„ნაციონალური მოძრაობის“ პროვოკაცია თუ “ოცნების” ძალადობა-რა ბრალდებებს უყენებს ოპოზიცია და ,,პოზიცია” ერთმანეთს

„ნაციონალური მოძრაობა“ ხულოს მაჟორიტარ დეპუტატს „ქართული ოცნებიდან“ ანზორ ბოლქვაძეს ძალადობაში ადანაშაულებს და საქმის გამოძიებას ითხოვს.

ოპოზიციური პარტიის აქტივისტმა, ხათუნა ბერიძემ სოციალურ ქსელში გაავრცელა ვიდეო, რომელშიც ჩანს, როგორ მოითხოვს მისგან დეპუტატი დატოვოს სასტუმრო „ხულო“, რომელშიც ბერიძე იყო დაბინავებული.

დეპუტატი ეუბნება, რომ სასტუმრო მისი საკუთრებაა და ქალბატონისგან მოითხოვს დატოვოს ტერიტორია, თანხას კი უკან დაუბრუნებს.

„გარდა ქალის მიმართ უკანონო მოქცევისა, ადგილი ჰქონდა პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციას. მივმართავთ საქართველოს პარლამენტს, პრემიერ-მინისტრს, შინაგან საქმეთა მინისტრს, მოახდინონ შესაბამისი რეაგირება, დაიწყოს გამოძიება ადამიანის უფლებების შეზღუდვისა და ძალადობის მუხლით. აღმოჩნდა, რომ საჯარო რეესტრის მიხედვით, სასტუმრო დეპუტატს არ ეკუთვნის და არც ქონებრივ დეკლარაციაში აქვს მითითებული“, – განაცხადა დღეს ბრიფინგზე უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა, ასმათ დიასამიძემ.

„ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტი, რომელმაც მომხდარის შესახებ ვიდეო გაავრცელა, ამბობს, რომ დეპუტატმა და მისმა თანმხლებმა პირებმა უხეში ფორმით მოსთხოვეს სასტუმროს დატოვება.

„მქონდა ინვოისი, რომ გადახდილი მქონდა სასტუმროში ფული, ეს ინვოისი ტურისტული კომპანიის სახელზე გამოვწერე, რადგან მაქვს ტურისტული კომპანია და მინდოდა, ხარჯებში მეჩვენებინა. მე ვარ გადამხდელი, უხეში ფორმით მთხოვდნენ სასტუმროს დატოვებას, სიტუაცია ფიზიკურ დაპირისპირებაშიც გადაიზარდა, რის შესახებაც ვაცნობე სამართალდამცველებს. მე არ დამიტოვებია სასტუმრო, შენობა მხოლოდ დღეს დავტოვე“, – ამბობს ხათუნა ბერიძე.

დეპუტატი ანზორ ბოლქვაძე კი ამტკიცებს, რომ სასტუმროში ხათუნა ბერიძე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ პროვოკაციის მიზნით შეგზავნა, მისი გაღიზიანება კი იმ ფაქტმა გამოიწვია, რომ ხათუნა ბერიძე სასტუმროში შევიდა როგორც ტურისტული ფორმისა და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი, რეალურად კი პარტიის აქტივისტს სხვა მისია ჰქონდა.

„ეს ქალბატონი შევიდა სასტუმროში როგორც არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი, იღებდა ყველაფერს, რაც ჩვენი პარტიის წარმომადგენლებს უკავშირდებოდა. სასტუმროში ის პროვოკაციის მიზნით დაბინავდა. ამ ხალხმა სოციალურ ქსელში ვიდეოებიც გაავრცელა, იპოვეს კაცი, რომელსაც დაალევინეს არაყი, აგინებინეს და უხამსი სიტყვები გამოაყენებინეს ჩემი და ჩემი ოჯახის მიმართ, კიდევ გეგმავდნენ ალბათ რამეს“, – ამბობს ანზორ ბოლქვაძე.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ჯელალ ქიქავა ადასტურებს, რომ ვიდეო, რომელშიც მოქალაქემ უხამსად მოიხსენია დეპუტატი, რამდენიმე დღის წინ მან გადაიღო და გაავრცელა ბერიძე, სხვა პირები კი ამაში საერთოდ არ მონაწილეობდნენ.

„მე გადავიღე და გავავრცელე ეს ვიდეო, არანაირი არაყი არ დაულევია, გულწრფელად თქვა, რასაც ფიქრობდა მოქალაქე“, – განაცხადა ჯელალ ქიქავამ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით სასტუმრო „ხულოში“ მომხდართან დაკავშირებით საქმე სს კოდექსის 150-ე იძულების მუხლით დაიწყო და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

ავტორი – მერაბ წულუკიძე

banner
წინა სტატიაში12 მაისი ღვთისმშობლის წილხვდომილობის დღედ გამოცხადდა
შემდეგი სტატია,,სამადაშვილმა მინიმუმ ორი თვით დაიგვიანა”-თალაკვაძის აზრით, სამადაშვილი პოლიტიკურ პროცესებს ჩამორჩება