ნარკოპოლიტიკა არ ეხმარება მომხმარებლებს და პირიქით, საზიანოა მათთვის – HRW კვლევა

“Human Rights Watch”-ის დასკვნით, საქართველოში ნარკოპოლიტიკა კვლავაც რეპრესიულია და ის უნდა შეიცვალოს.

დოკუმენტს ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაცია ბოლო 2 წლის განმავლობაში ამზადებდა და მასში მოხვდა, როგორც დღეს არსებული გამოწვევები, ისე კონკრეტული რეკომენდაციები.

საქართველოში არსებულ რეპრესიულ პოლიტიკაზე საუბრობს „Human Rights Watch”-ის ევროპა-ცენტრალური აზიის განყოფილების დირექტორის მოადგილე, რეიჩელ დენბერსი. მისი თქმით, არსებული ნარკოპოლიტიკა მომხმარებლებისთვის საზიანოა.

„ნარკოპოლიტიკა არ ეხმარება მომხმარებლებს და პირიქით, საზიანოა მათთვის, მომხმარებლები ციხეში ხვდებიან, რაც კიდევ უფრო სერიოზული ტრავმაა მათთვის, ასევე, უწევთ დიდი ჯარიმის გადახდა პირადი მოხმარების გამო. ამის შედეგია ის, რომ ოჯახები არიან ტრავმირებულები, იძულებულები არიან გადაიხადონ ჯარიმები და ხშირად კარგავენ სახლებს და ამასთან ერთად პოლიცია ათასობით ადამიანს ნარკოლოგიურ ტესტებს ხშირად უმიზეზოდ უტარებს,“ – განაცხადა რეიჩელ დენბერსმა.

პირადი მოხმარების და მცირე ოდენობის ფლობის დეკრიმინალიზაციის აუცილებლობაზე საუბრობს “Human Rights Watch”-ის სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობის დირექტორი, გიორგი გოგია. მისი თქმით, დოზების ოდენობა ამ დრომდე არ არის განსაზღვრული, რაც ძალიან მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს.

„უნდა მოხდეს პირადი მოხმარების და მცირე ოდენობის ფლობის დეკრიმინალიზაცია, ყველა ტიპის ნარკოტიკი იგულისხმება ამაში, იმიტომ, რომ ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემა, რომელიც დღეს ქვეყანაში არსებობს ნარკოპოლიტიკასთან მიმართებაში არის, რომ 75 პროცენტს ნარკოტიკული საშუალებების, არ გააჩნია მცირე დოზა,“ – განაცხადა გიორგი

“ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის” პროექტების კოორდინატორი, გურამ იმნაძე აცხადებს, რომ ნარკოპოლიტიკის გამკაცრება ნარკომომხმარებელთა შემცირებას ვერ უზრუნველყოფს.

მისი თქმით, არსებობს მსოფლიოში მაგალითები, რომ პირიქით, ლიბერალიზაციას მოუტანია დადებითი შედეგი მომხმარებელთა რიცხვის შემცირების კუთხით.

„არავითარი მტკიცებულება არ არსებობს ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციას თუ სიმკაცრეს შორის და მეორე მხრივ, ნარკომოხმარებლების რაოდენობას შორის. მთავარი პრობლემა, რაც დღეს ქვეყნას აქვს არის ის, რომ დღევანდელი პოლიტიკა ვერ უზრუნველყოფს ნარკოტიკის მოხმარებით გამოწვეული ზიანის შემცირებას და პრევენციას,“ – განაცხადა გურამ იმნაძემ.

banner
წინა სტატიაში(Video) “ქურდული გარჩევა” – შსს ფარულ ჩანაწერს ავრცელებს
შემდეგი სტატიამარეგულირებელი კომისიის უსამართლო და არაკონსტიტუციური გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ უნდა შეიცვალოს – კახიძე პოლიტიკური რეკლამის შესახებ რეგულაციაზე საუბრობს