ნაცვლიშივილი: არჩევნების მიტაცების და ხმების მოპარვის სირცხვილს “ოცნება” ვერ ჩამოირეცხავს

რასაც ჩვენ ვხედავთ, ეს არის დამნაშავის რეაქცია, როგორ იცავს დამნაშავე ცესკო და დამნაშავე ხელისუფლება თავს, – ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა ნაცვლიშვილმა ცესკოსთან მიმდინარე აქციაზე „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.

მისი განმარტებით, აქციის მონაწილეებს ცენტრალური საარჩევნო კომისია არ აძლევს უფლებას, რომ ინდივიდუალურად შეიტანონ განცხადება და ხელახალი არჩევნების ჩატარება მოითხოვონ.

„მათ ძალიან კარგად იციან, რომ ეს არჩევნები მიიტაცეს. როგორც ყველა დამნაშავეს, ეშინიათ სიმართლის და იმ ადამიანების, ვინც მოწმეა დანაშაულების. ასე შეეშინდათ მათ, როდესაც აქ მოსული დაგვინახეს მშვიდობიანი მოქალაქეები, ქალები. მთელი ცესკოს ეზო გავსებულია ძალოვნებით.

მოვითხოვთ ახალი არჩევნების დანიშვნას. განცხადების შეტანაც კი აფრთხობთ ცესკოში, როდესაც ხედავენ ერთი იდეით და ერი მიზნით გაერთიანებულ მოქალაქეთა მცირე ჯგუფს. ამიტომ არის ერთიანობა და არშეგუება მნიშვნელოვანი. განცხადებების შეეშინდათ, რომ ცესკოში დარეგისტრირებულიყო”,-განაცხადა ნაცვლიშვილმა.

მან ასევე სამართალდამცავებს მოუწოდა, რომ კანონს ნუ დაარღვევენ და აქციის მონაწილეებს მისცენ განცხადების შეტანის საშუალება.

ცოტა ხნის წინ ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან ხმაური და დაპირისპირება იყო. ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც აქციის მონაწილეები ცესკოში განცხადების შეტანას შეეცადნენ. აქციის მონაწილეების განცხადებით, მათ ჭიშკარიც კი დაუკეტეს. მისი გაღების მცდელობას სამართალდამცავებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოჰყვა. ცესკოს შენობასთან მობილიზებულია პოლიცია.

banner
წინა სტატიაშიოკუპირებული აფხაზეთის „პარლამენტი მინისტრთა კაბინეტისა და პრემიერის“ პოსტის გაუქმებაზე მსჯელობს
შემდეგი სტატიაეკა გიგაური: ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოს ევროპული მომავლისთვის ბრძოლას როგორც სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები და როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეები