„ნარჩენების რევოლუციიდან“ „სამი თითის ბუნტამდე“ – თბილისის შუქ-ჩრდილები

ფაქტი – „თბილსერვისის“ თანამშრომლები გაიფიცნენ.

გამოხატვა – კონსტიტუციური, მოთხოვნა მტკივნეული და ერთი შეხედვით, სამართლიანი.

შედეგი – დედაქალაქიდან ნარჩენების გატანა არ მოხდა.

პროტესტი თითქმის ერთი დღე გაგრძელდა და ამ ერთ დღეში ქალაქში სამი დღის სამყოფი ნაგავი დაგროვდა.

აქციაზე პრეტენზიების პარალელურად, მუქარაც გაისმა. ერთმა მონაწილემ – “ყელს გამოვიჭრი აქ, მოვიდეს კალაძე და მითხრას რატომაა უკმაყოფილო”.

მოკლედ, ვითარება დამძიმდა და „ნარჩენების რევოლუციის“ მოსაწყობად ნიადაგი ფაქტობრივად, გამზადდა, თუმცა, აქციის მონაწილეთა ერთმა ნაწილმა, მას შემდეგ რაც შეხვდნენ და ვითარება აუხსნეს, გაფიცვა შეწყვიტა. ადამიანის უფლებების დაცვის ეგიდით ქუჩაში გამოსულთა მეორე ნაწილმა, რომელიც აქციის გაგრძელებაზე ოცნებობდა, ურჩი კოლეგების დაბულინგება დაიწყო. ეს სისხლის სამართლის დანაშაულია და ალბათ, შესაბამისი ორგანოები გამოძიებას დაიწყებენ. მით უმეტეს, ბულინგის შესახებ განცხადება თბილისის მერმა გააკეთა.

ერთი დღით ქალაქიდან ნარჩენების არგატანამ ბუნებრივი პრობლემები წარმოქმნა. სიცხემ ლპობა დააჩქარა და ჰაერი უსიამოვნო სუნით გაიჟღინთა.

აქციის მონაწილეებთან შეხვედრის შემდეგ ცნობილი ხდება, რომ თბილისის მერი ღამით ნარჩენების გატანაში მიიღებს მონაწილეობას. აქედან დაიწყო „თავდავიწყება“. ნიკა მელია მიდის დიღომში, ჟურნალისტებთან ერთად და ნაგვის ურნის წინ აკეთებს განცხადებას: „სირცხვილია. იქ, სადაც ეპიდემია მძვინვარებს, ყველაფერს ემატება, კვლავ, პაპანაქება სიცხეში გაუსაძლისი ვითარება. ხომ გრძნობთ ახლა, რომ ყარს აქაურობა. ახლა ჩვენ ვართ დიდ დიღომში აი, ამ ნაგვის გამო და მთელ თბილისში არის ეს ვითარება. როგორც უნდათ, რანაირადაც უნდათ… შარშან კამპანიის ფარგლებში რომ ახეხინებდნენ, იგივე თბილისრესის თანამშრომლებს, ვითომ ეპიდემიას ებრძოდნენ. აი, ეხლა გამოვიდეს ბატონი კალაძე და მისი მოადგილეები კაბინეტებიდან, ეს პრობლემა თბილისელებს გადაუწყვიტონ და ხვალვე პირობა მისცენ თანამშრომლებს, რომ მოუმატებენ ხელფასს და მეორე, სწრაფადვე უთხრან როდის ჩააცმევენ ზაფხულის ტანსაცმელს საკუთარ თანამშრომლებს“.

მელიას შემეგ საქმეში ჟურნალისტებთან ერთად ლევან ხაბეიშვილი ერთვება, თუმცა „ნაცების“ მერობის კანდიდატისაგან განსხვავებით ის იქ მივიდა, საიდანაც კალაძეს თანამშრომლებთან ერთად ნარჩენები გაჰქონდა. ასეთ ვითარებაში ხაბეიშვილი თბილისის მერს «თბილსერვისის“ თანამშრომლებისათვის ხელფასის მომატებას სთხოვს. ტელევიზიით გავრცელებულ კადრებში კარგად ისმის როგორ ეუბნებიან ხაბეიშვილს – ნასვამი ხარ და წადი, დაგვტოვე. ხაბეიშვილი ამას არ აპროტესტებს და აკეთებს განცხადებას: „მეეზოვეს 400-500 ლარი აქვს ანაზღაურება და ამასობაში დედაქალაქის მერიაში არიან ჩინოვნიკები, რომლებმაც თანამდებობაზე ყოფნის დროს მილიონობით ლარის ქონება დააგროვეს. მართალია, სწყინთ და ბრაზობენ ამას რომ ახსენებ, მაგრამ ფაქტი ჯიუტია. დეკლარაცია შეუძლია ნებისმიერს გადაამოწმოს. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ამ ადამიანებს შეექმნათ ნორმალური პირობები, საცხოვრებელი, მათ შორის, იმიტომ რომ მათ სჭირდებათ ანაზღაურების გაზრდა. მაინტერესებდა, მერს ვკითხე, ცოტა გაბრაზდა. რაც მთავარია მომავალი წლიდანო, მაგრამ მომავალი წლიდან მას ბიუჯეტთან საქმე აღარ ექნება“.

პარალელურად, სოციალურ ქსელში ერთ-ერთი მომხმარებლის „ინფორმაცია“ გავრცელდა: „არაპროფესიონალები წაუყვანია კალაძეს დასუფთავებაზე და ვინმე კონტროლიორს გლდანში 3 თითი მოუჭრია მანქანაზე. „მეტი თავისუფლება ყველა უბანს“ სხვებიც წაყევით“.
სოციალურ ქსელში გავრცელებულ „ინფორმაციას“ „მთავარი არხი“ გამოეხმაურა: “მთავარ არხს” მოქალაქე დაუკავშირდა, რომელიც ამბობს, რომ კონტროლიორმა, რომელიც კალაძის დავალებით გლდანის ტერიტორიაზე ქუჩას ასუფთავებდა, სამი თითი დაკარგა“ და ის საავადმყოფოში გადაიყვანეს..

მიუხედავად იმისა, რომ არც ერთი კლინიკა მსგავსი პაციენტის მათთან მოთავსებას არ ადასტურებს, „ნაცელიტა“ დაზარალებულის გვარის დასახელებისა და ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე ცეცხლის გაღვივებას ცდილობს, თუმცა „ნარჩენების რევოლუცია“ მაინც არ შედგა – არ გამოვიდა სამი თითის ბუნტიც.

პირიქით, თბილისის მოსახლეობამ ქალაქის დასუფთავებაში მონაწილეობის სურვილი გამოთქვა და დედაქალაქის მერმა თანადგომისთვის ყველას მადლობა გადაუხადა. ვიცე-მერმა კი მომხდარის შეფასებისას პოლიტიკურ მოტივზე გააკეთა აქცენტი: „წინასაარჩევნო პერიოდია და ძალიან ცუდია, როდესაც ვხედავთ, რომ ოპოზიცია ასეთი მეთოდებით აპირებს წინასაარჩევნო კამპანიის მართვას, თუმცა ჩვენ ვიქნებით ჩვენი მოვალეობების სადარაჯოზე. ერთი ღამე გავათენეთ, ბევრი გაგვითენებია, კიდევ ბევრს გავათენებთ, თუ ქალაქს ამის საჭიროება ექნება. კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩვენსა და ჩვენს თანამშრომლებს შორის სადაო საგანი არ არსებობს. მათი პრეტენზიები და ჩვენი გეგმები სრულ თანხვედრაშია ერთმანეთთან. ხელფასის მატებაც მოხდა გასულ წელს, ამის შესაძლებლობა იქნება და კიდევ მოხდება; სპეცტექნიკაც შევიძინეთ და კიდევ შევიძენთ დამატებით, ასევე, უნიფორმებსაც. ძალიან კარგად გვესმის, რამდენად მნიშვნელოვანია სამუშაო პირობების შექმნა, გამართული სპეცტექნიკის, უნიფორმის და სხვა მატერიალური აღჭურვილობების ქონა, როგორც „თბილსერვის ჯგუფის“, ისე მუნიციპალიტეტის სხვა სამსახურების მიმართულებით, რათა სათანადოდ მოვემსახუროთ დედაქალაქს. კარგია, რომ დღეს შეთანხმება სახეზეა“, – განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

მოვლენების ამ კუთხით განვითარებამ, საზოგადოებას ნათლად დაანახა ვინ იდგა სინამდვილეში ე.წ. ბუნტის უკან.

