ნადეჟდა სავჩენკოს სასამართლო პროცესი დილით გაიმართება

უკრაინის რადას დეპუტატის ნადეჟდა სავჩენკოს სასამართლო პროცესი სავარაუდოდ, 23 მარტს დილის 9 საათზე გაიმართება – ამის შესახებ ინფორმაციას სავჩენკოს ადვოკატი ავრცელებს. “სავარაუდოდ, 9 საათისთვის იქნება სასამართლო” – დიმიტრი ბუგაიმ განაცხადა, რომლის ინფორმაციითაც, საქმე ნადეჟდა სავჩენკოს წინააღმდეგ, რომელიც 240 გვერდიანია, უკვე მიიღეს. მას ღამე შეისწავლიან და შესაბამისად იმოქმედებენ. ბუგაის თქმით, სავჩენკოს დაკავება არაკანონიერად მოხდა.
ის, რომ ნადეჟდა სავჩენკოს წინააღმდეგ ტერორიზმის მუხლით საქმე აღიძრებოდა, უკრაინის გენერალურმა პროკურორმა იური ლუცენკომ 15 მარტს განაცხადა. პროკურორმა სახალხო დეპუტატს პარლამენტში ტერაქტის მომზადებაში დასდო ბრალი.

“გამოძიებას იმის უეჭველი დამამტკიცებელი მასალები აქვს, რომ ნადეჟდა სავჩენკო, უკრაინის სახალხო დეპუტატი პირადად გეგმევდა, პირადად იბირებდა, პირადად აძლევდა დავალებებს, თუ როგორ უნდა განეხორციელებინათ, აქ, ამ დარბაზში ტერორისტული აქტი” – თქვა ლუცენკომ რადაში სიტყვით გამოსვლისას და დაამატა, რომ სავჩენკოს მიზანი იყო ორი ლოჟა ხელყუმბარებით აეფეთქებინათ, ხოლო ის, ვინც გადარჩებოდა, ავტომატებით დაეხოცათ.

“მთავრობაზე თავდასხმა და ხელისუფლების გადატრიალების მცდელობა – ეს კარგი ბრალდებაა, კარგია იმიტომ, რომ მე უკრაინის სამხედრო ძალების ოფიცერი ვარ. როგორც ოფიცერმა, მე უკრაინელ ხალხს ფიცი მივეცი, რომ დავიცავდი უკრაინის მიწას, მაგრამ არა უკრაინის ხელისუფლებას. მე უკრაინის მთავრობას უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ დანაშაულებებში ვდებ ბრალს” – პროკურორის ბრალდების პირველ დღეს ასეთი კომენტარი გააკეთა ნადეჟდა სავჩენკომ

banner
წინა სტატიაშიერდოღანი სირიაში აშშ-ს კონტროლირებად ტერიტორიას უმიზნებს
შემდეგი სტატიაბორის ჯონსონი პუტინთან დაკავშირებით მსოფლიოს მიმართავს