ნაცვლიშვილი: პრიმიტიულია „ქართული ოცნების“ მცდელობა, როგორმე აჩვენოს, რომ თვითონ დგას ერის სიწმინდის სადარაჯოზე

პრიმიტიულია „ქართული ოცნების“ მცდელობა, როგორმე აჩვენოს, რომ თვითონ დგას ერის სიწმინდის სადარაჯოზე, ხოლო ყველა დანარჩენი არის ეშმაკისეული, – ამის შესახებ ფრაქცია „ლელოს“ წევრმა, ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა.

„ასეთი ტიპის ჩანაწერები კეთდება მხოლოდ ავტოკრატიული სახელმწიფოების კანონმდებლობებში და ისინიც იშვიათად ბედავენ ამას. სამართლებრივი თვალსაზრისით, ეს არის შეუთავსებელი თანამედროვე სამართალთან. ამას ჰქვია კუდიანებზე ნადირობა. „ქართულმა ოცნებამ“ დაიწყო კუდიანებზე ნადირობა და ყველა, ვინც ნებსით თუ უნებლიეთ ამაში ხელს უწყობს, ემსახურება რუსულ ინტერესს. ძალიან სამწუხაროა, რომ რუსული ინტერესის სამსახურში დღეს ჩვენ ვხედავთ მათ შორის ეკლესიის წიაღში გაკეთებულ განცხადებებს, მაგრამ დამაიმედებელია, რომ ეკლესიის წიაღიდან ასევე მკვეთრად აფიქსირებენ საკუთარ პოზიციას, რომ ძალადობა მიუღებელია“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

დეპუტატის განცხადებით, „ქართულ ოცნებას“ საზოგადოებისთვის შესათავაზებელი არაფერი აქვს და ახლა ცდილობს, საკუთარი თავი ეროვნული ღირებულებების დამცველად წარმოაჩინოს.

„ქართულ ოცნებას“ საზოგადოებისთვის შესათავაზებელი სხვა არაფერი აქვს. ამიტომ ერთადერთი, რასაც ახლა ცდილობს, არის ის, რომ საზოგადოებას აჩვენოს, არის რაღაც ეროვნული ღირებულებების დამცველი, ხოლო ოპოზიცია, სამოქალაქო სექტორი და მედია არიან „გარყვნილი დასავლეთის მეისრეები“ და ამას აკეთებს საყდრისის ამფეთქებელი ხელისუფლება. ეს ტყუილი ძალიან მარტივად გაშიფვრადია იმიტომ, რომ თავისი ცხოვრების წესით ეს ადამიანები ყოველდღიურად უარყოფენ და არღვევენ ქრისტეს მცნებებს, მათ შორის ტყუილით, კორუფციით, სიხარბით. ამ მძიმე ცოდვებს „ქართული ოცნების“ წევრები ინდივიდუალურად და ჯგუფურად სჩადიან და ამაზე მათ პასუხი არ მოეკითხათ არც სამართლებრივად და არც მორალურად.

პრიმიტიულია „ქართული ოცნების“ მცდელობა, როგორმე აჩვენოს, რომ თვითონ დგას ერის სიწმინდის სადარაჯოზე, ხოლო ყველა დანარჩენი არის ეშმაკისეული. ეს გზა ტაძრამდე არ მიიყვანს ამ ქვეყანას, ეს გზა ამ ქვეყანას მიიყვანს უფსკრულის პირას, სადაც უკვე ვდგავართ. მათ არ შეუძლიათ, ხალხს შესთავაზონ სიღარიბის დაძლევა, სამართლიანი სოციალური პოლიტიკა, ადამიანები გარბიან დასავლეთში, როდესაც ადამიანს მკურნალობა სჭირდება, გარბის დასავლეთში, როდესაც ხარისხიანი მედიკამენტები სჭირდებათ, ყიდულობენ დასავლეთში ნაწარმოებს, ტექნიკას ვყიდულობთ დასავლურს. აქ ძალიან კარგად ჩანს ქართველი ხალხის მიერ გაკეთებული პოლიტიკური არჩევანიც, ასევე ჩანს რეფერენდუმებზე, გამოკითხვებში და ყოველდღიურ არჩევანშიც“, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.

რეკლამის ბანერი
წინა სტატიაშიბერლინში თურქ ჟურნალისტზე თავდასხმას იძიებენ
შემდეგი სტატიაევროპარლამენტმა პოლონეთის და უნგრეთისთვის დაფინანსების შეჩერების მოწოდება გააკეთა