“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” ხელმძღვანელი, ეკა გიგაური ირაკლი კობახიძესა და საქართველოში ამერიკის ელჩს შორის შემდგარ აუდიენციას აფასებს და აცხადებს, რომ შეხვედრაზე, პრემიერ-მინისტრის მიერ გაკეთებული განცხადებებით შტატები არ შეშინდება.
მეტიც, ეკა გიგაური მიიჩნევს, რომ ივანიშვილის გუნდის წევრის კომენტარები შიშის ფაქტორმა განაპირობა, რადგან მესამე სექტორის წარმომადგენლის თქმით, “ოცნებაში” კარგად ხვდებიან, რომ დასავლელი პარტნიორები მკაცრად საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებებისა და გადადგმული ნაბიჯების შესაბამისად მოქმედებენ.
“ოცნებას” ეშინია, რადგან კარგად ხვდებიან, რომ ამერიკის შეერთებული შტატები არ ამბობს არაფერს ტყუილად და ცხადია, ისინი ქმედებებზე გადავიდნენ. ჩვენმა პარტნიორმა ქვეყანამ წინასწარ შეატყობინა და გააფრთხილა საქართველოს მთავრობა იმასთან დაკავშირებით, რომ თუკი ისინი დაარღვევენ ადამიანის უფლებებს, გაუსწორდებიან ახალგაზრდებს, ჩაერთვებიან კორუფციასა და არჩევნების გაყალბებაში, რაც იქნება საქართველოს მოსახლეობის ინტერესების და ჩვენი კონსტიტუციის საწინააღმდეგო, ამ შემთხვევაში, ისინი კონკრეტულ ნაბიჯებს გადადგამენ. მე მგონია, რომ ნაკლებად საინტერესო არის, თუ რას ამბობს კობახიძე, რადგან არ მგონია, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს შეეშინდეს კობახიძის. ეს ასე არ მოხდება”, – ამბობს ეკა გიგაური.
სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოცხადებული სანქციების შემდეგ, საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე საქართველოში აშშ-ის ელჩს რობინ დანიგანს შეხვდა.
მთავრობის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კობახიძემ ელჩს უთხრა, რომ “აშშ კრიტიკულ ზღვარს მიუახლოვდა” და “კიდევ ერთი მსგავსი გადაწყვეტილების შემთხვევაში, ქართულ ამერიკული ურთიერთობების თვისებრივი გადახედვით” დაიმუქრა.