მას შემდეგ, რაც პრემიერ- მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ხორცისა და კვერცხის ფასზე გააკეთა კომენტარი, აღნიშნული პროდუქტების მიმართ ინტერესი არ ცხრება. პრემიერის თქმით, სრულიად შესაძლებელია ნახევარი კილოგრამი ხორცის 10 ლარად, ხოლო 10 ცალი კვერცხის 4.60 ლარად შეძენა.
როგორც „მეფრინველეობის განვითარების ასოციაციის“ ხელმძღვანელმა „პალიტრანიუსისა“ და რადიო „პალიტრას“ გადაცემაში „საქმე“ განმარტა, 4.60 ლარად კვერცხის შეძენა ნამდვილად შესაძლებელია. თუმცა, ზურაბ უჩუმბეგაშვილის თქმით, ასეთ დროს, დაბალი ფასის განმაპირობებელი შესაძლოა, მისი ვადა, წარმომავლობა და კატეგორია იყოს.
პრემიერმა თქვა რიცხვი, მაგრამ ძალიან მარტივად რომ ავხსნათ, კვერცხის გასაყიდი, მუშა კატეგორია არის სამი: მეორე, პირველი და ნული. კატეგორია არის ზომიდან გამომდინარე და არა ხარისხიდან, ვინმეს არ ეგონოს, რომ მეორე კატეგორიას ეს უხარისხოა. პირიქით, სახლში მე მაქვს მეორე და თქვენც გირჩევთ, იმიტომ, რომ ეს არის ახალგაზრდა ფრინველის კვერცხი. „ლარჯი“ არის ყველაზე დიდი ასაკის ქათმის. 58-გრამამდე არის მეორე კატეგორია 59-გრამიანი არის უკვე პირველი კატეგორია. დიდი სხვაობა ამაში არაფერი არ არის.
რაც პრემიერმა გააჟღერა – ფასი, 4.60 ლარი 10 ცალი, მარტივად, ყუთში რომ გადავიტანოთ, ეს გამოდის 165 ლარზე მეტი, დღეს ჩვენ მიმწოდებლები ამ მეორე კატეგორიას თითქმის მაგ ფასში ვაწვდით, ხანდახან უფრო იაფადაც. თუ გავითვალისწინებთ იმ „ქეშბექს“ და მარკეტინგულ აქციებს, არ არის ეს ისეთი კატასტროფული [დაუჯერებელი] რიცხვი. კი თურქული კვერცხიც შეიძლება იყოს, მეორე კატეგორიაც შეიძლება იყოს, არის ასვე არასტანდარტული. შეიძლება ედოს ეს ფასი მაღაზიაში. მითუმეტეს, ახლა არის ყველაზე რთულად გადასაყიდი პერიოდი. კვერცხი არის მალფუჭებადი პროდუქცია, სულ 21 დღე აქვს და შესაბამისად, 7-8 დღე როცა რჩება, ჩვენ, მწარმოებლები იძულებული ვართ გამოვიტანოთ. ამ დროს ხდება ასეთი ფასდაკლებები. ამიტომ, კვერცხი ნამდვილად შეიძლება მაგ ფასად ნახოთ“,– განაცხადა ზურაბ უჩუმბეგაშვილმა.
















