“ნარმანია საკუთარ სარეზერვო ფონდს 700 ათასი ლარით იზრდის”,

საკრებულოს დეპუტატები დღევანდელ სხდომაზე იმსჯელებენ 2016 წლის ბიუჯეტში შესატან ცვლილებებზე. უმრავლესობის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ეს ცვლილებები ეხება მხოლოდ თანხის შიდა გადანაწილებას, თუმცა სხვა მიმართულებებზე ამახვილებენ ყურადღებას ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები. მათი თქმით, ამ ცვლილებების მიხედვით 700 ათასი ლარით იზრდება მერიის სარეზერვო ფონდი და დედაქალაქის მერია ბიუჯეტის საკუთარ თავზე მორგებას ცდილობს წინასაარჩევნოდ.

“ისევდაისევ ხდება ამ ბიუჯეტის მორგება დავთ ნარმანიაზე და მის გუნდზე. ყველაზე თვალშისაცემია ის, რომ ამ ცვლილებით ნარმანია იზრდის 700 ათასი ლარით საკუთარ სარეზერვო ფონდს. როგორც ჩანს, მას წინასაარჩევნოდ კვლავ სურს გააგრძელოს მეგობრების, ახლობლების და მხარდამჭერების დაფინანსება“, – განაცხადა საკრებულოს ფრაქცია ნაციონალური მოძრაობა – თბილისის წევრმა ირაკლი ნადირაძემ.

თბილისის საკრებულოს ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარის თქმით, გარკვეულმა პროექტებმა დატოვეს ეკონომიები და აღნიშნული უნდა გადანაწილდეს პრიორიტეტებში.

“რეალურად ეს არის შიდა განაწილება ბიუჯეტისა, გარკვეულმა პროექტებმა დატოვეს ეკონომიები და აღნიშნული უნდა გადანაწილდეს პრიორიტეტებში და ჩვენ განვსაზღვრეთ, რომ აუცილებელია ამ ეტაპზე ისეთი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება, როგორიც არის მაგალითად წყალმომარაგების სისტემა“, – აღნიშნა ჯაბა სამუშიამ.

banner
წინა სტატიაშიევროპარლამენტის კომიტეტის სხდომაზე შესაძლოა, ევროპის სახალხო პარტია ერთსულოვანი არ იყოს
შემდეგი სტატიაპრემიერის შეხვედრა ჟურნალისტებთან 20:30-ზე დაიწყება