ნაცვლიშვილი – ვფიქრობ, ოპოზიციის მერობის საერთო კანდიდატთან დაკავშირებით საკითხებს მედიით ვერ გადავწყვეტთ

„ლელო“ სერიოზულ მონაწილეობას მიიღებს თვითმმართველობის არჩევნებზე, კონკრეტულად, რა ტაქტიკით და სტრატეგიით, ამაზე პარტიაში მიმდინარეობს ძალიან ინტენსიური დისკუსია, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, თვითმმართველობის არჩევნებს საერთო ეროვნული ამოცანა ახლავს, რაც ვადამდელი არჩევნების მიღებას გულისხმობს.

„ოპოზიციის შიგნით კოორდინაცია აუცილებელია. ოპოზიციამ ძალიან ძვირფასი დრო გარკვეულწილად უკვე დაკარგა და ყოველდღიურად ვკარგავთ დროს, რასაც სტრატეგიის დასახვაში უნდა ვიყენებდეთ. იმედი მაქვს, მალე მოხდება კოორდინაციის კონკრეტული კონტურების გამოკვეთა. „ლელო“ ძალიან სერიოზულ მონაწილეობას მიიღებს თვითმმართველობის არჩევნებზე, კონკრეტულად, რა ტაქტიკით და სტრატეგიით, ამაზე პარტიაში მიმდინარეობს ძალიან ინტენსიური დისკუსია. როგორც კი გვექნება ჩვენი გადაწყვეტილება საჯაროდ გახდება ცნობილი. შესაძლოა, ეს მერობის საერთო კანდიდატი არ იყოს, თუმცა უნდა გვახსოვდეს, რომ ამ არჩევნებს, გარდა თვითმმართველობის დაკომპლექტებისა, აქვს საერთო ეროვნული ამოცანა, ეს არის ვადამდელი არჩევნების მიღება. შესაბამისად, კოორდინაციის გარეშე ეს ვერ მოხდება. კონკრეტულად, რა სახეს მიიღებს კოორდინაცია, ამაზე სერიოზული მსჯელობაა გასამართი ოპოზიციის წრეებში“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

რაც შეეხებაა „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებას, რომ შეთავაზების შემთხვევაში, თანახმაა, ოპოზიციის მერობის საერთო კანდიდატი იყოს, ამასთან დაკავშირებით ნაცვლიშვილმა აღნიშნა, რომ მსგავს საკითხებზე სამუშაო შეხვედრები უნდა შედგეს.

„ჩვენთან ასეთი განხილვა არ ყოფილა. ასეთი საკითხების ტელევიზორით განხილვა სწორად არ მიმაჩნია. ალბათ მისი მხრიდან კომუნიკაცია იქნება. ამ და სხვა საკითხებზე უნდა იყოს საქმიანი სამუშაო შეხვედრები, სადაც გადაწყდება, რა და როგორ გაკეთდება. მგონია, მედიით ასეთ თემებს ვერ გადავწყვეტთ“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიმარნეული-თბილისის გზაზე ავარიას 3 ადამიანი ემსხვერპლა
შემდეგი სტატიაწეროვანის სარეაბილიტაციო ცენტრს ამერიკული ფონდის წარმომადგენელი ესტუმრა