ნაციონალური მოძრაობის წევრი, ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს გამოეხმაურა. წითლიძე ამბობს, რომ ოცნების ეს ინიციატივა პირველ რიგში მისი პარტიის წინააღმდეგ არის მიმართული.
“ეს არის ის, რითიც პოლიტიკურ პარტიებს საერთოდ სუნთქვაც ეკრძალებათ და ცხადია, რომ ეს პირველ რიგში ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგაა მიმართული, რადგან 13 წელია, რუსული საოკუპაციო რეჟიმი ენმ-ის მოსპობასა და განადგურებას ცდილობს, იმიტომ, რომ ენმ 13 წლის განმავლობაში რუსული საოკუპაციო რეჟიმის წინააღმდეგ წინა ხაზზე იბრძვის.
ცხადია, რომ მათ არალეგიტიმურ პარლამენტში ამ კანონის მიღება არ გაუჭირდებათ […] ენმ-ის თითოეული წევრი ამას ველოდით. ჩვენი ბრძოლა გაგრძელდება. ნაციონალური მოძრაობა არ არის რაღაც იუსტიციის სამინისტროს ბეჭედი ან ქაღალდი – ნაციონალური მოძრაობა არის ფასეულობები და ღირებულებები”. – თქვა წითლიძემ.
ქართული ოცნების პარლამენტი იწყებს ცვლილებათა პაკეტის განხილვას, რომელიც ითვალისწინებს კონკრეტული პირებისთვის პარტიული საქმიანობის, პოლიტიკური თანამდებობის დაკავების უფლებისა და არჩევნებში მონაწილეობის აკრძალვას.
ცვლილებები შედის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონში, საარჩევნო კოდექსში, სისხლის სამართლის კოდექსსა და პოლიტიკური გაერთიანების შესახებ კანონში.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონში დაანონსებული ცვლილების მიხედვით, მოსარჩელეს შეუძლია მოითხოვოს პარტიის დაფუძნება, პარტიის წევრობა, სახელმწიფო თანამდებობის დაკავება აეკრძალოს პირს, რომელიც დაკავშირებულია პარტიასთან, რომელსაც სურს საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან ძალადობით შეცვლა, დამოუკიდებლობის ხელყოფა, ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა, ან რომელიც ეწევა ომის ან ძალადობის პროპაგანდას, აღვივებს ეროვნულ, კუთხურ, რელიგიურ ან სოციალურ შუღლს.
მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონში შესატანი ცვლილების მიხედვით, “დაუშვებელია პარტიის დამფუძნებელი, ხელმძღვანელი, წევრი იყოს პირი, რომელსაც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით აეკრძალა პოლიტიკური პარტიის დაფუძნება, პოლიტიკური პარტიის ხელმძღვანელობა, წევრობა.”
ცვლილების მიხედვით, პარტიას შეიძლება უარი ეთქვას რეგისტრაციაზე, თუ “მისი წესდება ან სარეგისტრაციოდ წარდგენილი სხვა დოკუმენტები ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის ან ამ კანონის მოთხოვნებს”. ასევე იმ შემთხვევაში, როცა პოლიტიკური პარტიის დამფუძნებელი, ხელმძღვანელი ან წევრი არის ის პირი, რომელსაც აეკრძალა პოლიტიკური პარტიის დაფუძნება, პოლიტიკური პარტიის ხელმძღვანელობა, წევრობა.
მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე განმარტებითი ბარათის თანახმად, პოლიტიკური პარტიის დაფინანსება ეკრძალება პირს, რომელსაც აეკრძალა პოლიტიკური პარტიის დაფუძნება, პოლიტიკური პარტიის წევრობა.
საქართველოს საარჩევნო კოდექსში შემავალი ცვლილებების მიხედვით, დაუშვებელია პარტიულ სიაში იმ პირის შეყვანა, რომელსაც აეკრძალა პოლიტიკური პარტიის დაფუძნება, პოლიტიკური პარტიის ხელმძღვანელობა, წევრობა.
ცვლილებების მიხედვით, ასევე “დაუშვებელია მაჟორიტარ კანდიდატად იმ პირის წარდგენა, რომელსაც აეკრძალა პოლიტიკური პარტიის დაფუძნება, პოლიტიკური პარტიის ხელმძღვანელობა, წევრობა.
დაუშვებელია თბილისის საკრებულოს წევრობის მაჟორიტარ კანდიდატად იმ პირის წარდგენა, რომელსაც აეკრძალა პოლიტიკური პარტიის დაფუძნება, პოლიტიკური პარტიის ხელმძღვანელობა, წევრობა.
დაუშვებელია მერობის კანდიდატად იმ პირის წარდგენა, რომელსაც აეკრძალა პოლიტიკური პარტიის დაფუძნება, პოლიტიკური პარტიის ხელმძღვანელობა, წევრობა.”
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში შესატანი ცვლილების თანახმად, ჯარიმა დაეკისრება იმ პოლიტიკურ პარტიას, რომელიც “არ შეასრულებს ან ხელს შეუშლის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს იმ გადაწყვეტილების შესრულებას, რომლითაც პირს აეკრძალა პოლიტიკური პარტიის დაფუძნება, პოლიტიკური პარტიის ხელმძღვანელობა, წევრობა.”
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე განმარტებით ბარათში წერია, რომ არჩევნები არის დემოკრატიის აუცილებელი მოთხოვნა და ყურადღების მიღმა ვერ დარჩება ის ფაქტი, “რომ დემოკრატიული პროცესების ბოროტად გამოყენებით, შესაძლებელია თავად დემოკრატიულ მმართველობასა და ფუნდამენტურ კონსტიტუციურ პრინციპებს შეექმნას საფრთხე.”

















