ნანა ტოხვაძე განათლების სამინისტროს სასწავლო პროცესის არაეფექტურ მართვაში ადანაშაულებს

„სტრატეგია აღმაშენებლის“ განათლების მიმართულების ხელმძღვანელი, განათლების სამინისტროს სასწავლო პროცესის არაეფექტურ მართვაში ადანაშაულებს. როგორც ნანა ტოხვაძე აღნიშნავს, დღემდე გაუგებარია თუ როგორ აპირებს საჯარო სკოლები მოსწავლეების მიღებას პანდემიის პირობებში. ტოხვაძის თქმით განათლების სამინისტრომ პასუხისმგებლობა მოიხსნა და სკოლებს გადააბარა რათა მდგომარეობის შემდგომი გაუარესების შემდეგ სკოლები, ადმინისტრაცია, მასწავლებლები და ის მშობლები დაადანაშაულოს, რომლების სასწავლო დაწესებულებების გახსნის მომხრენი იყვნენ

„ტყუილია, რომ საქართველოს მასშტაბით, საჯარო სკოლები მზადაა სწავლების დასწრებული ფორმით გასაგრძელებლად. დღემდე გაურკვეველია, ელემენტარულად, პირბადის გამოყენების სავალდებულო წესი რომელ ასაკობრივ კატეგორიაზე ვრცელდება. განათლების სამინისტროს ნაჩქარევი და ზედაპირული დამოკიდებულების გამომჟღავნებაა ის ფაქტი, რომ საჯარო სკოლები 15 თებერვალს გაიხსნება და ჩვენი შვილების ჯანმრთელობის ხარჯზე მოგვიწევს გამოვიმუშაოთ „ჯოგური იმუნიტეტი“.
ერთადერთი, რაშიც სამინისტრომ გასული 3 თვე გახარჯა, ის გახლავთ, რომ დირექტივების და ჯანდაცვის რეგულაციების “გადაკოპირებით” შემოიფარგლა!
განათლების სამინისტრო ბოროტად სარგებლობს „ზემდგომის“ ფუნქციით და მხოლოდ სკოლის დირექციაზე პასუხისმგებლობების გადაბარებით სურს სასწავლო პროცესის აღდგენა. პანდემიის „აფეთქების“ შემთხვევაში კი, გეგმავს ხელი გაიშვიროს საჯარო სკოლების დირექციების, ადმინისტრაციების, მასწავლებლებისა და „სკოლების გახსნის“ მომხრე მშობლებისაკენ. სამინისტროსგან დაყენებული ერთადერთი „ინიციატივა“ გახლდათ სკოლების დავალდებულება სრულად უზრუნველყონ ჯანმრთელობისა და სწავლების პროცესი, ყოველგვარი საერთო ეროვნული მხარდაჭერის მიღების გარეშე. ისმის ლეგიტიმური შეკითხვა: სად არის სახელმწიფო ან სად არის სკოლების გახსნის დეტალური გეგმა, რომელსაც მშობლები ითხოვდნენ?
Covid -19 -ის პანდემიის დაწყებიდან დღემდე, განათლების სამინისტრო თავს “გვაწონებდა”, რომ დისტანციური სწავლებითა და ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენებით დავეწიეთ ფინეთს!!! რამდენმა ჩვენგანმა მიიღო დეტალური ინფორმაცია მოკლე ტექსტური შეტყობინებით თუ ელექტრონული ფოსტით სავალდებულო რეგულაციების შესახებ?! საზოგადოება არ ფლობს ამომწურავ ინფორმაციას თუ რა ღონისძიებებს ახორციელებს სკოლა Covid-19-ის პანდემიის გამოწვევების საპასუხოდ.

დღეს, როცა 2 სამუშაო დღე რჩება სკოლების სრულად აღდგენამდე, არ გვაქვს წარმოდგენა, თუ რამდენი სკოლა გაუმკლავდა მშობელთა ინფორმირების კამპანიას. რა სახსრებითა და მეთოდოლოგიით მიაწვდინეს ხმა მშობლებს, მასწავლებლებს თუ ადმინისტრაციაში დასაქმებულ პირებს საქართველოს მასშტაბით! გამოდის, რომ არჩევანი დასწრებულ სწავლებასა და ონლაინზე დარჩენას შორის პირობითია, რაც მხოლოდ მშობლის ემოციურ გადაწყვეტილებას ეფუძნება. მშობლებისთვის დღემდე უცნობია, რა პირობები ხვდებათ მოზარდებს სკოლებში. მოწესრიგებულია თუ არა სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები. რამდენი ადამიანია გამოყოფილი თერმოსკრინინგისთვის, რა განრიგით ან რამდენი დამლაგებლის ხარჯზე მოხდება 500, 800 და 1000 -ზე მეტ ბავშვიანი სკოლების დასუფთავება. რა გააკეთა სამინისტრომ ტექნიკური პერსონალის ადეკვატური ანაზღაურებისთვის, რომლებსაც პანდემიის გამო გაათმაგებული შრომა მოუწევთ. ნუთუ კვლავ 240 ლარის შემყურემ უნდა იშრომოს გაათმაგებულად სკოლის ადმინისტრაციის თანამშრომელმა, მნემ, დამლაგებელმა და ა.შ.
ამრიგად, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ სრული პასუხისმგებლობა ეკისრება განათლების სამინისტროს და არც ერთ შემთხვევაში არ გამოუვა, პასუხისმგებლობა გადააბაროს საჯარო სკოლებს და მათკენ გაიშვიროს თითი პანდემიის აფეთქების შემთხვევაში! სკოლებს, რომლებსაც აქამდე ჩატეხილი შუშის გამოცვლის ნებას არ რთავდა “ზევიდან” ჩარევის გარეშე“ – ნანა ტოხვაძე

banner
წინა სტატიაშირომან გოცირიძე: დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს ალექსანდრ ბანდიუკოვის დევნა
შემდეგი სტატიაირმა ინაშვილი: პაატა ცაავა, იგივე ცრუ პეტრე უნდა მოიკვეთოს თავად საზოგადოებამ