ნაცვლიშვილი კახა კუჭავას – გთხოვთ პირად კონტროლზე აიყვანოთ საკითხი, რომ სწრაფად გვქონდეს პასუხები ვაქცინაციის გეგმასთან დაკავშირებით

„მინდა პირადად მოგმართოთ ბატონო კახა, რომ პირად კონტროლზე აიყვანოთ ეს საკითხი, რომ იქნებ სწრაფად გვქონდეს პასუხები ვაქცინაციის გეგმასთან დაკავშირებით“,- მიმართა ფრაქცია „ლელო-პარტნიორობა საქართველოსთვის“ წევრმა ანა ნაცვლიშვილმა პარლამენტის თავმჯდომარეს პლენარულ სხდომაზე.

ანა ნაცვლიშვილმა ვაქცინაციის პროცესის შეუფერხებელი გაგრძელების მნიშვნელობაზე ისაუბრა და სახელმწიფოსგან ვაქცინაციის გეგმის თაობაზე სრულყოფილი პასუხების საჭიროებას გაუსვა ხაზი.

„დღეს, როდესაც უხილავ მტერს ვებრძვით ვირუსის სახით, მთავარი იარაღი ამ ბრძოლასთან გასამკლავებლად, სამწუხაროდ საქართველოს მოქალაქეების ხელში არ არის. ეს არის ვაქცინა, რომელიც არის კრიტიკულად მნიშნელოვანი, რომ მოქალაქეების სიცოცხლე და ჯანმრთელობა იყოს დაცული. სად არის ვაქცინა. ადამიანები, რომლებიც რეგისტრირებული იყვნენ, გამოაბრუნებს უკან და ვერ ეუბნებიან პასუხს როდის მოხდება ვაქცინირება. მხოლოდ მოქალაქეების 2 პროცენტი არის დღეის მდგომარეობით აცრილი. ეს არის წარმატებული ვაქცინაცია? ეს არის წარმატებული სახელმწიფო? ეს არის კრიზისის მენეჯმენტი?

სად არის სახელმწიფოს პასუხები? სრულყოფილი და გამჭვირვალე ინფორმაცია იმის შესახებ, როგორ აპირებთ, რა ვადებში, რომელი ვაქცინით და როდის დასრულდება ვაქცინაცია.

იმიტომ, რომ ჩვენი მოქალაქეები არ არიან ვაქცინირებული, მათ ექმნებათ უსერიოზულესი პრობლემები“,-განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

მან ასევე მიმართა პარლამენტის თავმჯდომარეს ჩაერთოს სტუდენტების ვაქცინაციის საკითხის მოგვარებაში, რომ მათ შეძლონ საზაფხულო სამუშაოებისთვის გერმანიაში წასვლა, რაც მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

banner
წინა სტატიაშიმწვავე და უტიფარი ტყუილი – ენმ მდინარაძის ბრალდებებს პასუხობს
შემდეგი სტატიავაშაძე „ქართულ ოცნებას“ – თქვენ გახდით ჩვეულებრივი მჩაგვრელები