“ნაციონალური მოძრაობა” ტურისტების მიმართ გახშირებულ კრიმინალს აკრიტიკებს

“ნაციონალური მოძრაობის” ქუთაისის ორგანიზაციაში საქართველოში შემოსული უცხოელი ტურისტების მიმართ გახშირებული კრიმინალური შემთხვევები გააპროტესტეს.

პარტიის წევრი, ოთარ კახიძე ბოლო რამდენიმე თვის სტატისტიკას ტურისტების გაუჩინარებისა და მკვლელობის შესახებ შემაშფოთებელს უწოდებს.

“სვანეთში გაუჩინარდა ყაზახი ტურისტი, სამეგრელო–ზემო სვანეთში კი გერმანელი ტურისტი, ასევე კახეთში გარდაცვლილი იპოვეს უცხოელი. ასეთი არაერთი ფაქტი დაფიქსირდა ბოლო ორ თვეში. საქართველო 2012 წლამდე ევროპაში უსაფრთხო ქვეყანა იყო, სადაც შეიძლებოდა თავისუფლად გადაადგილება, მათ შორის ღამის საათებშიც,”– განაცხადა ოთარ კახიძემ.

მისივე თქმით, ტურისტების მიმართ გახშირებული კრიმინალური ფაქტები ქვეყნის იმიჯისათვის შემლახავია და მის გამოსწორებას წლები დასჭირდება.

“ნაციონალურ მოძრაობაში” სამართალდამცავ ორგანოებს მსგავსი შემთხვევების კონტროლზე აყვანისკენ მოუწოდებენ.

“უნიათო მმართველობის პირობებში, მიუხედავად ცალკეული პოლიციელების პროფესიონალიზმისა, მენეჯმენტი არ ხორციელდება, ასევე უკონტროლოდ მოხდა ორგანიზებული დანაშაულის წარმომადგენელთა გათავისუფლება ამნისტიის გზით, რის გამოც ხელისუფლება კონტროლს კარგავს,” – აღნიშნა ოთარ კახიძემ.

პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლის განცხადებით, საქართველოს უსაფრთო ქვეყნის იმიჯს საპარლამენტო არჩევნების გზით დაუბრუნებენ.

banner
წინა სტატიაშივიქტორ დოლიძე ნინო ბურჯანაძის ინიციატივას არასერიოზულად მიიჩნევს
შემდეგი სტატიაPrimeTimeNews – ზე შეტევა განხორციელდა – საიტი წაშლილია