ნაცვლიშვილი – ხელისუფლებამ უნდა აღიაროს ტყუილი და რეალურად თქვან, რას აპირებენ, რომ გატარდეს აუცილებელი დემოკრატიული რეფორმები ევროკავშირის მიმართულებით საქართველოს წინსვლისთვის

კითხვების ნაწილი არ გამომიყენებია, იმიტომ, რომ მე არ მაქვს კითხვები პრემიერთან, მას აქვს გასაცემი პასუხები საზოგადოების წინაშე იმ ტყუილებზე, რომლებსაც ავრცელებს, მათ შორის, რეკომენდაციების „შესრულებასთან“ დაკავშირებით, მათ შორის, ტყუილებზე ეკონომიკურ ზრდასთან დაკავშირებით, როდესაც ქვეყანაში 650 ათასი სოციალურად დაუცველი ადამიანია,- ამის შესახებ პარტია „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ანა ნაცვლიშვილმა პრემიერ-მინისტრის პარლამენტში გამოსვლასთან დაკავშირებით განაცხადა.

ნაცვლიშვილის თქმით, ირაკლი ღარიბაშვილის პარლამენტში გამოსვლა იყო ზიზღის ტირაჟირება, რაც აჩვენებს, რომ ის ვერ აცნობიერებს პასუხისმგებლობას ზიზღის ტირაჟირებით გამოწვეული ძალადობის გამო.

„ეს იყო ტყუილებისა და ზიზღის კასკადი და ვუთხარი კიდეც, როგორც ჩანს, ვერ აცნობიერებს პასუხისმგებლობას, რომელიც ამ ზიზღის ტირაჟირების გამო და ამით გამოწვეული ძალადობების გამო მას ეკისრება, პირველ რიგში, როგორც ადამიანს. აქ მახსენდება და არ უნდა დაგვავიწყდეს ლექსო ლაშქარავა, რომლის სიკვდილამდე ცემასაც სწორედ ღარიბაშვილმა აუნთო მწვანე შუქი რამდენიმე საათით ადრე გაკეთებული განცხადებებით და თუ ვერ აცნობიერებს ის პასუხისმგებლობას, მაშინ ვინმემ უნდა უთხრას ამის შესახებ. შიგნიდან, როგორც ჩანს, ვერ ბედავენ ან უნდათ, რომ ბოლომდე გადაიჩეხოს, ამიტომ გარედან მოუწია მას ამის მოსმენა რამდენიმე დეპუტატის მხრიდან“, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.

მისივე თქმით, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით მხოლოდ ნების გამოხატვა და საკმარისი არ არის იმ პირობებში, როდესაც ნაცვლიშვილის შეფასებით, 12 რეკომენდაციიდან მხოლოდ 3 პუნქტია შესრულებული.

„მხოლოდ ნების გამოხატვა და საუბარი საკმარისი არ არის – ის რაც ხდება თბილისის და საქართველოს სხვადასხვა ქალაქების ქუჩებში, ძალადობას ვგულისხმობ, ის რაც ხდება პარლამენტში, ძალადობას ვგულისხმობ, ძალადობის მოწონებასა და გამართლებას, ეს ფონი, რა თქმა უნდა, არის ძალიან მძიმე ფონი და სერიოზულ კითხვებს აჩენს სიტყვა და საქმე რამდენად არის ერთი. გარდა ამისა, ჩვენ ვნახეთ, რომ ევროკავშირის შუალედური შეფასება ამბობს, რომ 12-დან მხოლოდ 3 რეკომენდაციაა შესრულებული. ამაზე, რა საკვირველია, ხელისუფლებამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა იმიტომ, რომ თვეების განმავლობაში ის ატყუებდა საკუთარ მოქალაქეებს, როცა ეუბნებოდა, რომ ივნისის ბოლოს ყველა რეკომენდაცია შესრულებული იქნებოდა და ის ყველაფერს გააკეთებდა ამ რეკომენდაციების შესასრულებლად, ამიტომ ახლა, როცა ძალიან ცოტა დროა დარჩენილი, პირველ რიგში, ეს ტყუილი უნდა აღიარონ და შემდეგ უნდა თქვან რეალურად, რას აპირებენ იმისთვის, რომ ევროკავშირის მიმართულებით საქართველოს წინსვლისთვის აუცილებელი დემოკრატიული რეფორმები იყოს გატარებული“,- განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიდეკანოიძე პრემიერის პარლამენტში გამოსვლაზე – ეს იყო პოლარიზაციის რადიკალიზაციის და დესტრუქციულობის მაგალითი
შემდეგი სტატიაესპანეთის პრემიერი კიევში ჩავიდა