„ნაციონალური მოძრაობა“ მიხეილ სააკაშვილის უცხოეთში სამკურნალოდ გადაყვანას მოითხოვს და აჭარაში საპროტესტო აქციებს აანონსებს

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” აჭარის ორგანიზაციის განცხადებით, საგანგებო რეჟიმში გადადიან და ფართომასშტაბიან აქციებს იწყებენ. აღნიშნულის შესახებ პარტიის წევრებმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.

როგორც “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა განმარტეს, მათი მთავარი მოთხოვნაა, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უცხოეთში სამკურნალოდ გადაიყვანონ.

მათი თქმით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმებულია, რაც არაერთი სამედიცინო დასკვნით დასტურდება. “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრების თქმით, აქციები 6 მაისიდან გაიმართება.

“უკრაინაში მიმდინარე მოვლენების ფონზე კარგად გამოჩნდა, რომ ხელისუფლება რუსეთისადმი მაამებლურ გადაწყვეტილებებს იღებს, რაც კითხვის ნიშნებს აჩენს როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისო საზოგადოებაში. ამ ფონზე, პოლიტიკური ანგარიშსწორებისა და რუსეთის საამებლად ხელისუფლება იყენებს წამებისა და არაადამიანური მოპყრობის უკიდურეს ფორმებს მიხეილ სააკშვილის მიმართ.

საერთაშორისო საზოგადოება მესამე პრეზიდენტის პატიმრობას აფასებს, როგორც პოლიტიკურ დევნასა და ანგარიშსწორებას. აღნიშნულის შესახებ არაერთი განცხადება გაკეთდა არასამთავრობო სექტორის, საქართველოს და უკრაინის სახალხო დამცველების, ევროპარლამენტარების მხრიდან, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ცალკე თავია გამოყოფილი მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკურ დევნასთან, წამებასა და არაადამიანურ მოპყრობასთან დაკავშირებით.

ექსპერტები და სპეციალისტები ღიად აცხადებენ, რომ მესამე პრეზიდენტს ესაჭიროება დაუყოვნებლივ უცხოეთში, სპეციალიზირებულ სამკურნალო დაწესებულებაში მკურნალობა, რაზეც ხელისუფლება არ რეაგირებს, უფრო მეტიც აკრძალეს მასთან ექიმების შეშვება, საკვების მიწოდება.

ზემოაღნიშნული ფაქტები აჩენს ეჭვებს, რომ ხელისუფლება ჩვენს თვალწინ ცდილობს მესამე პრეზიდენტის სიცოცხლის მოსპობას, წამებითა და არაადამიანური მოპყრობით და ამას აკეთებენ პუტინის საამებლად. ასე სჯის ხელისუფლება მიხეილ სააკაშვილს იმისათვის, რომ კრიმინალური და კორუმპირებული ქვეყანა გადააქცია წარმატებული რეფორმების ქვეყნად და 2008 წელს მან არ ჩააბარა ქვეყანა რუსეთს.მოვითხოვთ:

1. მიხეილ სააკაშვილის დაუყოვნებლივ, ექსპერტების მიერ რეკომენდირებულ, სპეციალიზირებულ სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანას უცხოეთში;

2. შეწყდეს მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური დევნა, წამება და არაადამიანური მოპყრობა;მანამდე სანამ აღნიშნული მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება ჩვენ საგანგებო რეჟიმში მოგვიწევს მუშაობა:

1. ვიწყებთ მშვიდობიან საპროტესტო აქციებს, რომელიც ყოველდღიურად წარიმართება სხვადასხვა ფორმით. პირველი აქცია გაიმართება 2022 წლის 6 მაისს 7 საათზე, რუსთაველის ქუჩაზე, ბათუმის უნივერსიტეტთან.მოვუწოდებთ ჩვენს მოქალაქეებს, საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციებს შემოგვიერთდნენ, რათა ჩვენი სიჩუმით არ გავხდეთ ხელისუფლების მიერ დაგეგმილი, მესამე პრეზიდენტის მკვლელობის თანამონაწილე”,- განაცხადა ელგუჯა ბაგრატიონმა

banner
წინა სტატიაშიზურაბიშვილი – საქართველო ფინანსურ სანქციებს არამხოლოდ ემორჩილება, არამედ ზედმეტად ემორჩილება
შემდეგი სტატიასტეფანჩუკი მადლობას უხდის იმ ქვეყნების პარლამენტების სპიკერებს, მათ შორის საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, რომლებიც უკრაინას მხარდაჭერის გამოსახატად ეწვივნენ