ნატალია ილიჩოვას ადვოკატებს საქმის დამატებითი მასალები გადაეცათ

სახელმწიფო საზღვრის სადელიმიტაციო-სადემარკაციო კომისიის ყოფილი წევრის, ნატალია ილიჩოვას ადვოკატებს საქმის დამატებითი მასალები გადაეცათ.

კერძოდ, ილიჩოვას ადვოკატებს გენერალურ პროკურატურაში იმ პირთა გამოკითხვის ოქმები გადასცეს, რომლებიც ბოლო დღეების განმავლობაში დაიკითხნენ.

ადვოკატების ცნობით, მათ შორის არის დავით ხიდაშელი, რომლის თქმითაც, ქართულ მხარეს რუკები გადასცა, ასევე მესაზღვრეები და სასულიერო პირი.

„დღეს, ჩვენ გამოვითხოვეთ დამატებითი მტკიცებულებები, რაც იქნა მოძიებული, კერძოდ კი, დაკითხვის ოქმები. მათ შორის გადმოგვეცა ხიდაშელის დამატებითი დაკითხვის ოქმი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე არის რამდენიმე მესაზღვრის ოქმები და სასულიერო პირის დაკითხვის ოქმი. ჯერჯერობით ვერ მოვახერხეთ ოქმების გაცნობა, რადგან სწორედ ახლა გამოვიტანეთ ეს მასალა. როდესაც გავეცნობით, შინაარსზე ამის შემდეგ მოგაწვდით დეტალურ ინფორმაციას“, – განაცხადა ნესტან ლონდარიძემ.

ამასთან, ადვოკატი მიიჩნევს, რომ საქმეში უნდა იყოს ყველა იმ პირის ჩვენება, რომელიც გარკვეულ ინფორმაციას ფლობს.

„ვფიქრობთ, რომ უნდა იყოს ყველა იმ პირის ჩვენება, რომელიც საქმესთანაა დაკავშირებული და მოეპოვება გარკვეული ინფორმაცია, თუმცა, ჩვენ ალბათ ვიხილავთ, რა ნაბიჯს გადადგამს პროკურატურა. ჩვენ ვნახეთ, ხიდაშელის პირველ ჩვენებაში საერთოდ არ იყო ივანიშილის გვარი ნახსენები და მხოლოდ სატელევიზიო ინტერვიუებით გახდა ცნობილი, ამიტომ, ჩვენ დიდი იმედი არ უნდა გვქონდეს, რომ მის ჩვენებას საქმეში ვიხილავთ.

ჯერჯერობით, ჩვენ მიერ საქმის დეტალური შესწავლა მიმდინარეობს, ასევე ჩვენს პოზიციებს ვაჯერებთ. საქმეშე რამდენიმე ადვოკატი ვართ ჩართული და მხოლოდ ამის შემდეგ დაიგეგმება ის ქმედება, რასაც განვახორციელებთ“, – აღნიშნა ნესტან ლონდარიძემ.

ადვოკატის განმარტებით, ჩვენებები მნიშვნელოვანია იქედან გამომდინარე, რომ მასალების გაცნობასთან ერთად, ბრალის საფუძვლიანობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგება.

„ყველა ჩვენება არის ძალიან მნიშვნელოვანი იქიდან გამომდინარე, რომ რაც უფრო მეტად ვეცნობით საქმის მასალებს, მეტად ვაწყდებით იმას, რომ კითხვის ნიშნის ქვეშ დგება საერთოდ ბრალის საფუძვლიანობა და დანაშაულის ნიშნების არსებობა ნატალია ილიჩოვასა და ივერი მელაშვილის ქმედებებში.

აქვე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქმეში არაერთი ჩანაწერია, სადაც პირდაპირ არის მითითებული, როგორ ახორციელებდა ივერი მელაშვილი პირიქით, ტერიტორიის დაცვას, როგორ ცდილობდა საქართველოს ფარგლებში მოქცეულიყო დავით გარეჯის მთლიანი კომპლექსი.

გარდა ამისა, ისიც მნიშვნელოვანია, რომ ბრალის წარდგენაში დავით გარეჯი მოხსენიებული საერთოდ არ იყო, პირიქით, მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის იქნა გაჟღერებული ეს ინფორმაცია, რომ ხალხის ემოციებზე მოახდინონ მანიპულირება“, – განაცხადა ნესტან ლონდარიძემ.

ამ წუთებში გენერალურ პროკურატურაში თავდაცვის ყოფილი მინისტრის და სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს ყოფილი ხელმძღვანელის, მინდია ჯანელიძის გამოკითხვა მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშისამეგრელოში თხილით დატვირთული მიკროავტობუსი გაიტაცეს
შემდეგი სტატიანახევარ ოცნებას კორონა რომ აქვს და ვირუსს რომ მაინც გირჩი ავრცელებს – ზურა ჯაფარიძე