“ნაციონალური მოძრაობა” ხელისუფლებას პენსიების 50-ლარიან ზრდისკენ მოუწოდებს

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ხელისუფლებას მოუწოდებს, შეწყვიტოს ბიუროკრატიის ზრდის, მისი პრემიებითა და დანამატებით გამოკვების მავნე პრაქტიკა და თანხა 2016 წლის 1 იანვრიდან პენსიების 50-ლარიან ზრდაზე მიმართოს”, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა, ლევან თარხნიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილმა და მისმა მთავრობამ არათუ წინსაარჩევნო დაპირებები ვერ შეასრულა, ეკონომიკა წინ ვერ წაიყვანა და დაპირებული სამუშაო ადგილები ვერ შექმნა, არამედ 2012 წლისთვის მიღწეული ეკონომიკური მდგომარეობის შენარჩუნებაც ვერ შეძლო.
“მიზეზი ივანიშვილის მთავრობის მავნებლური პოლიტიკა და “ქართული ოცნების” მაღალჩინოსანთა სიხარბეა. სახელმწიფო ბიუროკრატია, რომელიც მთავრობის წევრთა ნათესავებისა და “ქართული ოცნების” აქტივისტების ხარჯზე უზომოდ გაიზარდა, 2012 წელთან შედარებით, 456 მლნ ლარით მეტი გვიჯდება. [თუ 2012 წელს ბიუროკრატიამ 1,202 მლრდ ლარი აიღო, 2016 წელს ეს რიცხვი 1,658 მლრდ ლარი იქნება]. როგორც ვხედავთ, 2016 წლის ბიუჯეტის პროექტში საკმარისი რეზერვია საიმისოდ, რომ პენსია 50 ლარით გაიზარდოს. “გაზრდილი ბიუროკრატიის შემცირება, პრემიებისა და დანამატების პრაქტიკის მოსპობა, ქამრების რეალური შემოჭერა”, – ესაა ჩვენი პასუხი “ქართული ოცნების” კითხვაზე, როგორ გავზარდოთ პენსია 50 ლარით”, – განაცხადა თარხნიშვილმა და საქართველოს 10 რაიონის მონაცემები წარადგინა, თუ როგორ არის გაზრდილი ადგილობრივ მუნიციპალიტეტებში მთავრობის წევრთა ნათესავებისა და “ქართული ოცნების” აქტივისტების რაოდენობა.
თარხნიშვილის მტკიცებით, ეს რაიონებია: ბაღდათის მუნიციპალიტეტი, ბორჯომის მუნიციპალიტეტი, ზესტაფონის მუნიციპალიტეტი, თერჯოლის მუნიციპალიტეტი, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი, საჩხერის მუნიციპალიტეტი, ქობულეთის მუნიციპალიტეტი, წალენჯიხის მუნიციპალიტეტი, წყალტუბოს მუნიციპალიტეტი, ჭიათურის მუნიციპალიტეტი.
“ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” თითოეულ ამ რაიონში შეადარა მუნიციპალური საწარმოებისა და აიპ-ების შტატიანი და უშტატო თანამშრომლების რაოდენობა და მათ ანაზღაურებაზე დახარჯული თანხა 2012 წლისა და დღევანდელი მონაცემებით. სურათი კატასტროფულია: შესწავლილ 10 მუნიციპალიტეტში ააიპების რაოდენობა 98 ერთეულიდან გაიზარდა 119 ერთეულამდე; ააიპებში დასაქმებულ თანამშრომელთა რაოდენობა 5,298 ერთეულიდან გაიზარდა 6,426 ერთეულამდე;) ხოლო შრომის ანაზღაურება (ხელფასები და პრემიები) 13,827,895 -დან 22,511,678 ლარამდე. დღეს წარმოდგენილი მუნიციპალიტეტების ნახევარი და შეგვიძლია წარმოვიდგინოთ მთავრობის წევრთა ნათესავებისა და “ქართული ოცნების” აქტივისტების ხარჯზე ჩინოვნიკთა ზრდის მასშტაბი მთელს ქვეყანაში. “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” მოუწოდებს ხელისუფლებას, შეწყვიტოს ბოუროკრატიისა ზრდისა და მისი პრემიებითა და დანამატებით გამოკვების მავნე პრაქტიკა და თანხა 2016 წლის 1 იანვრიდან პენსიების 50-ლარიან ზრდაზე მიმართოს”, – აღნიშნა თარხნიშვილმა.
პარტიის წევრმა დღესვე იმ 29 მუნიციპალიტეტის ჩამონათვალი გაავრცელა, რომლითაც ჯამურ დინამიკაში იხელმძღვანელეს: კერძოდ, ახალქალაქი, ლაგოდეხი, გურჯაანი, ლანჩხუთი, ჩოხატაური, მარტვილი, ონი, თიღვი, დმანისი, ქარელი, მესტია, დუშეთი, ვანი, სამტრედია, ჩხოროწყუ, ცაგერი, ხარაგაული, ხელვაჩაური, ხულო, ბაღდათი, ბორჯომი, ზესტაფონი, თერჯოლა, ნინოწმინდა, საჩხერე, ქობულთი, წალენჯიხა, წყალტუბო და ჭიათურა.
დეპუტატის განცხადებით, საერთო ჯამში 2012 წელს 29 მუნიციპალიტეტში
258 ააიპი იყო, დასაქმებულთა რაოდენობა 11 068 ადამიანი, ხოლო შრომის ანაზღაურება – 28 240 294 ლარს შეადგენდა;
რაც შეეხება 2015 წელს, აღნიშნული მაჩვენებლები ასე გამოიყურება: 2015 წელი – ააიპების რაოდენობა – 328; დასაქმებულთა რაოდენობა – 14,767 და შრომის ანაზღაურება – 50 545 880 ლარი.

banner
წინა სტატიაშიოკუპირებულმა აფხაზეთმა რუსეთთან დადებული ხელშეკრულების რატიფიცირება მოახდინა
შემდეგი სტატიაილია მეორე: წმინდა ნიკოლოზი იმდენად მოწყალეა, რომ არაქრისტინებსაც სწყალობს