ნაფიცმა მსაჯულებმა გიორგი ოქროპირიძე დამნაშავედ სცნეს

თორმეტმა ნაფიცმა მსაჯულმა მიიღო გამამტყუნებელი ვერდიქტი და ბრალდებული გიორგი ოქროპირიძე დამნაშავედ სცნო ლაშა მახარაძის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობისათვის.

აღნიშნულთან დაკავშირებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს განცხადებას ავრცელებს, რომელსაც “თაიმერი” უცვლელად გთავაზობთ:

“2015 წლის 25 დეკემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოში ნაფიც მსაჯულთა ახალმა შემადგენლობამ დაასრულა სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვა, დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ფაქტზე, ბრალდებულ გიორგი ოქროპირიძის მიმართ. თორმეტმა ნაფიცმა მსაჯულმა მიიღო გამამტყუნებელი ვერდიქტი და ბრალდებული გიორგი ოქროპირიძე დამნაშავედ სცნო ლაშა მახარაძის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობისათვის. გამამტყუნებელი ვერდიქტი მიღებული იქნა 10 ხმით, 2-ის წინააღმდეგ.

გიორგი ოქროპირიძეს ბრალად ედებოდა განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში, კერძოდ – არაერთგზის; ასევე ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება.

ნაფიცმა მსაჯულებმა გამამართლებელი ვერდიქტი მიიღეს ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებისათვის და ბრალდების ამ ნაწილში გ. ოქროპირიძე უდანაშაულოდ სცნეს.

მხარეთა პოზიციების გათვალისწინებით, ნაფიცი მსაჯულები მონაწილეობას არ მიიღებენ სასჯელის დანიშვნის სხდომაში, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოში 2015 წლის 26 დეკემბერს 13:00 საათზე გაიმართება, სადაც ნაფიც მსაჯულთა ვერდიქტის გათვალისწინებით სხდომის თავმჯდომარე განაჩენს დაადგენს და განსაზღვრავს სასჯელის სახეს და ზომას.

აღნიშნულ საქმეზე გაიმართა 16 სხდომა, დაიკითხა ბრალდების 32 და დაცვის 2 მოწმე და თავად ბრალდებული.

განაჩენი შესაძლებელია ერთჯერადად, საკასაციო წესით გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში, მხოლოდ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი საფუძვლების არსებობისას”,- ნათვქამია თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიბუდაპეშტის ქუჩაზე წუხელ დაჭრილი ახალგაზრდა გარდაიცვალა
შემდეგი სტატიასახალხო დამცველი იუსტიციის საბჭოს აკრიტიკებს