ნაცვლიშვილი – „ქართული ოცნება“ მარცხდება და გადაწყვიტა, თავის მარცხში ჩაიყოლოს მთელი ქვეყანა, ეს არ გამოუვათ, არა რუსულ კანონს

„ქართული ოცნება“ მარცხდება და როგორც ყველა ბოროტ ძალას სჩვევია, გადაწყვიტა, თავის მარცხში ჩაიყოლოს მთელი ქვეყანა. ეს არ გამოუვათ, – ამის შესახებ პარტია „ლელოს“ წევრმა, ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა.

ნაცვლიშვილის თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ თავიდან შემოიტანა რუსული კანონი, რათა ქვეყანა საბოლოოდ მიაჯაჭვოს რუსეთს.

„თქვენ, ჩვენ და ყველა ამ ქვეყნის საღად მოაზროვნე მოქალაქეს მკაფიოდ აქვს გაკეთებული და გაცხადებული არჩევანი – საქართველო მიდის ევროპისკენ და აუცილებლად მივალთ იქ. თუ „ქართულ ოცნებას“ უნდა, ჩაეხსნას ამ პროცესს, ჩაეხსნას, დარჩეს წარსულში. ჩვენ ვივლით წინ, ევროპისკენ და დავბრუნდებით ჩვენს ისტორიულ სამშობლოში ღირსეულად, სადაც არის ჩვენი სრულუფლებიანი ადგილი. ჩვენ დღეს ვაპირებდით, გვესაუბრა იმ მოქმედებებზე, რაც მათ დაუპირისპირეს ქალებს. დღევანდელმა განცხადებამ ძალიან ლოგიკურად შეკრა ეს წრე. კვოტების გაუქმებით, მათ კიდევ ერთხელ სამიზნედ აქციეს ქალები პოლიტიკაში. ქალები, რომლებიც უკომპრომისოდ ვიბრძოდით პარლამენტში და ყველგან, სადაც ქვეყნისთვის საჭირო ბრძოლა წარიმართება. ვერ დაალაგეს ქალებთან, ვერც გააჩუმეს ქალები და გადაწყვიტეს, საკანონმდებლო მექანიზმებით ებრძოლათ ჩვენს წინააღმდეგ. დღეს გამოჩნდა, რატომაც არიან სამიზნე ის ადამიანები, რომლებთანაც ვერ დაალაგეს, ვერც დააშინეს, ვერც გააჩუმეს, ვერც გააჩერეს. ასე გაგრძელდება ეს ბრძოლა – არა რუსულ კანონს. საქართველო ივლის წინ, ევროპისკენ“, – აღნიშნა ანა ნაცვლიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიდეკანოიძე – მივმართავ ყველას, ვინც ჩვენთან ერთად იდგა შარშან მარტში, ყველაფერი გავაკეთოთ, რათა „ქართულ ოცნებას“ არ მივცეთ ქვეყნის უკან სვლის საშუალება
შემდეგი სტატიაპაპუაშვილმა ოპოზიციას მიმართა – ქართველ ხალხს ნუ ატყუებთ, გაგივიდათ შარშან, წელს არ გამოგივათ