ნარკოდანაშაულში ბრალდებული ბაჩო სირაძე პატიმრობიდან გათავისუფლდა

ნარკოდანაშაულში ბრალდებული ბაჩო სირაძე პატიმრობიდან გათავისუფლდა. სირაძე სასამართლო დარბაზიდანვე გათავისუფლდა. მოსამართლე მერაბ ჯორბენაძემ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა და ბრალდებული 50 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. ამასთან, ბაჩო სირაძეს ჩამოერთვა საქართველოს მოქალაქის პასპორტი და პირადობის მოწმობა. ბრალდებულს ასევე აეკრძალა 22:00 საათიდან 08:00 საათამდე მუდმივი საცხოვრებლის დატოვებაც.

ბაჩო სირაძე ნარკოდანაშაულის ბრალდებით 21 მაისს დააკავეს. ის სამართალდამცველებს ნარკოტიკების ჩადებაში ადანაშაულებს.

ჩემი დაკავება არ მომხდარა, მოხდა ჩემი გატაცება, – ამის შესახებ ნარკოდანაშაულში ბრალდებულმა ბაჩო სირაძემ პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. მან დაკავების დეტალებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ნარკოტიკული საშუალება პოლიციამ ჩაუდო. სირაძის თქმით, მისი უდანაშაულობა მომდევნო სასამართლო სხდომებზე აუცილებლად დამტკიცდება.

“ყველაფერი გაყალბებულია ჩემს საქმეში. ნარკოტიკები ჩამიდეს. არც მინახია ნარკოტიკული საშუალება, ისე წამიყვანეს და მესამე დღეს მითხრეს, რომ მქონდა ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინი, რასაც რა თქმა უნდა არ ვეთანხმებოდი. მე უდანაშაულო ვარ და ეს დამტკიცდება მომდევნო სასამართლო სხდომებზე. ჩემი დაკავება არ მომხდარა, ჩემი გატაცება მოხდა. 4 საათის განმავლობაში არც დარეკვის საშუალება მომცეს, არც ადვოკატებთან შეხვედრის უფლება. 4 საათის შემდეგ მიმიყვანეს განყოფილებაში, სადაც ადვოკატებმა მითხრეს, რას მედავებოდნენ. მესამე დღეს კი გავიგეთ, რომ მედავებიან განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვას რაც აბსურდია. მე სრულიად უდანაშაულო ვარ”, – განაცხადა ბაჩო სირაძემ.

banner
წინა სტატიაში“პატრიოტთა ალიანსმა” შესაძლოა, სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად მერობის საერთო კანდიდატი წარადგინოს
შემდეგი სტატიამუსტაფა ემრე ჩაბუქის ადვოკატი სპეციალურ განცხადებს აკეთებს