ნაცვლიშვილი – გუშინ ხელისუფლების ერთპარტიული და ერთპიროვნული ძალაუფლების მნიშვნელოვანი შეჯანჯღარება მოხდა

ხელისუფლების ერთპარტიული და ერთპიროვნული ძალაუფლების მნიშვნელოვანი შეჯანჯღარება მოხდა გუშინ – ძალიან საჭიროა კონცენტრაცია იმაზე, რომ დიდი ცვლილებები, რომლის დასაწყისიც ნათლად ჩანს, პროდასავლურ კოალიციურ მმართველობაზე ქვეყნის გადაყვანის მიმართულებით ბოლომდე იყოს მიყვანილი, – ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერმა ანა ნაცვლიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

„ძალიან მნიშვნელოვანი შედეგი აჩვენა არჩევნებმა. ხელისუფლების ერთპარტიული და ერთპიროვნული ძალაუფლების მნიშვნელოვანი შეჯანჯღარება მოხდა გუშინ და ძალიან საჭიროა ახლა, კონცენტრაცია იმაზე, რომ დიდი ცვლილებები, რომლის დასაწყისიც ნათლად ჩანს, იყოს ბოლომდე მიყვანილი პროდასავლურ კოალიციურ მმართველობაზე ქვეყნის გადაყვანის მიმართულებით. ეს აუცილებლად იქნება მიღწეული. „ქართული ოცნების“ დამარცხება დაწყებულია ძალიან ბევრგან. მინდა გითხრათ, რომ მიუხედავად იმ ძალიან დიდი წნეხის, გაყალბების, ზეწოლის, მოსყიდვის, დაშინების, მუქარის და საარჩევნო მანიპულაციების გამოყენებისა გუშინდელ არჩევნებთან მიმართებაში, მაინც დადგა ის შედეგი, რომ „ოცნებამ“ ვერ გაიმარჯვა.

მე მინდა თქვენი ყურადღება კვლავ გავამახვილო იმ ძალიან სერიოზულ დარღვევებზე, რომელსაც ადგილი ჰქონდა და რომელსაც ამ წუთებშიც აქვს ადგილი. მინდა დავიწყო აჭარით, ბათუმში ძალიან უცნაურად შეიცვალა თანაფარდობა მიღებულ ხმებში იმ ოლქში, სადაც შეთანხმებული კანდიდატი „ლელოს“ წარმომადგენელი გენო თებიძე ლიდერობდა. მინდა მოვუწოდო კომისიებს, რომ არ ჩაიდინონ უკანონობა. ჩვენ იქ ველოდებით მეორე ტურს, ეს იქნება გარდაუვალი და დარწმუნებული ვარ გადათვლის შემთხვევაში დადასტურდება სიმართლე. ოქმების ხელით გადაწერის კასკადი არის თიანეთში და აქაც მინდა მოვუწოდო საოლქო კომისიას, რომ ნუ ჩაიდენს დანაშაულებრივ თანამონაწილეობას არჩევნების გაყალბებაში – ჩვენ ამას არ დავუშვებთ.

ასევე, მინდა შეშფოთებით გითხრათ, რომ გუშინ ფიზიკური ძალადობის გარეშე არ ჩაუვლია არჩევნებს. ჩვენი წარმომადგენელი გარდაბანში რაშიდ მუსაევი არის ნაცემი და როგორც ვიცი არის ძალიან სერიოზულად დაშავებული. ჩვენ მოვითხოვთ რეაგირებას ამ ფაქტზე. პოლიცია ეფექტურად არ რეაგირებდა, გაასაჯაროვოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ყველა სამართალდარღვევის ოქმი.

ასევე, მინდა გამოვეხმაურო უპრეცენდენტო მოქმედებას ცესკოს მხრიდან, ახლაც გრძელდება ის პროცესი, რომელიც გუშინ ღამე დაიწყეს, ხელოვნურად ფერხდებოდა ოქმების ცესკომდე მიტანა და შემდგომ უკვე ცესკო აფერხებდა მიღებული ოქმების გამოქვეყნებას, რაც ეწინააღმდეგება კანონმდებლობას და ამან კიდევ უფრო ბევრი კითხვის ნიშანი გააჩინა არჩევნების შედეგთან დაკავშირებით. ყველა დარღვევასთან დაკავშირებით ჩვენ დაწერილი გვაქვს საჩივარი. ყველა ფაქტთან დაკავშირებით ბოლომდე ვიბრძოლებთ“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიზაურ დარგალი – მარნეულში დამაჯერებლად გავიმარჯვეთ
შემდეგი სტატიაბუჩუკური – ვულოცავთ “ოცნებას” 8 თვის წინ დისკრედიტირებული “ნაცმოძრაობის” გაცოცხლებას