ნანა გეგეჭკორი რემდესევირზე

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ნოემბერი 30, 2020 19:09

ნანა გეგეჭკორი რემდესევირზე

“ამ პრეპარატის გამოყენების გამოცდილება მაქვს მისი გამოჩენის პირველივე დღიდან. ჩემი ჰოსპიტალი იყო ნაწილი პირველივე კვლევისა რომელიც რემდესევირზე დაიწყო.
ვერც ერთმა, აქამდე გამოქვეყნებულმა კვლევამ, ვერ დაადასტურა მისი გავლენა სიკვდილიანობაზე. ჰოსპიტალიზირებულ პაციენტებში რემდესევირის გამოყენება არ ამცირებს სიკვდილიანობას. ის მხოლოდ ნაწილობრივ ამცირებს დაავადების სიმპტომატური დღეების რაოდენობას. ცხადია, როგორც ნებისმიერ პრეპარატს მასაც აქვს გვერდითი მოვლენები. მცირე ნაწილში შეუძლია გამოიწვიოს ღვიძლის მწვავე უკმარისობა. ჯერჯერობით ზუსტად არ ვიცით რა დოზაა იდეალური თირკმლის მსუბუქი უკმარისობისას. ზოგადად ნაკლებად ტოქსიური პრეპარატია, თუმცა კოვიდის მკურნალობაში მისი წვლილი ნადვილად არაა ფასის შესაბამისი. ამერიკულ ჯანდაცვას აქვს ფუფუნება თუნდაც ძალიან ძვირადღირებული პრეპარატით შეუმსუბუქოს სიმპტომები ჰოსპიტალში მოხვედრილ ნებისმიერ პაციენტს. ნებისმიერ პაციენტს… რაც თანაბრად გულისხმობს არალეგალ, ღარიბ უცხოელსაც და ამერიკის მდიდარ მოქალაქესაც…
საქართველოში ამ პრეპარატზე დახარჯული თანხა არამიზნობრივი ხარჯია. რადგანიგივე ფასად, ქვეყანას შეუძლია კოვიდთან ბრძოლაში ბევრად უფრო ეფექტური არაინვაზიური ვენტილაციისთვის საჭირო მოწყობილობების შეძენა საკმარისი რაოდენობით.
ვისაც რემდესევირზე ხელი არ მიგიწვდებათ გული არ დაგწყდეთ. ის ვერ გადაარჩენს თქვენს საყვარელ ადამიანებს. გადარჩენაა მთავარი თორემ სიმპტომებს ავიტანთ როგორმე…
14 ოქტომბერს სავარაუდოდ მეორედ გავხდი ავად კოვიდით. პირველად აპრილში ვიავადმყოფე. მაშინაც იგივე სიმპტომებით, ძალიან მსუბუქად გამოხატულით, მხოლოდ 3-4 დღით. იმ პერიოდში ჩემს ჰოსპიტალში არსებული პროტოკოლი თანამშრომლების ტესტირებას არ ითვალისწინებდა. შესაბამისად მეც უარი მითხრეს ტესტირებაზე. ამდენად რთულია ზუსტად ვიცოდე ვიყავი თუ არა ავად ორჯერ, თუმცა ჩემი მეუღლის ავადმყოფობა იმავე პერიოდში ამაზე მიუთითებს. მისი ერთადერთი კონტაქტი მაშინ მე ვიყავი. ამჯერად საკმაოდ სერიოზულად ვიყავი ავად. ფილტვების ერთი მესამედი კოვიდ პნევმონიამ დამიზიანა. ასევე აღმენიშნებოდა სერიოზული ნეიროტოქსიურობა. ზუსტად 20 დღე გაგრძელდა მაღალი სიცხეები. ცხადია, მთელი სამსახური მადევნებდა თვალს, ავადმყოფობის პერიოდი სახლში გავატარე. ჩვენმა გამოცდილმა რეანიმატოლოგებმა მირჩიეს იმუნიტეტს მივნდობოდი. თუმცა აუცილებლად აღვნიშნავ, არ მივეკუთვნებოდი არანაირ რისკ ჯგუფს. ვარ სრულიად ჯანმრთელი, არასდროს მწეველი, ნორმალურზე დაბალი წონის, აქტიურად ნავარჯიშები. ცხადია, ამან განაპირობა ის რომ ფილტვების ასეთი მძიმე დაზიანების პირობებშიც კი სუნთქვის უკმარისობა მინიმალურად მქონდა გამოხატული. ერთხელ უკვე ვთქვი და გავიმეორებ, მთელი ავადმყოფობის პერუოდში არ მიმიღია არც ერთი პრეპარატი გარდა სიცხის დამწევისა. მივსდევდი გზამკვლევს რომელიც თქცენთვის დავწერეთ მე და ზურამ. ის გზამკვლევი სწორედ მაშინ დავწერეთ როცა მე დაავადების პირველ ფაზაში ვიყავი და კუნთოვანი ტკივილისგან ბეჭდვაც კი მიჭირდა. ვისაც ახსოვს ჩემი მაშინდელი ლაივი მიაქცევდა ყურადღებას რომ გავწყვიტე და ზურას ნაწილი დროზე ადრე შემოვიდა, მერე ისევ გავაგრძელე დარჩენილ კითხვებზე პასუხი. საუბრისას სუნთქვა მიძნელდებოდა და ამიტომ დამჭირდა პაუზა.
მოკლედ… რატომ გიყვებით ამას…
მე მქონდა შესაძლებლობა ვყოფილიყავი ჰოსპიტალში და მემკურნალა რემდესევირით, სტეროიდით და ანტისხეულების კოქტეილით. მემკურნალა იგივე პროტოკოლით როგორც უმკურნალეს ტრამპს. ამაზე უარი ვთქვი ჩვენი გამოცდილი ექიმების რჩევით. ჩემი გადაწყვეტილება ემყარებოდა აქამდე გამოქვეყნებული კვლევების მონაცემებსა და ამ წუთისთვის არსებულ მკურნალობის სტანდარტებს. ჩემთვის ავირჩიე მკურბალობის იგივე მეთოდი რასაც დავუნიშნავდი ნებისმიერ პაციენტს იგივე მონაცემებით.
ჩემო ძვირფასებო, გული არ დაგწყდეთ ვისაც რემდესევირზე ხელი არ მიგიწვდებათ. სწორი მოვლის პირობებში კოვიდ დაავადებულების აბსოლიტური უმრავლესობის გადარჩენა შეიძლება ძვირადღირებული მკურნალობის გარეშე. ამისათვის საჭიროა სწორად გაწვრნილი და საკმარისი რაოდენობის მედპერსინალი შესაბამისი ეკიპირებით. ჯადოსნური წამლები ჯერ არ არსებობენ კოვიდ ისტორიაში.
სიმშვიდე, მეცნიერულად დადასტურებული ცოდნა და მოწესრიგებულად ექიმის რეკომენდაციების შესრულება არის საუკეთესო იარაღი ამ ვირუსთან ბრძოლაში”-ამის შესახებ ამერიკაში მოღვაწე ქართველმა ექიმმა, ნანა გეგეჭკორმა Facebook-ზე დაწერა.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ნოემბერი 30, 2020 19:09