ჟურნალისტმა ნანუკა ჟორჟოლიანმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესებსა და თინა ბოკუჩავასთან ურთიერთობაზე ისაუბრა. ჟორჟოლიანის თქმით, მას ბოკუჩავასთან დაკავშირებით სინდისის ქენჯნა არ აქვს, რადგან პარტიის თავმჯდომარისა და თანათავმჯდომარის პოსტზე სწორედ მისი ვადის გაგრძელებას უჭერდა მხარს.
როგორც ჟორჟოლიანმა აღნიშნა, პოლიტსაბჭოს შეხვედრის თარიღის შესახებ ბოკუჩავა საქმის კურსში იყო, თუმცა სხდომას რეგიონში პატარა ბავშვებთან ყოფნის გამო ვერ დაესწრო.
ჟორჟოლიანი აცხადებს, რომ თავად უარი თქვა თავმჯდომარეობის შეთავაზებაზე, რადგან მიაჩნია, რომ პარტიის ლიდერი ამავდროულად პრემიერ-მინისტრობის კანდიდატიც უნდა იყოს.
ის საკუთარ მომავალს პარტიაში დაგეგმილ რეფორმებს უკავშირებს და დასძენს, რომ თუ მიხეილ სააკაშვილი პრემიერობის კანდიდატი გახდება, თავად მისი ეფექტური მენეჯერი იქნება.
ჟორჟოლიანის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ სააკაშვილი ქართულ პოლიტიკაში ქართველ პოლიტიკოსად დაბრუნდეს, მოითხოვოს საქართველოს მოქალაქეობა და იბრძოლოს პარტიის ლიდერობისთვის.















