„ნაციონალური მოძრაობა“ შეეჩვია, რომ საქართველოში გამარჯვების შანსი არ აქვს, თუ ჰგონიათ, რომ უცხოეთში მყოფი თანამემამულეები განსხვავებულად ფიქრობენ, ცდებიან – სუბარი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, სოზარ სუბარის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ შეეჩვია, რომ გამარჯვების შანსი არ აქვს. სოზარ სუბარი გამოეხმაურა მელიას განცხადებას, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად მუშაობს, რათა საქართველოში მოლდოვის არჩევნების მოდელი დაინერგოს.

სოზარ სუბარის თქმით, ცდებიან თუ ჰგონიათ, რომ უცხოეთში მყოფი თანამემამულეები განსხვავებულად ფიქრობენ.

„ძალიან კარგია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ შეეჩვია და გაისიგრძეგანა, რომ საქართველოში გამარჯვების შანსი არ აქვს. ძალიან ცდებიან, თუ ჰგონიათ, რომ უცხოეთში მყოფი ჩვენი თანამემამულეები განსხვავებულად ფიქრობენ. ყველამ დაინახა მათი მოღალატური სახე. სადაც არ უნდა იყოს, საქართველოს ყველა მოქალაქემ იცის, რომ საქართველოში ომის დაშვება არ შეიძლება. ადამიანის წამება ვერ მობრუნდება, ქონების წართმევა არ შეიძლება და ზოგადად, „ნაციონალური მოძრაობის“ მობრუნება შეუძლებელია. ამიტომაც, არანაირი შანსი მის ამ ოცნებებს არ აქვს. საინტერესოა, ვინ არიან ორგანიზაციები, თუ ასეთები არსებობენ, ვისთან ერთადაც მუშაობენ. მორიგი ბაკურიანის სემინარი რომ იყო, სადაც გადატრიალებებს, რევოლუციებს გეგმავდნენ, მსგავსი რამის იმედი თუ აქვთ, ტყუილად ოცნებობენ ამაზე. სააკაშვილი რომ დამნაშავეა, დადასტურებულია სასამართლოს მიერ. ამაში ვინმეს ეჭვი რომ ეპარებოდეს, რომელიმე პოლიტიკოსს, მართლა გაკეთდებოდა აქამდე ხმამაღალი განცხადებები. ერთი-ორი ცალკეული ანგაჟირებული პოლიტიკოსის გარდა, მსგავსი განცხადება არავის გაუკეთებია. სააკაშვილის საქმეებში მართლა რომ არსებობდეს რაიმე საფუძველი პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზე, მაშინ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ამ საქმეს პრიორიტეტს მიანიჭებდა, განხილვა დაწყებული იქნებოდა და შეიძლება, დამთავრებულიც ყოფილიყო, მაგრამ საერთოდ არც კი დაწყებულა განხილვა. ხოლო ის საქმე, რაშიც განხილვა დაიწყო და ეხებოდა სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე შესაძლო დარღვევებს, შესაძლო მკურნალობის მეთოდებზე, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ შეწყვიტა განხილვა. ჩათვალეს, რომ საქართველო აკეთებს ყველაფერს მაქსიმალურად სწორად და კარგად. არანაირ ზეწოლაზე ლაპარაკი ამ მიმართულებით არც საქართველოზე, არც სანქციებზე არ არსებობს და ვერც იქნება“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

წინა სტატიაშიუკრაინაში რუსეთის ომის ფონზე ევროკავშირი კონსტრუქციული ეკონომიკური პლატფორმიდან აგრესიულ და მებრძოლ მოთამაშედ გადაიქცა – ლავროვი
შემდეგი სტატიაკულებამ სანქციების მეექვსე პაკეტში ენერგორესურსებზე ემბარგოსთან დაკავშირებით მიმდინარე დებატებს „ევროკავშირის დრამა“ უწოდა