ნაცვლიშვილი – “ქართული ოცნება” დიდი ხანია მხილებულია კრიმინალთან თანამშრომლობაში და ურთიერთხელსაყრელ გარიგებებში

შემაშფოთებელია ინფორმაცია, რომ თითქოს შანაი ბრუკის მკვლელობაში ბრალდებული ერთხელ უკვე იყო შემჩნეული ძალადობაში და მაშინ მის მიმართ არ განხორციელდა მართლმსაჯულება – ეს ცალკე გამოძიებას და რეაგირებას საჭიროებს,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან “ლელოს” დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ინფორმაციას, რომლის თანახმად შანაი ბრუკის მკვლელობაში ბრალდებული “ქართული ოცნების” წევრია.

მისი თქმით, რთულია პარტიამ აკონტროლოს მის წევრთა ქცევა, თუმცა, “ქართული ოცნება” არის ის პოლიტიკური ძალა, რომელიც დიდი ხანია მხილებულია კრიმინალთან თანამშრომლობაში და ურთიერთხელსაყრელ გარიგებებში. ნაცვლიშვილი აცხადებს, რომ მისი პარტიული კუთვნილება მართლმსაჯულების სამართლიანად აღსრულებაში დაბრკოლებად არ უნდა იქცეს.

“როგორც მედიის საშუალებით გახდა ცნობილი, ბრალდებული არის “ქართული ოცნების” ერთ- ერთი წარმომადგენელი, მათ შორის, საარჩევნო პროცესში ჩართული პირი უბნის დონეზე. პარტია არის იმდენად დიდი და რთული სტრუქტურა, რომ ასეთი ფაქტებისგან შეიძლება არც ერთი პარტია არ იყოს დაზღვეული, თუმცა, ხაზგასმით აღვნიშნავ, მისმა პარტიულმა კუთვნილებამ ერთი წამით არ უნდა დააბრკოლოს მართლმსაჯულების სრული სამართლიანობით და სიმკაცრით განხორციელება, თუ ეს ასე არ მოხდა, ეს იქნება ძალიან მძიმე ახალი ტვირთი, რომელიც დაეკიდება მმართველი პარტიის თავზე. ამავე დროს, შემაშფოთებელია ინფორმაცია, რომ თითქოს ეს პირი ერთხელ უკვე იყო შემჩნეული ძალადობაში და მაშინ მის მიმართ არ განხორციელდა მართლმსაჯულება. ეს ცალკე გამოძიებას და რეაგირებას საჭიროებს. შეიძლება ყოველთვის პარტიამ ვერ გააკონტროლოს მისი წევრების მოქმედება და პრევენცია ვერ მოახდინოს, თუმცა, ძალიან მნიშვნელოვანია სწორად იქნას დანახული, სწორედ მისმა პარტიულმა სტატუსმა ხომ არ შეუქმნა ამ ადამიანს განცდა, რომ მსგავსი დანაშაულის დაუსჯელად ჩადენა შეეძლო, რადგან სამწუხაროდ, “ქართული ოცნება” არის ის პოლიტიკური ძალა, რომელიც დიდი ხანია მხილებულია კრიმინალთან თანამშრომლობაში და ურთიერთხელსაყრელ გარიგებებში, მათ შორის, საარჩევნო პროცესისთვის,”- განაცხადა ნაცვლიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიკორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 890, აჭარაში – 249, იმერეთში – 342
შემდეგი სტატიაკალოიანი – აჭარაში „ტოცილიზუმაბისა” და „რემდესივირის“ საწყობი არ არის და მის მომარაგებასთან დაკავშირებით პრობლემებია