„ნაციონალური მოძრაობის“ 9-წლიანი მმართველობის შესახებ გოგა ხაინდრავას ფილმის პრემიერა 6 სექტემბერს გაიმართება

რეჟისორ გოგა ხაინდრავას კინოპროექტის “9+1” სატელევიზიო პრემიერა 6 სექტემბერს გაიმართება. როგორც ხაინდრავამ გაზეთ „კვირის პალიტრას“ განუცხადა, იქამდე, 27-28 აგვისტოს მედიისა და კინემატოგრაფის წარმომადგენლებს შეეძლებათ იხილონ “ნაციონალური მოძრაობის” მმართველობის 9-წლიან პერიოდზე რამდენიმე სერიად გადაღებული ფილმი.

რეჟისორის განმარტებით, ფილმში არც ერთი პირის პირდაპირი იდენტიფიცირება არ ხდება.
”დავპირდი საზოგადოებას, რომ სააკაშვილის ხელისუფლებას ნიურნბერგის პროცესს მოვუწყობდი და მოვუწყვე კიდეც იმ ხერხითა და საშუალებით, რაც ხელმეწიფებოდა. მე არა ვარ იურისტი, ეს კინოპროცესია, სადაც განიხილება ის დანაშაულები, რომლებიც ჩადენილი აქვს გარკვეულ ხელისუფლებას გარკვეულ ქვეყანაში. ცნობილ გვარ-სახელებს აქ ვერ გაიგონებთ, თუმცა გასაგები იქნება, ვინ ვინ არის”, – განაცხადა ხაინდრავამ.
მისივე თქმით, ფილმში მოხვდა ისეთი გახმაურებული საქმეები, როგორიცაა თეთრაძისა და შავაძის, გირგვლიანის მკვლელობა, ირემაძის საქმე…
”ფილმში მაქსიმალურად ზედმიწევნით აღვადგინეთ გლდანის ციხე, რომელიც პატიმრებისთვის ყველაზე დიდი განსაცდელი იყო. იქნება ისეთი საქმეებიც, რომლის შესახებაც ცოტა რამ გვსმენია. არჩევანის გაკეთება ძალიან რთული იყო, რადგან საშინელი ტრაგიზმის და უბედურების არაერთი საქმე გვქონდა. ფილმში მოხვდა ის დანაშაულები, როდესაც ერთ კონკრეტულ ადამიანს დაუპირისპირდა მთელი სახელმწიფო მანქანა – დაწყებული პრეზიდენტით და დასრულებული რიგითი ბადრაგით. ჩვენ ვაჩვენებთ მაყურებელს იმ სამზარეულოს, თუ როგორ წყდებოდა ე.წ. ღამის მთავრობაში ადამიანების ბედი, ვაჩვენებთ კულუარებს, ბნელ მხარეს, ჯოჯოხეთს, სადაც ეს ავადმყოფური იდეები იბადებოდა და მერე ხორცს ისხამდა”, – აღნიშნა ხაინდრავამ.

კითხვაზე, ვინ განასახიერებს იმ პერსონაჟს, რომელიც სააკაშვილის პროტოტიპი იქნება, რეჟისორმა ეს ყველაფერი ”ფილმის ინტრიგად“ დატოვა.
”მომეცით უფლება, ეს ფილმის ინტრიგად დარჩეს. ერთს გეტყვით – ის უნიჭიერესი ახალგაზრდა მსახიობია, თუმცა ჩვენში დიდად არ არის ცნობილი. წარმოადგენს ერთ მეტად პროფესიონალურ პატარა თეატრს. გამაოცა, ისეთი საოცარი სახე შექმნა. თეთრაძის როლს ასრულებს სოხუმის თეატრის მსახიობი მერაბ ბრეკაშვილი, ერთ-ერთი მოსამართლე მარინა ჯანაშიამ გააცოცხლა, სანდრო გირგვლიანის დედას ირინა ენუქიძეს მაია ზედგენიძე განასახიერებს. მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი ბექა გოდერძიშვილი ასევე მოსამართლეს თამაშობს, მიმაჩნია, რომ ბექამ ძალიან ძლიერი პერსონაჟი შექმნა. ფილმში მთავარ როლშია ზურა ინგოროყვა, ძველ გვარდიას წარმოადგენს ამირან ბუაძე… ასევე მონაწილოებს დარეჯან ხარშილაძე”, – განაცხადა ხაინდრავამ.

სატელევიზიო პრემიერა 6 სექტემბერს ტელეკომპანია “იმედისა” და GDS-ის ეთერში გაიმართება.

banner
წინა სტატიაშიშსს-მ პარიზის ინტერპოლის მიერ ძებნილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავა
შემდეგი სტატიამოსკოვში უკრაინის საელჩოს თავს დაესხნენ