„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები საელჩოების წარმომადგენლებს შეხვდნენ

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები საელჩოების წარმომადგენლებს შეხვდნენ. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თინა ბოკუჩავამ ჟურნალისტებს განუცხადა, შეხვედრაზე მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ისაუბრეს.

მისივე თქმით, დღევანდელ ვითარებაში ერთადერთი გონივრული გამოსავალი ჰუმანიტარული მიზნებით სააკაშვილის ქვეყნიდან გაყვანა იქნება.

„სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის ძალიან მძიმე. მისი ჯანმრთელობა მკვეთრად გაუარესებულია და ამას ადასტურებს სახალხო დამცველის სამედიცინო ჯგუფი, რომელმაც გუშინ გამოაქვეყნა დასკვნა. შესაბამისად, დარწმუნებული ვარ, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, მიუხედავად მათი პოლიტიკური კუთვნილებისა, ძალიან კარგად ესმის, რას გამოიწვევს ჩვენი ქვეყნისთვის პრეზიდენტის ციხეში გარდაცვალება და ის, რომ შეუქცევადი შედეგები შეიძლება, დადგეს. ამაზე ღიად საუბრობენ სახალხო დამცველთან არსებული სამედიცინო ჯგუფი. ასევე, ეს რისკები გადასარევად ესმით ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს. მათთან კიდევ ერთხელ განვიხილეთ ის გონივრული შეთავაზება, რომელიც არაერთხელ გავაჟღერეთ და რომელზეც ღიად საუბრობენ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები. მაგალითად, ლიეტუვის პარლამენტის განცხადება. იგივე განცხადებები იყო პოლონეთის უმაღლესი სახელმწიფო წარმომადგენლების მხრიდან. ერთადერთი გონივრული გამოსავალი იქნება ჰუმანიტარული მიზნებით სააკაშვილის ქვეყნიდან გაყვანა. ახლა, როდესაც უნდა ვიყენებდეთ იმ მომენტუმს, შესაძლებლობის ფანჯარას, რომელიც გაჩნდა საქართველოსთვისაც უკრაინის დაჩქარებული ევროინტეგრაციის გამო და ჩვენ, როგორც ყველაზე დიდი ოპოზიციური პოლიტიკური პარტია, მზად ვართ, ყველაფერი გავაკეთოთ, მაგრამ ეს შეუძლებელი ხდება, როდესაც სააკაშვილის მიზანმიმართულ მკვლელობას ხედავს მთელი ქვეყანა. დღევანდელ შეხვედრაზე იყვნენ მეგობარი სახელმწიფოების ელჩები და წარმომადგენლები. როგორც საქართველოს მოქალაქეებს, ასევე საქართველოს მეგობრებს ესმით ეს მომენტუმი და შესაძლებლობის ფანჯარა უნდა გამოიყენოს საქართველომ დეპოლარიზაციისა და წინსვლისთვის ევროპული დღის წესრიგის განხორციელების მიზნით“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

banner
წინა სტატიაშიჯერი კონოლი – საქართველომ აჩვენა თავისი თავდადება დასავლეთის ალიანსთან უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობისადმი
შემდეგი სტატიაპარლამენტში პირველი მოსმენით მიღებულ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებზე მსჯელობენ