„ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომას არ დაესწრება

„ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომას არ დაესწრება, – ამის შესახებ სალომე სამადაშვილმა პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, რადგან პარლამენტში პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის გამოსვლა გადაიდო, რომელსაც პირველი ყოველწლიური ანგარიში უნდა წარედგინა, „ნაციონალური მოძრაობის“ საპარლამენტო ფრაქცია დღევანდელ სხდომას არ დაესწრება. როგორც სამადაშვილმა აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობა“ მომავალი კვირიდან მუშაობას დაიწყებს ე.წ. გავრილოვის სიაზე, სადაც იმ ადამიანების ჩამონათვალი იქნება, რომლებიც ქვეყანაში საფრთხეს უქმნიან საქართველოს დემოკრატიას.

„ნაციონალური მოძრაობის“ საპარლამენტო ფრაქციის წევრებს რა თქმა უნდა, ძალიან გვიმძიმდა დღევანდელ სხდომაზე მოსვლა, მაგრამ რადგანაც არა ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, არამედ ბიძინა ივანიშვილის პირადი შიკრიკი მოდიოდა პარლამენტში, ჩვენ მოვედით, რათა მისთვის გადაგვეცა ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი. თქვენ ნახეთ, აშშ-ის საელჩოს განცხადება, რომელიც მოუწოდებს პოლიტიკურ შესაბამის მხარეებს სიტუაციის დეესკალაციისაკენ და დიალოგისკენ. ნახეთ განცხადება სახალხო დამცველის, რომელმაც ღიად განაცხადა, რომ ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკური დევნის დაწყება ნიკა მელიას მიმართულებით იყო ძალიან მძიმე შეცდომა, რომელიც დაძაბავს ქვეყანაში პოლიტიკურ ვითარებას. გვსურდა, რომ ეს გზავნილი გაგვეჟღერებინა პარლამენტის დარბაზში ქვეყნის ნომინალური პრემიერ-მინისტრის გასაგონად, რადგანაც, თუნდაც ნომინალურმა პრემიერ-მინისტრმა ვერ გაბედა პარლამენტში მოსვლა, რაც მიუთითებს იმაზე, რა ღრმა კრიზისშია შესული ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი, ჩვენ რა თქმა უნდა, დღევანდელ სხდომას არ დავესწრებით. მომავალი კვირიდან დავიწყებთ მუშაობას როგორც პარლამენტში, ისე საერთაშორისო თანამეგობრობასთან, რათა შედგეს ე.წ. გავრილოვის სია იმ ხალხის ჩამონათვალით, რომელიც დღეს ქვეყანაში საფრთხეს უქმნის საქართველოს დემოკრატიას, რომელიც ფაქტობრივად, გზას უხსნის ქვეყნის შემდგომ ოკუპაციას რუსეთის მხრიდან და მოითხოვს ამ ადამიანების წინააღმდეგ შესაბამისი ზომების გატარებას. ყველა დეტალს გაცნობებთ მაშინ, როდესაც დავიწყებთ ამ კონკრეტულ სიაზე მუშაობას“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიოპოზიცია დესტრუქციულია, ახლა სამთავრობო გეგმაზე საუბარი არაადეკვატურიც კი იქნება – მამუკა მდინარაძე
შემდეგი სტატიასაზოგადოებამ იხილა დამალული პრემიერ-მინისტრი – დავით ბაქრაძე