ნატალია ილიჩოვას ადვოკატი- რუკა, რომელზეც პროკურორმა ისაუბრა, დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის წევრს თავად ილიჩოვამ გადასცა, რაც კიდევ ერთი არგუმენტია, რომ ილიჩოვა მას არსად მალავდა

ნატალია ილიჩოვას ადვოკატის, გიორგი მახარაძის განცხადებით, რუკა, რომლის შესახებაც დღევანდელ ბრიფინგზე პროკურატურამ ისაუბრა, ნატალია ილიჩოვამ გადასცა დელიმატია-დემარკაციის კომისიის წევრს, რაც ადასტურებს იმ ფაქტს, რომ ილიჩოვა რუკას არსად მალავდა.

„ზედაპირულად გავეცანი ჩანაწერებს, მაგრამ, მინდა, როგორც ნატალია ილიჩოვას ადვოკატმა, რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე გავამახვილო ყურადღება. პირველი – ჩვენ პროკურატურისგან არაერთხელ მოგვისმენია, თითქოს ნატალია ილიჩოვა რაღაც რუკებს მალავდა, ახლა პროკურატურის სპიკერმა პროკურორმა შემოგვთავაზა ახალი ფორმულირება, თითქოს ის რუკა, რომელიც ინახებოდა ქალბატონი ილიჩოვას კაბინეტში, წარმოადგენს, და ეს ნამდვილად ასეა, წარმოადგენს საქართველოს სახელმწიფო საკუთრებას. კი ბატონო, მაგრამ თავად პროკურატურას ვურჩევდი, კარგად გაეცნონ საქმის მასალებს, თუ საიდან აქვთ ეს რუკა ამოღებული.

ეს რუკა ამოღებული აქვთ ქალბატონი გაბუნიასგან, რომელიც არის სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელი, რომელიც არის დელიმატია-დემარკაციის კომისიის წევრი 2019 წლიდან, თავად გაბუნიაც ადასტურებს, რომ მას ეს რუკა გადასცა ქალბატონმა ნატალია ილიჩოვამ, რაც კიდევ ერთი არგუმენტია, რომ ქალბატონი ილიჩოვა ამ რუკას არსად და არავისგან მალავდა. პირიქით, როცა მოხდა კომისიაში სხვა წევრის მიერ მისი ჩანაცვლება, მან გადასცა რუკა მის ადგილმონაცვლეს.

ძალიან უცნაურია, რომ ქალბატონი ნატალია ილიჩოვას კაბინეტი გახდა რაღაც საკრარული ადგილი გამოძიებისთვის, რადგან ამ კაბინეტში ხუთი ადამიანი მუშაობდა და მათ გააჩნიათ საერთო სივრცეები, თან ამასობაში გაბუნია თავად ამბობს ჩვენებაში, როდის და რა ვითარებაში გადასცეს რუკა“, – განაცხადა ადვოკატმა.

გიორგი მახარაძის თქმით, საუბარი იმაზე, რომ ილიჩოვა რაღაცას მალავდა, საზოგადოებაში შესაბამისი აზრის ჩამოყალიბებას ემსახურება.

„გაბუნია თავად ამბობს, როდის და რა ვითარებაში გადასცა ქალბატონმა ილიჩოვამ ეს რუკები. დავუშვათ, როცა ადამიანი რაღაცას მალავს, ის თანამშრომელს არ გადსცემს რაღაც რუკას, რაც მგონი, ძალიან მარტივი საკითხია“, – განაცხადა ადვოკატმა.

გიორგი მახარაძის განმარტებით, დავით გარეჯის სასაზღვრო მონაკვეთი არასდროს არც ერთ ეტაპზე არ შეთანხმებულა.

„რაც შეეხება დავით გარეჯთან მიმართებაში, დავით გარეჯის მონაკვეთი, რომელიც არის სასაზღვრო მონაკვეთი, არ შეთანხმებულა არასდროს არც ერთ ეტაპზე, რაღაც წინადადებები ჰქონდათ მხარეებს მომზადებული თავიდანვე, როდესაც ჩვენი და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოსაზრებები ამ თემაზე არ დაემთხვა, ეს საკითხი გვერდით გადაიდო და დღესაც, როდესაც პროკურატურაში ბრიფინგზე ამბობენ, რომ დავით გარეჯის მონაკვეთი შეთანხმდა, ეს არის ტყუილი, თვითონაც იციან, რომ დავით გარეჯთან დაკავშირებით არაფერი შეთანხმებულა“, – განაცხადა ადვოკატმა.

