვრება გვაძლევს ზღვა შესაძლებლობებს, უბრალოდ ხანდახან ძალიან გვეზარება ცურვა“. მხოლოდ სწორად ჩამოყალიბებული და სწორ გზაზე ორიენტირებული ახალგაზრდა თაობა არის ქვეყნის წარმატების გარანტი. ამისთვის კი აუცილებელია,არ დაგვეზაროს ცურვა, საკუთარი და მომავალი თაობების უკეთესი მომავალისთვის.

–რა გეგმები გაქვთ?

–რაც შეეხება საკუთარ გეგმებს, ბაკალავრიატის დამთავრების შემდეგ მინდა მაგისტრატურაზეც რომელიმე წამყვან უნივერსიტეტში ვისწავლო, მივიღო საერთაშორისო დონის სამუშაო გამოცდილება.მაქვს ჩემი საოცნებო კომპანია, სადაც მინდა რომ ვიმუშავო ( ამ ეტაპზე ჩემთვის დავიტოვებ ).ძალიან მინდა ბევრი ვიმოგზაურო. საბოლოოდ კი,რა თქმა უნდა, ჩემი დანიშნულების ადგილი საქართველოა, მინდა ჩემი ცოდნა საკუთარ ქვეყანას მოვახმარო და მომავალი თაობებისთვის უკეთესი მომავლის შენების პროცესში ჩემი წვლილი შევიტანო.

თორნიკე დევაძე სპეციალურად “თაიმერისთვის”

 

 

banner
წინა სტატიაშიპოლიციამ “ორფეხოსან ქუჩის აქლემებს” ბრძოლა გამოუცხადა
შემდეგი სტატია23-ე სართულიდან 19 წლის გოგონა გადმოვარდა