„ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო აქცია გუმათის დასახლებაში გრძელდება

„ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, ვარლამ გოლეთიანი აცხადებს, რომ აქციის მონაწილეები სოფელ ნამახვანში შესვლის უფლებას ითხოვენ, რათა გააგრძელონ მშვიდობიანი პროტესტი.

მისი თქმით, ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეთა პროტესტი ამ წუთებში გუმათში გრძელდება.

„წუხანდელმა ღამემ მეტ-ნაკლებად მშვიდობიანად ჩაიარა. ეს ბოლო აკორდი, რაც უნდა ყოფილიყო, რომ უნდა დავერბიეთ პოლიციას, აღარ მოხდა. მიიღეს ბრძანება, რომ აღარ გადაეარათ ჩვენთვის საპოლიციო ძალებს. ახლა ვართ გუმათში, სადაც გადაკეტილი გვაქვს გზა და ვითხოვთ ჩვენს კანონიერ უფლებას, მშვიდობიანად შევიდეთ ნამახვანში და შევძლოთ მშვიდობიანი პროტესტის გაგრძელება. ეს არის ჩვენი დღევანდელი მოთხოვნა და აქ შეკრების მიზანი.

რაც შეეხება იმ ადგილს, სადაც კარვები გვქონდა გაშლილი, მართალია, პოლიციამ დაარბია და თან გადახნეს ის ტერიტორია, ანუ ეს რას ემსახურება ვერ გეტყვით, მაგრამ ალბათ უფრო იმას, რომ აღარ ჩავიდეთ იმ მიწაზე. პოლიციას ჰქონდა ბლოკპოსტი მოწყობილი და შერჩევით ატარებდა ადამიანებს, მაგრამ ახლა ჩვენც გადავკეტეთ მეორე მხარეს და სრულად პარალიზებული გვაქვს. აქციას რაც შეეხება, ჩვენ არ გვითქვამს აქციის ზუსტი დრო, რადგან ეს არ არის ისეთი აქცია, როცა ადამიანი მოვა ერთი საათით და წავა. ჩვენ ადამიანებს მოვუწოდეთ, რომ აქ ვდგავართ დღე და ღამე, მოვიდნენ და ჩვენთან ერთად იყვნენ“, – განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.

გუმათის დასახლებაში სამართალდამცველები რჩებიან, რომელთაც ჯებირები აქვთ განთავსებული და გამვლელები სოფელ ნამახვანის მიმართულებით გადაადგილებას ვერ ახერხებენ.

banner
წინა სტატიაშიელისაშვილი – „გირჩს” უნდა პარლამენტში შემოსვლა, მაგრამ წვალობს, უფრო გაბედული ხალხი მიყვარს, გაბედონ
შემდეგი სტატიაალეკო ელისაშვილი – პოლიტიკურ კრიზისს და პროცესს ვინც აჭიანურებს, ამ ქვეყანას მტრობს