,,„ნაციონალურმა მოძრაობამ” „შტაბ-კვარტირიდან” დავალება მიიღო, მაქსიმალურად დაიხარჯოს პოპულიზმში და სიცრუეში”

თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“-ს თავმჯდომარის მოადგილემ, ვახტანგ შაქარიშვილმა საკრებულოს ოპოზიციის მიერ თბილისის 2018 წლის ბიუჯეტში შესატან ცვლილებებსა და თბილისში ტაქსებისთვის რეგულაციების დაწესებასთან დაკავშირებით გამოთქმულ კრიტიკას უპასუხა.
მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ წინასაარჩევნო რეჟიმში გადავიდა.

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ „შტაბ-კვარტირიდან“ მიიღო დავალება, რომ პოპულიზმში, სიცრუეში და დესტრუქციაში მაქსიმალურად დაიხარჯოს. პატივცემულო კოლეგები, თქვენს კანდიდატს ეს ამბავი ნამდვილად არ წაადგება, რაც არ უნდა ხერხებით იმოქმედოთ. რაც შეეხება განცხადებას, თითქოს ბიუჯეტი ტაშ-ფანდურში იხარჯება, რასაც თქვენ ტაშ-ფანდურს ეძახით, საზოგადოებაში, ქალაქურ ცხოვრებაში, ამას კულტურა ქვია, რაც სამწუხაროდ, თქვენ არ გაგაჩნიათ და მგონი ასეთი ღონისძიებებით თქვენ ამას ვერც გამოიმუშავებთ“, – მიმართ ოპოზიციას ვახტანგ შაქარიშვილმა.

მისი თქმით, თბილისის სხვადასხვა უბანში, საჯარო სივრცეებში ტარდება მრავალი კულტურული ღონისძიებები, რომლითაც ძალიან ბევრი სხვადახვა თაობის ადამიანი სარგებლობს.

ვახტანგ შაქარიშვილმა ტაქსების რეგულაციებთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ ეს არის წინგადადგმული ნაბიჯი. მისი თქმით, მმართველი გუნდის მიერ წარმოდგენილ სატრანსპორტო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა საზოგადოებრივი ტრანსპორტის პრიორიტეტიზაცია და მასზე ხელმისაწვდომობის გაზრდაა.

„გვინდა ჩვენს ქალაქში კერძო ავტომობილების გადაადგილების ინტენსივობა შევამციროთ, რათა საბოლოო ჯამში ეკოლოგიური მდგომარეობა გავაუმჯობესოთ და ქალაქი საცობებისგან განვტვირთოთ. უნდა შევქმნათ პირობები იმისთვის, რომ ქალაქში კერძო, საზოგადოებრივი ტრანსპორტით მოსარგებლეებს, ქვეითებს, ყველას ჰქონდეს უსაფრთხო, დროში ეფექტური და კომფორტული გადაადგილების საშუალება”, – აღნიშნა ვახტანგ შაქარიშვილმა.

მისი თქმით, ტაქსი ყველა განვითარებულ ქალაქში წარმოადგენს იერსახის მნიშვნელოვან ნაწილს და ეს სფერო დარეგულირებას და მოწესრიგებას საჭიროებს. დეპუტატი აღნიშნავს, რომ ეს არ მოხდება არც ერთი ადამიანის უფლებების ხარჯზე,

„ჩვენ არ ვიგონებთ ახალ ველოსიპედს, ხდება აპრობირებული, განვითარებული დედაქალაქების პრაქტიკის თბილისის რეალობაზე ადაპტირება. ჩვენი ქალაქი და თბილისის მოსახლეობა თუ სტუმრები, იმსახურებენ კომფორტულ და უსაფრთხო გადაადგილების საშუალებას, კონკრეტულად ტაქსებს, რაც ვფიქრობ წარმოდგენილი წესით გათვალისწინებული ეტაპებით უზრუნველყოფილი იქნება”, – აღნიშნა ვახტანგ შაქარიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიმაია ბითაძე – თბილისის მუნიციპალიტეტის თანამშრომლები ცხენებით ვერ ივლიან
შემდეგი სტატიათბილისის საკრებულომ ტაქსების რეგულაციის წესი დაამტკიცა