მაშინ, როცა პრემიერი, მისი ამფსონები, ხელის ბიჭები და ხელის გოგოები გვარწმუნებენ, რომ დასავლეთი ცუდია, აშშ ჩვენს ეროვნულ იდენტობას საფრთხეს უქმნის, რაღა მაინც და მაინც აშშ-სკენ მიისწრაფვის?! – ასე ეხმიანება „ლელოს“ დეპუტატი ანა ნაცვლიშვილი გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ირაკლი ღარიბაშვილის აშშ- ში კერძო ვიზიტით, ჩარტერული რეისით იმყოფებოდა.
ნაცვლიშვილის თქმით, სწორი იქნებოდა ამაზე თავად პრემიერს ესაუბრა საჯაროდ, თუმცა, სავარაუდოდ, ის ხვდება, ეს არ არის ფაქტი, რომლითაც შეიძლება თავი მოიწონო ქვეყანაში, სადაც ადამიანებს არსებობისთვის ბრძოლა უწევთ.
„მაღალი სტანდარტი და სწორი მოქმედება იქნებოდა, თავად ესაუბრა ამის შესახებ საჯაროდ და ღიად, თუ არაფერია დასამალი, ამაზე თავად თანამდებობის პირები უნდა საუბრობდნენ ხოლმე, მაგრამ როგორც ვხედავთ, ის ხვდება, რომ ეს არ არის ფაქტი, რომლითაც შეიძლება თავი მოიწონო ქვეყანაში, სადაც ადამიანებს ყოველდღიური ლუკმა-პურისთვის უწევთ ბრძოლა. ამიტომ მალავდნენ ამ ფაქტს. ვფიქრობ, ღარიბაშვილს, პირველ რიგში, მართებს პასუხები ათასობით ქართველი სტუდენტის მიმართ, რომელიც არათუ ვერ ახერხებს აშშ-ის ყველაზე პრესტიჟულ სასწავლებელში მიიღოს განათლება, არამედ წლებია შეჩერებული აქვს სტატუსი. რაც მთავარია მნიშვნელოვანი კითხვა, რომელიც მას დავუსვი და რომელზეც პასუხი არ აქვს და იყო მხოლოდ ისტერია მას და მისი ტროლ-ბოტების მთელი ფერმის. მაშინ როცა პრემიერი, მისი ამფსონები, ხელის ბიჭები და ხელის გოგოები გვარწმუნებენ, რომ დასავლეთი ცუდია, აშშ ჩვენს ეროვნულ იდენტობას საფრთხეს უქმნის და ა.შ. რაღა მაინც და მაინც აშშ-სკენ მიისწრაფვის, რატომ მოსკოვში ან პეტერბურგში არ უშვებს შვილს, როცა მენტალურად ამბობს, რომ იქ ჯობია და კარგია?! მაშინ რატომ მიისწრაფვის დასავლური ცივილიზაციისკენ?!“ – განაცხადა ნაცვლიშვილმა.