„ნახეთ ეს რუკა, გარეჯი საერთოდ არ არის ამ რუკაზე, ინტერესი ვისია, ეს თქვენ გადაწყვიტეთ“ – მიტროპოლიტი

ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტ მეუფე ნიკოლოზის განცხადებით, საჭიროა, დავით გარეჯის საკითხთან დაკავშირებით წმინდა სინოდის სხდომა გაიმართოს. როგორც სასულიერო პირმა ჟურნალისტებთან განაცხადა, ე.წ. ხმაურიან რუკაზე, დავით გარეჯი საერთოდ არ არის მონიშნული.

„ეკლესიას რა ეჭვები აქვს და რა აზრი აქვს, ეს იქნება წმინდა სინოდის სხდომაზე. გააჩნია როდის იქნება და საერთო დასკვნას მერე მოგახსენებთ. რაც შეეხება ჩემ პირად აზრს, კითხვას შემოგიბრუნებთ, რომელს გინახავთ ის რუკა საერთოდ, რაზეც არის ლაპარაკი. გინახავთ პირადად ეს რუკა? ვინ გამოაქვეყნა იმას არ გეკითხებით. ნახეთ ეს რუკა, გარეჯი საერთოდ არ არის ამ რუკაზე, ინტერესი ვისია, ეს თქვენ გადაწყვიტეთ. გეუბნებით, რომ ყველა რუკა, რომელიც არსებობს, ნახეთ, არსად არ არის გარეჯზე საუბარი. მე თვითონ ვიყავი ამის მომსწრე, 2000-2001 წლამდე მე ვიყავი ბოდბის ეპისკოპოსი, ჩვენ ეპარქიას ჰქონდა ფერმა და ეს ფერმა სამჯერ გადავიდა-გადმოვიდა ხელში, ეს არის პრობლემური საკითხი. დაუსაბუთებელი ბრალდებით, მხოლოდ ყურმოკვრით ადამიანს ბრალი დადო სამშობლოს ღალატში, ძალიან არასწორი საქციელია“ – განაცხადა მიტროპოლიტმა ჟურნალისტებთან.

მისივე პოზიციით, დავით გარეჯის თემა ასე ვერ დარჩება და ეს დროებითი საკითხია.

„დავით გარეჯი კი არა, თბილისი იყო 400 წელი არაბების ხელში, მაგრამ ვინ იტყვის, რომ თბილისი არ არის საქართველო. გარეჯი არის საქართველო, გარეჯის მონასტერი ყოველთვის საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის ქვეშ იქნება და გარეჯის მიწა ყოველთვის იყო და იქნება ქართული მიწა“ – აღნიშნა მიტროპოლიტმა.

banner
წინა სტატიაშიმამა შალვა დავითგარეჯაზე: თუ რუსეთია მტერი, ასეა ნებისმიერი ქვეყანაც, ვინც მიწას გვართმევს
შემდეგი სტატიაკორონავირუსის შემთხვევების გამო, თბილისში რამდენიმე საბავშვო ბაღი დროებით დაიხურა