ნაცვლიშვილი – ფიზიკური დისტანციის მიუხედავად, სააკაშვილი პოლიტიკაში ჩართულია

ქვეყანაზე არ მეტყველებს კარგად, როდესაც ყოფილი პრეზიდენტი ვერ ბრუნდება. რაც შეეხება მის პოლიტიკაში ჩართვას, ის პოლიტიკაში ჩართულია, მიუხედავად ფიზიკური დისტანციისა, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, სააკაშვილის შეხედულებებს არ იზიარებს, სხვა შემთხვევაში მის გუნდში იქნებოდა.

„ამ საკითხს აქვს სამართლებრივი და პოლიტიკური განზომილება. ქვეყანაზე არ მეტყველებს კარგად, როდესაც ყოფილი პრეზიდენტი ვერ ბრუნდება. თუმცა ვიცით, რომ სისხლის სამართლის საქმეებია აღძრული მის მიმართ და ეს არის საფუძველი მისი ვერდაბრუნების. რაც შეეხება მის პოლიტიკაში ჩართვას, ის პოლიტიკაში ჩართულია, მიუხედავად ფიზიკური დისტანციისა. ეს მისი ამომრჩევლის გადასაწყვეტია. მე რომ მქონდეს ამ პოლიტიკოსის მიმართ სიმპათია ან ვიზიარებდე მის შეხედულებებს, მის გუნდში ვიქნებოდი. საბედნიეროდ, არ ვარ, რადგან არც მისი პრეზიდენტობის დროს და არც შემდეგ ძალიან ბევრ რამეში არ ვეთანხმები. სწორედ მისი პრეზიდენტობის დროს უსამართლო მართლმსაჯულება საათივით აეწყო. ეს ჩემთვის არა არის თემა, რომელიც შეიძლება დავივიწყო“, განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის“ პარლამენტში შესვლას, საკითხზე საუბრისას ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა, რომ ეს მათი გუნდის გადასაწყვეტია.

„საკითხი თავად უნდა გადაწყვიტონ. ჩვენ მივიღეთ ჩვენი გადაწყვეტილება, პარლამენტში კონკრეტული გეგმით შემოვედით და ბევრს ვმუშაობთ, რომ შეთანხმება იყოს შესრულებული“, – აღნიშნა ანა ნაცვლიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიდაუმთავრებელ მშენებლობებთან დაკავშირებით, თბილისის მერიაში განაცხადის შეტანის ვადა პირველ სექტემბრამდე გახანგრძლივდა
შემდეგი სტატიალაგოდეხის სოფელ შრომაში მაღაზია გაქურდეს