ნანუკა ჟორჟოლიანის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის ინიციატივა ივლისის ბოლოს პარტიული ყრილობის ჩანიშვნისა და დროებითი მართვის ორგანოს არჩევის შესახებ, არ ნიშნავს, რომ მესამე პრეზიდენტი „ნაციონალური მოძრაობის“ მოქმედი თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას საქმიანობით უკმაყოფილოა. ამის შესახებ ჟორჟოლიანმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.
„დღის წესრიგში დადგა ფაქტი, რომ პარტიის თავმჯდომარის პოსტზე უნდა შევსულიყავი, მაგრამ მე ვამბობ, რომ მთელი რიგი საკითხების მიმართ კომპეტენცია არ მაქვს. მე მინდა, რომ ამ საკითხებზე იმუშაონ ჩემზე კომპეტენტურმა ადამიანებმა, რომლებიც ჩემ წინ უნდა დადგნენ, მივიღო მათი რეკომენდაცია, ისევე, როგორც მიხეილ სააკაშვილი იყოს ამ რეფორმებთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიმღები მთავარი ადამიანი. შემდეგ უკვე, ეს პარტია თუ მიიღებს იმ ფორმას და შინაარსს, რომ ყველასთვის მიმზიდველი და მთავარი იარაღი იქნება „რუსულ ოცნებასთან“ ბრძოლის წინააღმდეგ, ვფიქრობ, ეს იქნება იდეალური სქემა, სადაც თუ გინდათ, დამლაგებლად შევალ, ოღონდ საქმე გავაკეთო“, – განაცხადა ნანუკა ჟორჟოლიანმა.
კითხვაზე, თუ რა როლი ექნება ამ პროცესში თინა ბოკუჩავას, ჟორჟოლიანმა აღნიშნა, რომ მოქმედი თავმჯდომარის ნაცვლად საუბარი არაკორექტული იქნებოდა.
მისივე განმარტებით, მიხეილ სააკაშვილი მიიჩნევს, რომ ემიგრაციას ხმის უფლება უნდა დაუბრუნდეს, რის გამოც „რეფორმატორთა საბჭოში“ პარტიის წევრებთან ერთად ემიგრანტებიც შევლენ.
საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა „ნაციონალურ მოძრაობას“ „რეფორმატორთა საბჭოს“ შექმნის იდეით მიმართა. მისი ხედვით, ეს უნდა გახდეს საზოგადოებრივი პლატფორმა, რომელიც პარტიის მიღმა მყოფ პირებსაც გაუღებს კარს.















