“ნაციონალური მოძრაობა” საპროტესტო რეჟიმზე გადადის

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თბილისის მერობის კანდიდატის ზალიკო უდუმაშვილის თქმით, ენმ საპროტესტო რეჟიმზე გადადის, იმისთვის რომ არ მოხდეს თბილისის ტერიტორიების ბიძინა ივანიშვილზე გაჩუქება. აღნიშნული განცხადება უდუმაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა, რომელიც დღეს თბილისის მერიასთან მომხდარ მოვლენებთან დაკავშირებით გაიმართა.

„დღეს მთელმა საზოგადოებამ თავისი თვალით ნახა , თუ რას პასუხობს ქართული ოცნება თბილისელებს. ჩვენი მოთხოვნა ისევ მოთხოვნად რჩება, თბილისის მერიამ უარი თქვას პუშკინის სკვერისა და ბოტანიკური ბაღის მიმდებარე ტერიტორიების გასხვისებაზე და გაჩუქებაზე. ამაზე პასუხი იყო დარბევა და ფიზიკური ანგარიშსორება. ჩვენი 6 თანამებრძოლი იქნა დაკავებული , მათგან ორი კი საავადმყოფოში გადაიყვანეს, რადგან მათ დაკავების შემდეგ ფიზიკურად გაუსწორდნენ. შსს ურცხვად ავრცელებს განცხადებას, რომ ჩვენ მერიაში შევარდნას ვცდილობდით, ეს რომ გვდომებოდა აუცილებლად გავაკეთებდით, ჩვენი მოთხოვნა იყო 4 ადამიანის თბილისის მერთან შეხვედრა. ესეც კი არ იკადრეს, ამისიც შეეშინდათ და დაგვიპირისპირეს ასობით პოლიციელი. ეს საკითხი გაცილებით მაღლა დგას ვიდრე ნებისმიერი პოლიტიკა და არჩევანი , ეს ეხება ჩვენ თბილისს და არავის არ მივცემთ უფლებას, რომ ერთ ლარად იყიდოს ჩვენი დედაქალქი, ენმ გადადის საპროტესტო რეჟიმზე, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ გამოვიყენებთ ყველა კანონიერ მეთოდს, რომ აგადაწყვეტილების აღსრულება არ მოხდეს. ჩვენ ვერ დავიცდით 21 ოქტომბრამდე და ყოველდღიურად ვიბრძოლებთ იმისთვის, რომ თბილისმა დიაბრუნოს თავისი ტერიტორიები და არ მოხდეს მისი გაჩუქება ივანიშვილზე“- განაცხადა უდუმაშვილმა.

banner
წინა სტატიაში2018 წლის ბიუჯეტში პენსიის ზრდა გათვალისწინებული არ არის
შემდეგი სტატიაქობულეთსა და მიმდებარე სოფლებში წყალდიდობა