ლევან ხაბეიშვილი, რომელსაც დასუფთავების სამსახურის თანამშრომლების ხელფასი თბილისის პარალიზებისას გაახსენდა, იმ დროს, როცა ნაცმოძრაობის პირველი თუ არა, არც უკანასკნელი „სკრიპკა“ იყო, მერიაში მუშაობის დროს 5400 ლარს იღებდა, მეეზოვეებს კი ამ დროს 250 ლარიანი ანაზღაურება ჰქონდათ, ე.წ. სპეცებს 300-350 ლარი, მძღოლებს კი 600 ლარამდე.

დღეს მეეზოვეს 625ლარი აქვს ხელფასი, სპეც მუშაკს- 950, დამხმარე მუშას 950 ლარი, მძღოლს კი 1095 ლარი. აი, ამ ხელფასს აპროტესტებდა ყოფილი ჩინოსანი. დიახ, არაა ეს დიდი ხელფასი, მაგრამ ყველა თანამშრომელმა შესანიშნავად იცის, რომ მათი ხელფასები კიდევ მოიმატებს, ყოველგვარი ბუნტისა და გაფიცვის გარეშე.

კიდევ ერთი საკითხი. პარტმუშაკები ასევე „აპროტესტებდნენ“ სპეცტანსაცმლის არარსებობას და უმძიმეს პირობებს.

«მე ვარ თბილსერვის ჯგუფის შრომის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი. აქედან გამომდინარე ჩემი უშუალო მიზანი და ამოცანაა დაცული იყოს თითოეული დასაქმებულის შრომის უსაფრთხოება და მათი ჯანმრთელობა! მე მზად ვარ თუ ვინმეს სურვილი ექნება, ჩემთან ერთად მოინახულოს დასუფთავების სამსახურის სასაწყობე ფართები საიდანაც ხდება ტანსაცმლის, ნიღბების გაცემა ყოველ დილით. გაეცნოს იმ ყოველდღიურ უსაფრთხოების ინსტრუქტაჟებს და სატრენინგო მასალებს, რომელიც უტარდებათ დასაქმებულებს, არა მარტო ქვედა რგოლში, არამედ მთლიანად სტაფს! აი, ამ ნაგავსა და მტვერში, უკვე ორი წლის მანძილზე, არც ერთ დასაქმებულს რომ არ ჰქონია კორონავირუსისგან დასნებოვნება და გართულება, ხელშეკრულება რომ გვაქვს კლინიკასთან, რომელიც 6000 თანამშრომელს ტესტირებას უკეთებს, ეს როგორ გგონიათ ხარჯების გარეშე ხდება? მობრძანდით და ნახეთ, ბატონებო და ქალბატონებო, დღეში რამდენჯერ ხდება ალკოტესტის და თერმოსკრინინგის მონიტორინგი. მერე კი, მერე სხვა სამსახურებში გავიდეთ და ვნახოთ სამუშაო პროცესში (თბილსერვისი მარტო დასუფთავების სამსახური არ არის, სხვათაშორის) თუ თქვენ ვინმეს ნახავთ, ან ძველი ფორმა აცვიათ, ან უფორმოდ არიან, თუ არ აქვთ საწყობიდან ხელმოწერით აღებული სრული აბრევიატურა, მაშინ თქვით, რომ ყველაფერი ეს ბლეფია და როგორც ერთგან წავიკითხე, ზაფხულში ზამთრის ტანსაცმელი აცვიათ! სამსახურის დაწყების წინ დასაქმებული შემოდის პირადად ჩემთან და ვერც ერთი ბრიგადირი ვერ გაბედავს და არც ყოფილა შემთხვევა, რომ ფორმის გარეშე სამუშაო ადგილზე გაეშვას ვინმე. თითოეული უბანი მოწმდება, სამუშაო პროცესში, დღეში სამჯერ უსაფრთხოების მონიტორინგის მიერ. ადგილზე მუშაობს პროფკავშირები, ნებისმიერი ინციდენტი და მკურნალობა ანაზღაურებადია საწარმოს მიერ, ყველა თანამშრომელი წელიწადში სამჯერ მაინც საჩუქრდება პრემიით და სადღესასწაულო საჩუქრებით. რა ვიცი, კიდევ ბევრი რამ და დეტალებისთვის ნამდვილად ვისაც დაგაინტერესებთ დამიკავშირდით და მობრძანდით როცა გნებავთ“ – წერს სოციალურ ქსელში ნინი ჭელიძე.

