ნატახტრის გზაზე, აქციის მონაწილეებსა და პოლიციის თანამშრომლებს შორის მცირე დაპირისპირება მოხდა

სამოქალაქო აქტივისტებმა ნატახტართან ცენტრალური მაგისტრალის გადაკეტვა სცადეს, ისინი ატოცში განვითარებულ მოვლენებზე ხელისუფლების უმოქმედობას აპროტესტებენ.

“გზის გადაკეტვას არ ვაპირებდით გვინდოდა, რომ ზებრაზე გაგვეკეთებინა ერთგვარი აქცია პერფორმანსი, ვინაიდან აქ ხშირად დადიან მანქანები რუსული ნომრებით, გაგვევლო ბანერებით, რომ რუსეთი ოკუპანტია, გვინდოდა გვეჩვენებინა რუსეთის მოქალაქეებისთვის, რომ მათი ქვეყანა ოკუპანტია და მათი პრეზიდენტი არის ოკუპანტი მკვლელი. ამის უფლებას არ გვაძლევს ქართული პოლიცია… საცობი შეიქნმას ჯობია ოკუპაციას,”- განაცხადა ერთ-ერთმა აქტივისტმა.

აქციის ორგანიზატორის, გიორგი მსხალაიას განცხადებით, პოლიციამ მათ აქციის გამართვის საშუალება არ მისცა. შელაპარაკება მცირე ფიზიკურ დაპირისპირებაშიც გადაიზარდა.

„როდესაც ვაპირებდით ზებრაზე გადასვლას, პოლიციელებმა ხელში აგვიყვანეს და გზის სავალი ნაწილიდან ძალის გამოყენებით გაგვიყვანეს. ჩვენ გზას არ ვკეტავდით, უბრალოდ, ერთი მხრიდან ზებრაზე პლაკატებით გადასვლა გვინდოდა და არ გვაძლევენ ამის საშუალებას. ახლა პოლიციას კორდონი აქვთ გაკეთებული და არ გვაძლევენ ზებრაზე გადასვლის საშუალებას“, – განაცხადა მსხალაიამ.

სამართალდამცველების ინფორმაციით, პროტესტის უფლება ყველას აქვს, თუმცა მაგისტრალზე გაჩერება და მოძრაობის შეფერხება არ შეიძლება.

banner
წინა სტატიაში„პატრიოტთა ალიანსის“ ახალგაზრდულმა მოძრაობამ პუშკინის სკვერში აქცია გამართა
შემდეგი სტატიატოცში არსებულ ვითარებაზე უკვე შედგა სატელეფონო ზარი ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებების თანათავმჯდომარეებთან