„ნაციონალური მოძრაობის“ ახალი თავმჯდომარის ვინაობა დღეს გახდება ცნობილი

region
ავტ.: region დეკემბერი 25, 2020 10:32

„ნაციონალური მოძრაობის“ ახალი თავმჯდომარის ვინაობა დღეს გახდება ცნობილი

„ნაციონალური მოძრაობის“ ახალი თავმჯდომარის ვინაობა დღეს გახდება ცნობილი. პარტიის გადაწყვეტილებით, თავმჯდომარის არჩევა რამდენიმე დღის განმავლობაში ელექტრონული კენჭისყრით მიმდინარეობს, რომელში მონაწილეობაც ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია.

პარტიის თავმჯდომარედ წარდგენილია ორი კანდიდატი – ლევან ვარშალომიძე და ნიკა მელია. მოქალაქეები არჩევანს სწორედ ამ ორ კანდიდატს შორის აკეთებენ.

ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიის თავმჯდომარის თანამდებობაზე, ელექტრონულ კენჭისყრაში მონაწილეთა უმეტესობა ნიკა მელიას დანიშვნას უჭერს მხარს.

კენჭისყრა 21 დეკემბერს დაიწყო და დღეს, 21.00 საათამდე გაგრძელდება. გამარჯვებულის გამოვლენის შემდეგ კი პარტიის თავმჯდომარეს უახლოეს მომავალში გამართულ ყრილობაზე დაამტკიცებენ.

ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის თანამდებობას 2017 წლიდან გრიგოლ ვაშაძე იკავებდა, თუმცა მან 15 დეკემბერს პარტია დატოვა. როგორც მან “ფეისბუქის” გვერდზე დაწერა, არ ეთანხმება პარტიის ხელმძღვანელობის უმრავლესობის მიერ პარტიის წევრებთან კონსულტაციების გარეშე არჩეულ ტაქტიკას. ვაშაძის თქმით, ის ასევე ვერ შეეგუება იმას, რომ პარტიის გარშემო და მის შიგნითაც გამოჩნდნენ ოდიოზური ფიგურები. გრიგოლ ვაშაძე ასევე აღშფოთებას გამოთქვამს სტრატეგიული მოკავშირეების დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელთა წინააღმდეგ “გაჩაღებული თავდასხმებისა და შეურაცხყოფის კამპანიის” გამო.

region
ავტ.: region დეკემბერი 25, 2020 10:32