ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს საკითხებზე მართლმსაჯულების საკოორდინაციო საბჭოს ფორმატში სამუშაო შეხვედრა გაიმართა

ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს საკითხებზე მართლმსაჯულების საკოორდინაციო საბჭოს (Bench & Bar) ფორმატში სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

ორდღიან სამუშაო შეხვედრაში საქართველოს გენერალური პროკურატურის ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბრალდების ეფექტიანი მხარდაჭერის უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი ნინო აღლემაშვილი, ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის სახელმწიფო დეპარტამენტის რეზიდენტი მრჩეველი სამართლებრივ საკითხებში ლენა ოუენსი, ჯორჯიის შტატის მოსამართლე ბენ სტადარტი, ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბრალდების ეფექტიანი მხარდაჭერის უზრუნველყოფის დეპარტამენტის პროკურორები, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენლები, მოსამართლეები და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის სამართლებრივი მრჩევლის მხარდაჭერით და საქართველოს გენერალური პროკურატურის ორგანიზებით გამართულ Bench & Bar-ის შეხვედრის ფარგლებში, მონაწილეებმა ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მნიშვნელობაზე, ნაფიც მსაჯულთა კანდიდატებთან შერჩევის სხდომასა და მათთან შეკითხვების ფორმირებაზე ისაუბრეს. მონაწილეებმა ასევე, ინსტიტუტის არსებობის მანძილზე გამოვლენილ ხარვეზებზე, გამოწვევებსა და მიღწევებზე იმსჯელეს.

აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით გაიმართა დისკუსია, მხარეებმა ერთმანეთს მოსაზრებები გაუზიარეს და კონკრეტული რეკომენდაციების შემუშავების საჭიროებასა და მათი განხორციელების სამომავლო გეგმებზე შეთანხმდნენ.

მართლმსაჯულების საკოორდინაციო საბჭოს (Bench & Bar) მიზანია ხელი შეუწყოს იურიდიული პროფესიის გაძლიერებას, პროფესიათა შორის ურთიერთპატივისცემას, ჯანსაღი კოლეგიალური დამოკიდებულების და საერთო ეთიკური პრინციპების დამკვიდრებას.

banner
წინა სტატიაშიაქტიურად მიმდინარეობს ინფექციის კონტროლი, კლინიკების შემოწმება ერთჯერადი არ არის, ვიდრე სისტემურად არ მოვაწესრიგებთ, შემოწმებას თავს არ დავანებებთ – აზარაშვილი
შემდეგი სტატიასაბერძნეთში დააკავეს ქართველი კაცი, რომელსაც არასრულწლოვნის გაუპატიურებაში ედება ბრალი