ნარმანია – საბოლოო სამომხმარებლო ტარიფის დასადგენად მნიშვნელოვანია, ჯერ ჰესებისა და თბოელექტროსადგურებისთვის გენერაციის ტარიფი განისაზღვროს

ჰესებისა და თბოელექტროსადგურებისთვის გენერაციის ტარიფები, რა თქმა უნდა, სამომხმარებლო ტარიფების გაანგარიშებაში მონაწილეობს, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს სემეკ-ის თავმჯდომარემ განუცხადა.

დავით ნარმანიას თქმით, საბოლოო სამომხმარებლო ტარიფის დასადგენად მნიშვნელოვანია, ჯერ ჰესებისა და თბოელექტროსადგურებისთვის გენერაციის ტარიფი განისაზღვროს.

„ჯერ დგება სადგურების ტარიფები, ვიდრე სამომხმარებლო ტარიფი დადგინდება და შესაბამისად, რა თქმა უნდა გენერაციის ტარიფის დადგენა გავლენას ახდენს სამომხმარებლო ტარიფზე. რადგან სხვადახვა სადგური სხვადასხვა გამომუშავებისა და სიმძლავრის არის. შესაბამისად, სხვადასხვა წილობრივი პროპორციით მონაწილეობს სადგურების ტარიფები საბოლოო სამომხმარებლო ტარიფის დაანგარიშებაში. რაც შეეხება მოლოდინს, სამომხმარებლო ტარიფთან დაკავშირებით, ჯერ კიდევ მიმდინარეობს გარკვეული საკითხების დაზუსტება. გენერაციის ტარიფებზე ჩვენ ყველანაირი გაანგარიშებები დავასრულეთ და მზად ვართ გადაწყვეტილების მისაღებად, ხოლო სამომხმარებლო ტარიფთან მიმართებაში ზუსტდება ცალკეული საკითხები და შესაბამისად, მოგვიანებით იქნება ცნობილი კომისიის გადაწყვეტილება“, – განაცხადა საქართველოს პირველ არხთან დავით ნარმანიამ.

შეგახსენებთ, დღეს მარეგულირებელი კომისია ჰესებისა და თბოელექტროსადგურებისთვის გენერაციის ტარიფს დაადგენს. ორშაბათს კი, მარეგულირებელი კომისია უკვე სამომხმარებლო ტარიფზე იმსჯელებს.

banner
წინა სტატიაშიკობახიძე – ნათელია, 8%-იანი მაჩვენებელი არის სიყალბე, რაც სამწუხაროდ, ამძაფრებს საფუძვლიან ეჭვებს ხელოვნური მანიპულაციის შესახებ
შემდეგი სტატიადავით ნარმანია – შემდგომი ორი წლის განმავლობაში მოსახლეობისთვის გაზის ტარიფი უცვლელი იქნება