ნაცვლიშვილი – მნიშვნელოვანია, რომ პრეზიდენტის ხედვა ამ პროცესში რაიმე კონკრეტულ ჩარჩოში არ არის ჩაკეტილი

„შეხვედრის ფარგლებში უფრო დეტალურად მოვისმინე პრეზიდენტის ხედვა, როგორ წარმოუდგენია ეს პროცესი და რა უნდა იყოს მთავარი მიზანი, ასევე გავცვალეთ მოსაზრებები იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება წარიმართოს ეს პროცესი. მე ვფიქრობ, რომ ამოცანა არის ძალიან მნიშვნელოვანი, არ იქნება ამის მიღწევა მარტივი, მაგრამ ამოცანა არის დავინახოთ ის სისტემური პრობლემები, რომელიც ამდენი წლის განმავლობაში ქვეყანას ერთ წრეზე ატრიალებს.

ეს არის დიდი პროცესი, რომელსაც სჭირდება სწორად დაგეგმვა, გააზრება და წარმართვა. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია პრეზიდენტის მზაობა, რომ ეს ინკლუზიური და გამჭვირვალე პროცესი იყოს. ეს არავითარ შემთხვევაში ჩაკეტილი პროცესი არ უნდა იყოს ან პროცესი, რომლის შესახებაც კულუარულ ინფორმაციებს იგებს ვინმე. ეს უნდა იყოს ღია პროცესი.

პრეზიდენტი არ ხედავს ამ პროცესს როგორც პირდაპირ პასუხს მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით. უფრო ფართოა ეს პროცესი, რომელიც მოიცავს იმ სისტემურ გამოწვევებთან გამკლავებას, რომლის შედეგებიც არის პოლიტიზირებული მართლმსაჯულება, სასამართლო, რომელიც ვერ ემსახურება ადამიანის უფლებებს და ასე შემდეგ. სისტემის და მისი მაცოცხლებელი პროცესების ირგვლივ უნდა გაკეთდეს ეს პროცესი. შეიძლება დღეს ცოტა ბუნდოვანი ჩანდეს ეს, მაგრამ ყველამ ძალიან კარგად ვიცით და გვაქვს განცდა, რომ ერთი და იგივე წრეზე ტრიალებს ქვეყანა. მნიშვნელოვანი იქნება მოსაზრებების შეჯერება ფაქტებთან დაკავშირებით.

ერთი რაც მნიშვნელოვანია ამ პროცესში არის ის, რომ მისი ხედვა არ არის ჩაკეტილი რაიმე კონკრეტულ ჩარჩოში. ეს შეიძლება ცოტა ბუნდოვანს ხდიდეს ამ პროცესს, მაგრამ ვფიქრობ, რომ სწორია, რადგან უნდა შეხვდეს ძალიან ბევრ ადამიანს პოლიტიკურ წრეებში და მის მიღმაც და მათი მოსაზრების შეჯერების შედეგად უნდა გამოიკვეთოს მეტი კონკრეტიკა. მესმის, რომ მეტი კონკრეტიკა გვინდა ყველას, მაგრამ მას რომ ჰქონდეს კონკრეტული ჩაკეტილი გეგმა, ეს არის ჩემი მიზნები და მოდით ყველამ ამ მიზნების განხორციელებისთვის ვიმუშაოთ, ეს არ იქნებოდა სწორი. საზოგადოებრივი პროცესია და სანამ ამ პროცესის კონტურები გამოიკვეთება, მნიშვნელოვანია საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ჯგუფებთან წინასწარი საუბრები.

ერთ-ერთი საფრთხე, რომელიც ამ პროცესს შეიძლება დაემუქროს, არის არასწორი მოლოდინების გაჩენა. არასწორი მოლოდინია ის, რომ პრეზიდენტს აქვს რაიმე ტიპის კონსტიტუციური ან სხვა არაფორმალური ბერკეტი, რომლითაც შეუძლია ოპოზიციაში ან პოზიციაში ვინმეს აზრი შეაცვლევინოს. პროცესის მცდარი მოლოდინები, რა თქმა უნდა, გამოიწვევს იმედგაცრუებას. ასეთი ბერკეტები არ აქვს და ეს არ არის მისი მიზანი. მცდარია აღქმა, რომ ეს უნდა იყოს რაღაც კონკრეტული, ვიწრო პოლიტიკურ ჯგუფებს შორის რაიმე საკითხზე სწრაფი გადამწყვეტი შეთანხმება, ამ პროცესის მიზანი არ არის ის, რომ პოლიტიკოსები მოარიგოს. საზოგადოებაში კონსენსუსი არის აღნიშნული პროცესის ძირითადი მიზანი. ეს არის პროცესი და პროცესი დაგვანახებს, რამდენად წარმატებული და ეფექტიანი იქნება ის. წინასწარ თქმა, რომ ეს პროცესი არსად წავა და ამიტომ ჩვენ არ შევეცდებით, რომ აღნიშნული პროცესიდან საზოგადოებისთვის და სახელმწიფოსთვის სასარგებლო მცდელობები გვქონდეს, მიმაჩნია, რომ იქნება შეცდომა.

პრეზიდენტმა ხაზგასმით თქვა, რომ ეს პროცესი არ დაწყებულა იმისთვის, რომ ახლა კონკრეტული სისხლის სამართლის საქმე, მათ შორის, ყოფილი პრეზიდენტის მიმართ იყოს გადაწყვეტილი.

დაგიდასტურებთ იმას, რომ ეს პროცესი არ იქნება ერთ-ორი კვირის ან ერთი-ორი თვის პროცესი. არ ვიცი რამდენხნიანი იქნება, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ შანსი მივცეთ”, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიკუპრაძე – “ოცნებამ“ ბათუმელებს და ოპოზიციას ბოიკოტი გამოუცხადა და საკრებულოს სხდომაზე არ მოვიდა
შემდეგი სტატიაბოკერია – მოვედით, რომ მოვუსმინოთ პრეზიდენტს, რამე ხომ არ არის ისეთი, რაც ჩვენ არ ვიცით ან ვერ ვხედავთ