“ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2003 წლის ვარდების რევოლუციის შემდეგ შეძლო და შექმნა საჯარო მოხელეთა ის ინსტიტუტი, რომლის ჩამოშლას ივანიშვილი ახლაც ცდილობს – სანიკიძე

„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო პრესსპიკერმა, ლევან სანიკიძემ საჯარო მოხელეების მიმართ განხორციელებულ წნეხზე ისაუბრა და საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიმართვა წაიკითხა, რომელიც თავის მიმართვაში საჯარო მოხელეებს მიმართავს.

ლევან სანიკიძის განცხადებით, “უკანასკნელი რამდენიმე დღის განმავლობაში ხელისუფლების მიერ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებამ, დაშინებამ, მოსყიდვამ ზღვარგადასული ხასიათი მიიღო.“

ამ ქვეყანაში სახელმწიფო ინსტიტუტების მშენებლობის და საჯარო მოხელეების როლის გაძლიერების შესახებ ყველაზე მეტი, რა თქმა უნდა, “ერთიანობა ნაციონალურ მოძრაობას” აქვს გაკეთებული. სწორედ ამ პარტიამ 2003 წლის ვარდების რევოლუციის შემდეგ შეძლო და შექმნა საჯარო მოხელეთა ის ინსტიტუტი, რომლის ჩამოშლას ივანიშვილი ახლაც ცდილობს. ჩვენ კარგად გვესმის ის წნეხი, რომელსაც ჩვენი ძვირფასი საჯარო მოხელეები განიცდიან. ადამიანები, რომლებიც ყველაზე სწრაფად ამჩნევენ იმ ღალატის შედეგებს, რასაც ივანიშვილი ქართველი ხალხის და ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ აკეთებს.

სწორედ ამ საკითხთან დაკავშირებით მინდა წაგიკითხოთ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიმართვა საჯარო მოხელეებს“,- განაცხადა ლევან სანიკიძემ

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიმართვა:

მოგმართავთ როგორც სახელმწიფო ინსტიტუტების შემქმნელი და ქართველი საჯარო მოხელეების ქომაგი. ივანიშვილი, რომელიც ანგრევს სახელმწიფოს გაშინებთ თქვენ, რომ ოპოზიციის მოსვლის შემთხვევაში თქვენ გემუქრებათ რეპრესიები და სამსახურის დაკარგვა, ოლიგარქი როგორც ყოველთვის იტყუება.

ახალი ხელისუფლების პირობებში არანაირი გამიზნული დათხოვნები არ იქნება, უფრო მეტიც თქვენი ხელფასი მკვეთრად მოიმატებს და თქვენი სამსახური ბევრად უფრო პრესტიჟული გახდება, ეს ეხება პოლიციელებს, სამინისტროების და ადგილობრივი თვითმმართველობების, აიპ/სიპ-ის მუშაკებს, პედაგოგებს.

ერთადერთი პირობა იქნება, რომ არ წახვიდეთ თქვენი ხალხის წინააღმდეგ, არ შეასრულოთ არჩევნების მოპარვაზე გათვლილი ბრძანებები და პოლიციელების შემთხვევაში არ დაღვაროთ სისხლი და არ შეასრულოთ ძალადობრივი, უკანონო ბრძანებები მიუხედავად იმისა, რომ უკვე სამ წელიწადზე მეტია, რუსეთის უკანონო ტყვე ვარ საქართველოში, მეც კი არ გავბოროტებულვარ და პირიქით თანაგრძნობაც კი გამაჩნია იმ ადამიანების მიმართ, ვისაც უხდებოდა მთელი ეს დრო ჩემს მიმართ არაადამიანური, უკანონო ბრძანებების შესრულება.

26 ოქტომბრის შემდეგ ყველამ მომავალში უნდა გავიხედოთ და შევწყვიტოთ წარსულის ქექვა და ამ გადასვლაში თითოეული საჯარო მოხელის მონაწილეობა გადამწყვეტია!“, – წერს მიხეილ სააკაშვილის თავის მიმართვაში

banner
წინა სტატიაშიდიდ დიღომში მრავალფუნქციური ცენტრი გაიხსნა
შემდეგი სტატიადეკლარაცია მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, ჩაატარონ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები – სევდია უგრეხელიძის გამოსვლა ევროსაბჭოზე