“ნაციონალური მოძრაობა” პარლამენტში ანტიკორუფციული კომიტეტის შექმნის ინიციატივით გამოდის

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” პარლამენტში ანტიკორუფციული კომიტეტის შექმნის ინიციატივით გამოდის. “ნაციონალურმა მოძრაობამ” შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივა უკვე მოამზადა და დღეს სასტუმრო “თბილისი მარიოტში” არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს გააცნო. როგორც “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ირმა ნადირაშვილმა განაცხადა, ანტიკორუფციული კომიტეტის მთავარი ფუნქცია უნდა იყოს მთავრობის მუშაობაზე ზედამხედველობა.

“ეს არის ბევრი ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს გამოცდილება. ასევე კომიტეტები არსებობენ და ისინი ახორციელებენ პარლამენტის ერთ-ერთ მთავარ ფუნქციას, ეს არის მთავრობის მუშაობაზე ზედამხედველობა. იმიტომ, რომ ჩვენი დღევანდელი უმრავლესობა და მთავრობა არ დაფრთხეს, ჩვენ ვთავაზობთ რომ ახლა მივიღოთ, მაგრამ ეს კანონი ამოქმედდეს 2016 წლის არჩევნების შემდეგ”, – განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.

მისივე თქმით, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მიიჩნევს, რომ ამ კომიტეტში უპირატესობა უნდა მიენიჭოს ოპოზიციის არსებობას, ანუ კვოტები ოპოზიციისთვის უნდა იყოს უფრო ფართო. მისივე თქმით, მსგავსი მიმართულებით არასამთავრობო სექტორიც მუშაობს.

“ჩვენ დღეს მოვისმენთ არასამთავრობო სექტორის შენიშვნებს და გავიზიარებთ. როგორც კი პროცედურები მოგვარდება, რაც კანონპროექტის ინიცირებას სჭირდება, ჩვენ ამ პროექტს სესიაზე გავიტანთ”, – განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.

მისივე თქმით, აღნიშნული კომიტეტის არსებობა კარგია ქვეყნის სწორი განვითარებისთვის.

“არჩევნების შემდეგ ყველა კარგად იცით “ნაციონალური მოძრაობის” გეგმა, რომ უმრავლესობაში იქნება “ნაციონალური მოძრაობა”, ამიტომ ახლა კი არ ვთავაზობთ ამ კანონის ამოქმედებას, არამედ მას შემდეგ რაც “ქართული ოცნება” არ იქნება უმრავლესობაში და შეიძლება მათ გამოადგეთ ასეთი ტიპის კომიტეტის არსებობა. ანტიკორუფციული კომიტეტის არსებობა კარგი იქნებოდა ქვეყნის სწორი განვითარებისთვის”, – განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიგიორგი მარგველაშვილი: ჩვენი ინტენსიური პარტნიორობა შექმნის უფრო უკეთეს მომავალს
შემდეგი სტატიაარსებული ინფორმაციით, სკოლის მასწავლებელთა 83%-მა პროფესიული გამოცდის მინიმალური ზღვარი ვერ გადალახა