ნანუკა ჟორჟოლიანი ადასტურებს, რომ მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის პოსტი შესთავაზა, თუმცა მან ეს შეთავაზება არ მიიღო. ჟორჟოლიანის განცხადებით, პარტიას უკვე ჰყავს ღირსეული ლიდერი თინა ბოკუჩავას სახით, თავად კი მზადაა პარტიის სრული რეორგანიზაცია ითავოს.
აღნიშნულ თემაზე ნანუკა ჟორჟოლიანმა ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში ისაუბრა და პარტიაში ძალების გადანაწილების საკუთარი ხედვა წარადგინა:
„იყო [შეთავაზება], ეს ეტაპი უკვე გავიარეთ. მე ამაზე, რა თქმა უნდა, უარი ვთქვი. მე მომხრე ვარ არა რამის დამატების, არამედ პირიქით — ეფექტური უნდა გახდეს ის, რაც არის. მე მგონია, რომ პარტიას ჰყავს ძალიან კარგი თავმჯდომარე. ჩემზე ჭკვიანი, პოლიტიკურად ჩვენზე გამოცდილი, ჩემზე ლამაზი და შესაბამისად, მე ვფიქრობ, რომ თინა ძალიან სწორი კანდიდატია.
აქ არის საუბარი იმაზე, ვის რა როლი ექნება. თინა ძალიან კარგად წარმოადგენს პარტიას საგარეო ველზე და აქ არის მეორე — მაშინ, როდესაც ხაბე [ლევან ხაბეიშვილი] ციხეშია, ეს ძალიან მნიშვნელოვანია პარტიისთვის და ეს პარტიას ძალიან დაეტყო“, — განაცხადა ჟორჟოლიანმა.
ჟორჟოლიანი მიიჩნევს, რომ პარტიას ამჟამად ყველაზე მეტად შიდა სტრუქტურის გადაწყობა და გაძლიერება სჭირდება, რაშიც ის საკუთარ მთავარ ფუნქციას ხედავს:
„მნიშვნელოვანია შიდა ველზე ვინ იქნება პარტიის წარმომადგენელი და როგორ იქნება პარტიის წარმომადგენელი. მე ჩემს თავს ვხედავ იმ შემთხვევაში, თუ შევძლებ პარტიის რეორგანიზაციას, პარტიის თავიდან შექმნას“, — დასძინა მან.
ინფორმაციისთვის, გუშინ, მიხეილ სააკაშვილმა საპატიმროდან გამოგზავნილ წერილში ოფიციალურად დაადასტურა, რომ ნანუკა ჟორჟოლიანი და მისი გუნდი „ნაციონალურ მოძრაობას“ უერთდებიან. ამ ნაბიჯს პარტიაში სერიოზული საკადრო და სტრუქტურული გადაჯგუფებები მოსდევს, რაც ოპოზიციურ ფლანგზე დიდ გადაადგილებებს იწვევს.