პასუხგაუცემელი კითხვა – მაშ რატომ მოხდა ის, რაც მოხდა?

ნაცებმა“ იციან, რომ ტყუილს მოკლე ფეხები აქვს და არჩევნებს ვერ მოიგებს. ისიც მშვენივრად უწყიან, რომ სამთითმოკვეთილი ადამიანის არსებობას ვერასოდეს დაამტკიცებენ. ისიც ცნობილია, რომ მერიამ 25 ნაგავმზიდი მანქანა შეიძინა და სამომავლოდაც ბევრი ცვლილება იგეგმება. თუმცა, რევოლუციისთვის – არა, სერიოზული ბუნტისთვის საკმარისი რომ იქნებოდა, ცოტა ხნით, მაგრამ მაინც, ეს ყველამ იცის და სწორედ ამიტომ გაიქცა, ჟურნალისტებთან ერთად, შუაღამისას დიდ დიღომში ნიკა მელია. სწორედ ამისთვის მიეჭრა (როგორც ამბობენ, ნასვამი) ლევან ხაბეიშვილი კალაძეს ნარჩენების გატანის პროცესში. ოპოზიცია, ამომრჩევლების ემოციებზე თამაშობს, უშვებს სიცრუის „ბოლს“ და ელოდება – ეგებ, შემთხვევით, ლუკმა ჯამში ჩავარდეს. არ ჩავარდა და ახლა, ალბათ, სხვაგან უნდა ველოდოთ „აფეთქებას“.

წესიერი ოპოზიცია გაჭირვების ჟამს, ხელისუფლებასთან ერთად ცდილობს პრობლემის გადაჭრას – ესაა ქვეყანაზე, ქალაქზე, ხალხზე ზრუნვა. ნაგვის გატანა-არგატანა რა მოსატანია, იმ ფონზე, როცა თბილისი წყალმა წაიღო, როცა ათობით ადამიანი დაიღუპა და როცა სრულიად საქართველო გლოვობდა, ოპოზიცია არც მაშინ დადგა ხელისუფლების გვერდით.

ეპილოგი: „ბავშვი ცხვრებს აძოვებდა. ვითომ მგელი დაინახა, დაიწყო ყვირილი: მიშველეთ მგელიო. გლეხები გაიქცნენ, ნახეს ტყუილი იყო. ასე მოატყუა მეორედ და მესამედ. მეოთხედ მგელი მართლა მოვიდა. ბავშვმა მორთო ყვირილი: არიქა, მიშველეთ, მგელიო. გლეხებს ეგონათ, კიდევ გვატყუებსო და ყურიც არ ათხოვეს. მგელი უშიშრად დაერია ფარას და დიდი ზიანი მიაყენა“. (იაკობ გოგებაშვილი, „ცრუპენტელა“).

პროგრესნიუსი

 

 

 

 

banner
წინა სტატიაში“აუცილებელია საქართველოს ოკუპაციის საკითხის აქტუალიზაცია საერთაშორისო ასპარეზზე და საქართველოს მთავრობის საქმიანობა არის ყველაფერი ამის საპირისპირო” – გიორგი კანდელაკი
შემდეგი სტატიასამხედრო ქალაქში გმირთა მემორიალი გაიხსნა