რაც შეეხება პროკურატურის მიერ დავით გარეჯის საქმეზე გავრცელებულ ფარულ ვიდეო და აუდიო მასალას, ადვოკატის თქმით, მას ჯერ მხოლოდ ზედაპირულად გაეცნო.

„ვინაიდან ზედაპირულად გავეცანი ჩანაწერებს, ამ ეტაპზე ვერ გეტყვით, რომ ამ ჩანაწერმა რამე არსებითად შეცვალა. ძალიან უცნაურია, რომ ჩანაწერი, რომელიც ვიხილეთ, ოქტომბრამდე პერიოდშია გაკეთებული და აქამდე დაფარული იყო. გასაგებია ეს რატომაც იყო დაფარული, თუმცა, სამწუხაროდ, ამას სისხლის სამართლებრივი მიზნები არ აქვს, ამ დამალვას არ აქვს კავშირი მართლმსაჯულების განხორციელებასთან, წინა დღით, მტკიცებულებების გაცვლის ბოლო ვადამდე არის მცდელობა რაღაც გარკვეული აჟიოტაჟის“, – განაცხადა ადვოკატმა.

ამასთან, ადვოკატის თქმით, გავრცელებულ ჩანაწერებში ილიჩოვაზე საუბარი არ არის.

„რაც მოვისმინე, ქალბატონ ილიჩოვაზე ჩანაწერებში საერთოდ არ არის საუბარი. ბატონი ივერის და სხვა პირის საუბარიც რაც არის, რაც მოვისმინე, არ მგონია, რამე ახალი გარემოებები იყოს საქმისთვის. შესაბამისად, როცა სრული მოცულობით გადმოგვეცემა ფარულები ვიდეო-აუდიო ჩანაწერი, როცა გავეცნობი, შემდეგ შეგვეძლება დეტალურად ვისაუბროთ“, – დასძინა გიორგი მახარაძემ.

მახარაძის განცხადებით, დიდი ხანია, საქმიდან გამოყოფილია სხვა სისხლის სამართლის საქმე დაუდგენელი პირების მიმართ.

„ბოლო ორ კვირაში პროკურატურამ ორჯერ დაასრულა გამოძიება ამ საქმეზე, ერთხელ ათი დღის წინ და შემდეგ ბრალი დააზუსტა, ახლა კიდევ თქვეს, რომ დაასრულეს. უბრალოდ დრო აღარ არის წინასასამართლო სხდომამდე, თორემ ალბათ მესამე ჯერზეც დაასრულებდნენ ამ საქმეს. კიბატონო, მათი არჩევანია, როგორც უნდათ, ისე გააკეთონ, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება. რაც შეეხება იმ 200 ათასიან რუკას, რომელსაც მოიხსენიებენ 1937-38 წლის რუკად, ესეც მანიპულაციური განცხადებაა. ეს რუკა შედგენილია 1932-33 წლებში, საუბარია ოთხ რუკაზე, შედგება სხვადასხვა ნაწილისგან ნომენკლატურის მიხედვით და გამოცემულია 1937-38 წლებში“, – განაცხადა ადვოკატმა.

მისივე ინფორმაციით, დაცვის მხარე დააყენებს შუამდგომლობას ილიჩოვასთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლასთან დაკავშირებით.

პროკურატურამ ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას ბრალდების საქმეზე გამოძიება დაასრულა და საქმე განსახილველად საქალაქო სასამართლოს გადაეცა.

banner
წინა სტატიაშიბექა ძამაშვილი:დღეს უკვე სასამართლოს იურიდიულ დოკუმენტში წერია, რომ ცხინვალის რეგიონი და აფხაზეთი საქართველოს განუყოფელი ნაწილია
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილი: ეს არის ჩემი მთავრობის მეორე გამარჯვება