ნარკოდანაშაულთან დაკავშირებული მუხლის არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით სასამართლო განცხადებას ავრცელებს

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის მოხმარებისთვის სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთის გამოყენებას ასეთი ქმედებისთვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული ან ნასამართლევი პირის მიმართ. აღნიშნულ გადაწყვეტილებას საკონსტიტუციო სასამართლო განცხადებით ეხმიანება.

„2016 წლის 17 და 20 ივნისს, აგრეთვე, ამავე წლის 4 ივლისს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რამდენიმე კონსტიტუციური წარდგინებით მიმართა საქართველოს უზენაესმა სასამართლომ და მოითხოვა საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის იმ წესის არაკონსტიტუციურად ცნობა, რომელიც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის მოხმარებისთვის.

საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონმდებლობის მიხედვით, თუკი საკონსტიტუციო სასამართლო განმწესრიგებელ სხდომაზე დაადგენს, რომ სადავო ნორმა შეიცავს იმავე შინაარსს, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლომ ადრე უკვე ცნო არაკონსტიტუციურად, სასამართლოს, საქმის არსებითი განხილვის გარეშე, გამოაქვს განჩინება სადავო აქტის ძალდაკარგულად ცნობის თაობაზე.

2015 წლის 24 ოქტომბრის N1/4/592 გადაწყვეტილებით საქმეზე „ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი ის წესი, რომელიც ითვალისწინებდა თავისუფლების აღკვეთას ნარკოტიკული საშუალება – მარიხუანის პირადი მოხმარების მიზნისთვის უკანონო შეძენა-შენახვის გამო. საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნულ საქმეზე დაადგინა, რომ უმიზნო და გაუმართლებელია თავისუფლების აღკვეთა პირისთვის ისეთი ქმედების გამო, რომელიც მხოლოდ მის ჯანმრთელობას შეიძლება აყენებდეს ზიანს და როდესაც არ არსებობს პირის მიერ სხვებისთვის ზიანის მიყენების საფრთხე. ამდენად, საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მარიხუანის პირადი მოხმარების მიზნით შეძენა/შენახვისთვის თავისუფლების აღკვეთა არაკონსტიტუციურია.

კონსტიტუციურ წარდგინებებთან დაკავშირებით, საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ სადავო ნორმა, ძველი გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმის მსგავსად, ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას, თუმცა ამჯერად, ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის უშუალო მოხმარებისთვის.

საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქმეზე “ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ” გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად ცნო სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა პირადი მოხმარების მიზნით 70 გრამამდე გამომშრალი მარიხუანის შენახვისათვის. პირადი მოხმარების მიზნით ამ რაოდენობით მარიხუანის შენახვა თავისთავად მიუთითებს მისი განმეორებით, ან თუნდაც რუტინულად მოხმარების რეალურობაზე და ამ პირობებშიც უკვე დადგენილია სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების არაჰუმანური ხასიათი. აღნიშნულიდან გამომდინარე, მარიხუანის განმეორებით ან არაერთგზის მოხმარება არ წარმოადგენს იმაზე მეტი საფრთხის შემცველ ქმედებას, ვიდრე მისი 70 გრამამდე პირადი მოხმარების მიზნით შენახვა. სასჯელი, რომელიც არაპროპორციულად იქნა მიჩნეული ამ უკანასკნელი ქმედებისთვის, ასევე არაპროპორციული იქნება მარიხუანის განმეორებით მოხმარებისთვის. შესაბამისად, სადავო ნორმით დადგენილი რეგულირება არ საჭიროებს პროპორციულობის არსებითი განხილვის ფორმატში ხელახალ შეფასებას.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სადავო ნორმა მიჩნეულ იქნა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის N1/4/592 გადაწყვეტილების დამძლევ ნორმად და ძალადაკარგულად იქნა ცნობილი“, – აღნიშნულია საკონსტიტუციო სასამართლოს განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიგიორგი ალიბეგაშვილმა შიმონ პერესის გარდაცვალებასთან დაკავშირებით სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა
შემდეგი სტატიაარსებული ინფორმაციით, ტყიბულში სატყეო დეპარტამენტის უფროსი დააკავეს