ნაცვლიშვილმა რუსთავის მერს ცემით ყურის ბარაბანი გაუხეთქა – ტაბაღუა ე.წ კანონიერ ქურდებთან წავიდა

რუსთავის მერი, ირაკლი ტაბაღუა, რომელიც ათეულობით ადამიანის თვალწინ ჯერ ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილის, უჩა მამაცაშვილის ახლო ნათესავმა, კობა კოკოლაშვილმა სცემა, შემდეგ კი, ლაშა ნაცვლიშვილმა თბილისში დაიბარა და ცემისაგან ყურის ბარაბანი გაუხეთქა, საქმის გასარჩევად პორტუგალიაში, ე.წ. კრიმინალურ ავტორიტეტთან იყო ჩასული.

როგორც ჩანს, მას შემდეგ, რაც მომხდარი ფაქტის გამო, გამოძიებაც კი არ დაწყებულა, ხოლო რუსთავის მერი იძულებით შვებულებაში გავიდა და საავადმყოფოში მკურნალობდა, მან, მტყუან-მართლის გარკვევა არალეგალურად გადაწყვიტა.

ისტორია კი, რამაც ტაბაღუა კრიმინალურ ავტორიტეტებთან მიიყვანა, ასე დაიწყო:

რუსთავის მერს ბიზნესმენი გია ლეჟავა დაუკავშირდა და უთხრა, რომ მას უჩა მამაცაშვილის ნათესავმა, კობა კოკოლაშვილმა რუსთავში, მაზნიაშვილის ქუჩაზე მდებარე საწარმო „აახია“.

ლეჟავამ, მერს, წართმეული ქონების დაბრუნებაში დახმარება სთხოვა, რის შემდეგაც ირაკლი ტაბაღუა უჩა მამაცაშვილის ნათესავს შეხვდა და საქმის გარჩევის დროს მათ შორის მცირე ინციდენტი მოხდა.

მოგვიანებით კი, ერთერთ ქელეხზე, რესტორან „ოაზისში“, უჩა მამაცაშვილის ახლო ნათესავმა, კობა კოკოლაშვილმა რუსთავის მერს „წარსული“ გაუხსენა და რამდენჯერმე, ქართული ოცნების აქტივისტებისა და მერიის თანამშრომლების წინაშე ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რის შემდეგაც ჩხუბი უკვე გარეთ და ჯგუფებად გაგრძელდა.

ხოლო იმის გამო, რომ ირაკლი ტაბაღუამ და მისი გარემოცვის წევრებმა, უჩა მამაცაშვილის ნათესავზე ხელის შებრუნება გაბედეს, რუსთავის მერი ლაშა ნაცვლიშვილმა თბილისში დაიბარა და ფიზიკურად გაუსწორდა. შემდეგ კი, იქვე დააწერინა განცხადება გადადგომის შესახებ.

ირაკლი ტაბაღუას, ცემის დროს ყურის ბარაბანი გაუსკდა და მიყენებული დაზიანებების სამკურნალოდ საავადმყოფოში დააწვინეს, ოფიციალურად კი, მას ბიულეტენი გაუფორმეს.

მან, ჯერ კიდევ საავადმყოფოდან შეძლო დაკავშირებოდა მისი ოჯახის ახლობელ ე.წ. კრიმინალურ ავტორიტეტს, რომელსაც მომხდარის თაობაზე ყველაფერი უამბო.

თავის მხრივ, კრიმინალურმა ავტორიტეტმა იმაზე იზრუნა რომ მისი ნათესავი თანამდებობაზე დარჩენილიყო…

ხოლო, გამოჯანმრთელების შემდეგ, როგორც პრესა.ჯიმ ექსკლუზიურად გაარკვია, რუსთავის მერი, ოფიციალური ვიზიტის პარალელურად, მასთან პორტუგალიაში ჩავიდა და კიდევ ერთხელ, უკვე ადგილზე „გააცნო საქმის ვითარება“.

ირაკლი ტაბაღუა თვლის რომ ნაცვლიშვილმა და მამაცაშვილის ნათესავმა ის უსამართლოდ დაჩაგრეს.

მეტიც, მართალია, რუსთავის მერი ჩვენთან საუბრისას მომხდარს ღიადარ ადასტურებს, მაგრამ ახლობლებს არწმუნებს რომ „ნაცვლიშვილი და ივანიშვილის დეიდაშვილის გარემოცვის წევრები აუცილებლად აგებენ პასუხს“.

ფიზიკური დაპირისპირების დეტალებს უარყოფს მამაცაშვილის ნათესავიც.

საუბარი არ სურს გია ლეჟავას, ხოლო ლაშა ნაცვლიშვილი არც სატელეფონო ზარებს პასუხობს და არც ჩვენს მიერ, სოციალური ქსელის საშუალებით გაგზავნილ კითხვებს.

წყარო: პრესა.ge

banner
წინა სტატიაშივოლსკი: შეიძლება ქვაა ნასროლი
შემდეგი სტატიათბილისში განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს